გადაწყვეტილება №18932/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.03.2023
№ დოკუმენტი 18932/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18932/2/2023

17.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ს 21.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18932/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმა-საურავი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ნოემბრის №007-317 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 თებერვლის №1715 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 37 037 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 22 435

ჯარიმა - 8 375 საურავი - 6 227

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №28963 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალებით დგინდება, რომ -------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ძირითად თანხებთან ერთად იღებდა საპროცენტო სარგებელს. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ სესხის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 182 770 აშშ დოლარი, საიდანაც შემოსავალმა სარგებლის სახით შეადგინა 102 390 ლარი, მათ შორის: 2019 წელს - 32 448 ლარი, 2020 წელს - 13 394 ლარი, 2021 წელს - 37 904 ლარი, 2022 წლის მდგომარეობით - 18 644 ლარი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ სხვადასხვა პირებზე გასესხებული თანხებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებული იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში, ხოლო 2022 წელს პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დეკლარირებას 2023 წლის 1 აპრილამდე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ნოემბრის №29428 ბრძანება და №007-317 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 37 037 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 9 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 2 თებერვლის №1715 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 79-ე, მე-80, 81- ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 72-ე, 155-ე და 43-ე მუხლებზე.

როგორც საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალებით, ---------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე იღებდა საპროცენტო სარგებელს. შემოწმებით პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებული იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 24 ნოემბრის №29428 ბრძანებით ---------ს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 16 750 ლარის ოდენობით. ამავე ბრძანების მეორე პუნქტის მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 16 750 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 9 169 ლარით. 2022 წლის 24 ნოემბრის №29428 ბრძანების საფუძველზე გამოცემულ №007-317 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საშემოსავლო გადასახადის თანხა 22 435 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ საშემოსავლო გადასახადის 16 750 ლართან ერთად, საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია მიმდინარე გადასახდელების თანხები (გადახდის ვადები: 15.05.2022; 15.07.2022; 15.09.2022).

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ჩატარებული საგადასახადო შემოწმება არ არის სწორი და ჩატარებულია კანონის დარღვევით, ვინაიდან გამოცემულ აქტში არ არის მითითებული არანაირი საფუძველი გარდა საგამოძიებო დეპარტამენტის წერილისა. არ არის დასაბუთება და არ არის ჩამონათვალი თუ რის მიხედვით დადგინდა გადასახადი. მხოლოდ რიცხვები წერია და არსად არ არის მათი დასაბუთება, რის საფუძველზეა დათვლილი, რა ჩარიცხვები და რა დარღვევები იქნა აღმოჩენილი მომჩივნისთვის ყოვლად გაუგებარია.

აღნიშნული პირდაპირ ზღუდავს გადასახადის გადამხდელის უფლებებსა და ინტერესებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი (განსაკუთრებით შემოწმების აქტი) არ უნდა იყოს ბუნდოვანი და მხარისთვის გაუგებარი. მასში დეტალურად უნდა იყოს ჩამოთვლილი ყველა სავარაუდო დარღვევის ფაქტი. აგრეთვე, დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და ჩამოთვლილი ყველა მის ანგარიშზე არსებული ჩარიცხვა, რომელიც მიჩნეულ იქნა შემოსავლად და შესაბამისად დასაბეგრ თანხად. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ არის სახეზე, რაც ყოველგვარ სამართლიანობის ნორმებს სცდება.

საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახდელია ძირითადი თანხა 16 749 ლარი და ჯარიმა - 8 375 ლარი, ხოლო მის საფუძველზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებულია, რომ გადასახდელია ძირითადი თანხა 16 750 ლარი და ჯარიმა - 8 375 ლარი. მათ საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაში კი მითითებულია, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელია საშემოსავლო გადასახადი 22 435 ლარი, ჯარიმა - 8 375 ლარი და საურავი - 6 227 ლარი.

შესაბამისად, გაუგებარია რა საფუძვლით არის განსხვავება გადასახადის ძირითად ოდენობებს შორის. როგორ უნდა გაიგოს პირმა კონკრეტულად რამდენი აქვს გადასახდელი, თუ მისთვის გადაცემულ სამივე ერთმანეთის საფუძველზე გამოცემულ აქტში მითითებული იქნება განსხვავებული თანხის ოდენობა. აღნიშნული ეწინააღმდეგება ყოველგვარ ლოგიკას და სამართლიანობის ნორმებს.

აგრეთვე, დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ოდენობები არის შეუსაბამო. შესაბამისად, მას შემდეგ რაც განხილული იქნება სესხის ძირი თანხის ოდენობა, დაზუსტდება და დაგინდება კონკრეტულად საიდან არის დათვლილი და გამოანგარიშებული მისი ოდენობა, უნდა შეიცვალოს, შემცირდეს ჯარიმა და მოიხსნას საურავი, ვინაიდან მისი დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საგადასახადო კოდექსის 61-ე და 267-ე მუხლები მკაცრად განსაზღვრავენ დარიცხვისთვის საჭირო სამართლებრივ წანამძღვრებს, რომელთა კუმულაციური ერთობლიობის გარეშე დაუშვებელია გადასახადის გადამხდელს მოეთხოვოს და შესაბამისად დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით თანხის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და საფუძვლიანად არ შეუსწავლია არსებული დოკუმენტაცია. ნათლად ჩანს დაშვებული შეცდომები გამოთვლასა და დარიცხვებში. ყოველგვარ ლოგიკას სცდება შემოწმების აქტსა, მის საფუძველზე გამოცემულ ბრძანებას და მათ საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული იყოს განსხვავებული ძირითადი თანხის ოდენობები. აგრეთვე, ცალსახაა, რომ დაკისრებული ჯარიმა და საურავი უსამართლოა და უნდა იქნეს შემცირებული და გაუქმებული.

ამასთან, არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. კერძოდ, მომჩივანმა 2023 წლის 24 იანვარს გადაიხადა აღნიშნული დავალიანების ძირითადი თანხა - 22 435 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ახლა ითხოვს მხოლოდ საურავისა და ჯარიმის ოდენობების შემცირებას, ვინაიდან ძირითადი თანხა 22 435 ლარია, ხოლო ჯარიმა - 8 375 ლარი და საურავი - 6 227 ლარი, რაც მთლიანობაში მეტია ვიდრე ძირითადი თანხის ნახევარი. შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული ჯარიმა და საურავი არის შეუსაბამოდ მაღალი და სახეზეა ყველა საფუძველი იმისთვის, რომ შემცირდეს.

მომჩივნის მატერიალური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, მან ძლივს მოახერხა და გადაიხადა ძირითადი თანხა. კიდევ დაახლოებით 15 000 ლარის გადახდა მისთვის არის შეუძლებელი და ვეღარ შეძლებს არსებობას.

ამასთან, მომჩივანი მოიქცა კეთილსინდისიერად და გადაიხადა დარიცხული გადასახადის ძირითადი თანხა (მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გასაჩივრებული იყო). აღნიშნული მეტყველებს მის დიდ სურვილზე, რომ მორიგდეს და შეთანხმდეს შემოსავლების სამსახურთან და რაც შეიძლება შეამციროს შემოსავლების სამსახურმა დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ოდენობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები ჯარიმისა და საურავის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დამატებით გამოუვლინდა საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, მან დეკლარაციაში შეამცირა გადასახადის თანხა, რისთვისაც საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, დადგენილ ვადაში საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო მომჩივანს დაეკისრა სანქცია საურავის სახით. გადასახადის გ

ადამხდელი აღნიშნავს, რომ მოიქცა კეთილსინდისიერად და გადაიხადა ძირითადი თანხა - 22 435 ლარი. შესაბამისად, ითხოვს შეუმცირდეს დაკისრებული ჯარიმა და საურავი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.