ბრძანება N 17175
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17175
31 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2025 წლის 14 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 60) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 96818/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივლისის N EL289931, N EL289932 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და N EL11112/568 (N 006-568) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ახორციელებს ცოცხალი ლოკოკინების ექსპორტს ----- რესპუბლიკაში. შეგროვილი ლოკოკინები საწყობდება, იტვირთება და იგზავნება ექსპორტზე. შემსყიდველი კომპანია, თავად უზრუნველყოფს პროდუქციის ტრანსპორტირებას. აგზავნიან პლასტმასის ცარიელ, მეორად ყუთებს, რომლებიც განთავსებულია ხის პალეტებზე. ყუთები იტვირთება ლოკოკინებით და იგზავნება უკან -----. ტარა ექცევა იმპორტის რეჟიმში, თუმცა კომპანიის მხრიდან არ ხდება მათი შესყიდვა.
2025 წლის 6 ივნისს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ----- მძღოლი, იმპორტისას, არ გამოცხადდა ----- გამშვებ პუნქტში და შეცდომით გაემართა პირდაპირ პროდუქციის ადგისამყოფელზე. მძღოლმა უგულებელყო გაფრთხილება სავარაუდოდ ენის ბარიერისა და გამოცდილების არქონის გამო. თვითნებურად გახსნა სატვირთო ავტომობილი, რის შემდეგაც მოხდა დატვირთვა ცოცხალი ლოკოკინებით. აღნიშნული ავტომობილი მოხვდა “წითელ დერეფანში”.
ლოკოკინები ცოცხალი ორგანიზმებია, რომელთა გადაზიდვა საჭიროებს დროულ და კონტროლირებად პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იღუპებიან. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ექსპორტის პროცესი არ შეჩერებულიყო.
მომჩივნის განმარტებით, მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა და ადგილი ჰქონდა გაუთვითცნობიერებლობასა და მძღოლის მიერ დაშვებულ დარღვევას.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების გაუქმებას სრულად ან ნაწილობრივ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 10 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით, N ----- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა შპს „-----“ (ს/ნ -----) კუთვნილი, N -----/C----- (06.06.2025) საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შეირჩა „წითელი დერეფანი“ და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გეზ „-----“.
შპს „-----“ 2025 წლის 11 ივლისის N -----/21-10-18 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ N -----/C----- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა, რამდენიმე დღის შემდეგ კი საქონლის ექსპორტზე გატანა.
ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 11 ივლისს შედგენილ იქნა N EL289931 და N EL289932 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1747.89 ლარის ოდენობით სსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო 5 000 ლარის ოდენობით სსკ-ის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
ამასთან ერთად, 2025 წლის 11 ივლისს გამოიცა N EL11112/568 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი 1747.89 ლარის (დღგ – 1095.89 ლარი; იმპორტის გადასახადი – 652 ლარი) ოდენობით, ასევე საურავი – 19.22 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები იმპერატიულად ადგენს:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს;
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის თანახმად, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლით კი დადგენილია, რომ თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებული არ არის საბაჟო დეკლარაციის წარდგენასთან, საბაჟო ორგანო ვალდებულ პირს უგზავნის საგადასახადო მოთხოვნას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განადგურება. მომჩივნის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე.
ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია, ხოლო ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების გაუქმებას სრულად ან ნაწილობრივ.
ფაქტობრივი გარემოებები:
სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა მომჩივანის კუთვნილი საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი. საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა, რამდენიმე დღის შემდეგ კი საქონლის ექსპორტზე გატანა. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია, ხოლო ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 166(3); მუხლი 172; მუხლი 49; მუხლი 64;.