გადაწყვეტილება №19346/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19346/2/2023
11.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------იას“ 6.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19346/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №021-133 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მარტის №6363 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 805 495 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 035 033
დღგ - 431 174
საშემოსავლო გადასახადი - 603 859
ჯარიმა - 517 370
საურავი - 253 092
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა მობილური ტელეფონებით და კომპიუტერის აქსესუარებით, რომლის შეძენას ძირითადად ახორციელებს იმპორტის გზით ჩინეთიდან, ხოლო რეალიზაციას - ქ. -------------, სავაჭრო ცენტრებში არსებულ სტენდებზე და მაღაზიებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №19107 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იყო არასრულყოფილი. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი 2019 წელს შეადგენდა 77.34%-ს, 2020 წელს- 193%-ს, 2021 წელს - 113%-ს, ხოლო 2022 წელს - 114%-ს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებული იყო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 16 დეკემბერს საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, ფასების ფიქსაციის მიზნით.
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არასრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი ჩაითვალა არასაიმედოდ და გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და შემოწმებამ გამოიყენა ოქმებში წარდგენილი ფასი/ფასნამატები შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის 2019 წლის შემოსავალი გაიზარდა 306 081 ლარით, 2020 წელს - 90 518 ლარით, 2021 წელს - 1 171 836 ლარით, ხოლო 2022 წელს - 849 118 ლარით. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები.
მიღებული ფულადი შემოსავალი ჩაითვალა, რომ მიღებული ჰქონდა საწარმოს დირექტორს და დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით ხელფასის სახით განაცემად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32617 ბრძანება და №021-133 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 805 495 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 30 მარტის №6363 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, წინა პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მარტის №6363 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ საწარმო 2021 წლის სექტემბრის თვემდე არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, საბუღალტრო მონაცემებში, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა ხორციელდებოდა მხოლოდ თანხობრივ და არა რაოდენობრივ და სახეობრივ ჭრილში. 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელი 4-ჯერ იყო დაჯარიმებული საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტზე. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად, გადამხდელის მიერ შემმოწმებლის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი 2021 წლის ნოემბრიდან ნაწარმოები საცალო გაყიდვების პროგრამა არასრულყოფილია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ ერთი ფასნამატით შემოსვლების დადგენა მთელ შესამოწმებელ პერიოდზე არამართლზომიერია. განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ ფასნამატი სავარაუდოდ დადგინდა 7 პროდუქტზე (რომლის შესყიდვაც განხორციელდა 2022 წლის 16 დეკემბერს), ასევე მე-8 პროდუქტად მიჩნეულ იქნა დანარჩენი, მაშინ როცა ბუღალტრულად კომპანიას აღრიცხული ჰქონდა 100-ზე მეტი დასახელების საქონელი, რომლებიც ჩამოიწერებოდა ერთიანი თვითღირებულებით, თუმცა გააჩნდათ სხვადასხვა სახეობა (მოდელი, შეფუთვა) და იყიდებოდა განსხვავებული ფასით. აცხადებს, რომ მაგალითად, 2019 წელს სარეალიზაციო საქონლის იმპორტი განხორციელდა მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს, ხოლო მანამდე საქონლის შესყიდვა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე (2019 წელს რეალიზებული საქონლის 70%-ზე მეტი ადგილობრივი შესყიდვა იყო) და მათზე ერთიდაიმავე ფასნამატის გამოყენება არამართებულია. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული რიგი გარემოებები, კერძოდ: საცალოდ საქონლის რეალიზაცია ხდებოდა არა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით, არამედ საბანკო ტერმინალების გათვალისწინებით. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული ინტერნეტით რეალიზებული საქონლის არსებობა და მარკეტინგული აქტივობებიც. აღნიშნავს, რომ საქონლის რეალიზაცია ძირითადად ხდებოდა ფასდათმობით და მთავარი ფაქტორი იყო სოციალურ ქსელში სარეკლამო კამპანიები. განმარტავს, რომ ძალზე ხშირი იყო ფასდაკლება ბრონებსა და ქეისებზე, რომლებსაც დროთა განმავლობაში წებოვნება უქვეითდებოდათ და საჭირო იყო მათი უმცირესი ფასნამატით რეალიზაცია. მაგ.: ნოემბრის თვეში არსებულ აქციაზე 2 დღეში გაიყიდა 350 ცალზე მეტი მხოლოდ 1,5 ლარად. ასევე, ყურადღებას ამახვილებს ერთგულ მომხმარებლებზე (რომლებიც განსაკუთრებით 2019 და 2020 წლებში იყვნენ გადამხდელის ერთ-ერთი მთავარი ფილიალის გარშემო განთავსებული საცალო მოვაჭრეები, რომელთა რაოდენობა 100-ს აღემატებოდა), რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ საქონელს განსაკუთრებული ფასდათმობით და იმავე წუთში ყიდიდნენ მათ მიერ მოძიებულ კლიენტებზე, ხოლო აღნიშნული ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა გადამხდელის საცალო ობიექტზე გაცხადებული ფასისგან. მიუთითებს, რომ ფასდათმობით შეეძლო ესარგებლა პირს, რომელიც გააზიარებდა სარეკლამო გვერდს, გამოიწერდა და იყიდიდა 2 ან მეტ ნივთს. ასევე, განმარტავს, რომ დამცავი ბრონების (20-35 ლარის ღირებულების) შემთხვევაში, თუ მყიდველს დაუზიანდებოდა ბრონი მას შესაძლებლობა ჰქონდა 2 თვის განმავლობაში შეეძინა ეს პროდუქტი 2 ლარად განმეორებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული იქნა ორი საკითხი, რომლისაგან ერთი ფაქტიურად დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე სავარაუდოდ არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, პირველი საკითხი, რომელიც იყო გასაჩივრებული, არის შემმოწმებლის მიერ გადამხდელის აღრიცხვიანობის შეფასება და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ხოლო მეორე - შემმოწმებლის მიერ არასწორად იქნა ფასნამატი დადგენილი, რადგან არ იქნა მრავალი ფაქტორი გათვალისწინებული. ფაქტობრივად შემოსავლების სამსახური დაეთანხმა მომჩივნის არგუმენტაციას და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის დაზუსტება და დარიცხვის შემცირება. სხვა საკითხში საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, გამოდის, რომ შემმოწმებლის მიერ გადამხდელის აღრიცხვიანობის შეფასება და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება კანონიერად იქნა დადგენილი, თუმცა ამ საკითხზე დავის განმხილველ ორგანოს არც ნამსჯელი აქვს და შესაბამისად არც გადაწყვეტილების ნაწილში აქვს საუბარი.
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ „გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არასრულყოფილია“, თუმცა არ მიუთითებს ეს რას გულისხმობს, ხოლო შემოსავლების სამსახურს აღნიშნულზე საერთოდ არ უმსჯელია, არც მომჩივნის არგუმენტაცია მოუყვანია გადაწყვეტილებაში. უბრალოდ ჩათვალა მსჯელობით ნაწილში, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მართლზომიერია. არანაირი მტკიცება ან არგუმენტაცია რატომ ითვლება რომ გადამხდელს არ გააჩნია სრულყოფილი აღრიცხვის სისტემა არ გაჟღერებულა, მიუხედავ იმისა რომ მტკიცების ტვირთი ამ ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა. შესაბამისად, აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, რადგან საზოგადოება აღრიცხავს სამეურნეო ოპერაციებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (-----------) და ასევე სხვადასხვა რეესტრები, საქონლის რეალიზაციის მონაცემის ელექტრონული ცხრილები. ასევე, 2021 წლის 1 სექტემბრიდან დაქირავებული ჰყავს ბუღალტრული აღრიცხვისთვის შესაბამისი კომპანია, რომელიც ახორცილებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ასევე, 2021 წლის 1 სექტემბრიდან საქონლის რეალიზაცია აღრიცხულია დეტალურად (ფიქსირდება თითოეული საქონლის რეალიზაციის მონაცემები, საქონლის დასახელება, რაოდენობა და გაყიდვის ფასი), რომლის მონაცემები მიწოდებული იქნა შემმოწმებლისთვის, ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან საზოგადოება იყენებს საცალო გაყიდვების პროგრამას (-----------), რომელიც აფიქსირებს თითოეულ ტრანზაქციას ელექტრონული ფორმით და შესაძლებელია მისი დღესაც ხილვა (ამ პროგრამიდან ამოღებული ინფორმაცია ე.წ ექსელის ფაილით თვეების მიხედვით მიწოდებული იქნა შემმოწმებლისთვის). ასევე, ამ კომპანიის მიერ მოხდა 2019-2021 წლის პერიოდის სრული რევიზია საგადასახადო ვალდებულების სწორი განსაზღვრის მიზნით და მოხდა ძველ პერიოდში შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებების წარდგენა. ასევე, საზოგადოებას წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგება (რომელზეც ასევე არ დამდგარა არანაირი ხარვეზი) და შემოწმების პერიოდში რაიმე ხარვეზზეც მინიშნება შემმოწმებლის მიერ არ გამოთქმულა - ასე რომ შემოწმების მიერ გამოთქმული „არასრულყოფილების“ განსაზღვრა დაუსაბუთებელია და შესაბამისად უკანონოა. შემმოწმებლის მეირ არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული შემოსავლების სამსახურისთვის, თითქოს „საწარმო 2021 წლის სექტემბრის თვემდე არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, საბუღალტრო მონაცემებში, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა ხორციელდებოდა მხოლოდ თანხობრივად და არა რაოდენობრივად და სახეობის ჭრილში“ - რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან 2018 წლიდან საქონლის ჩამოწერა საანგარიშო პერიოდების მიხედვით ხდებოდა სახეობების მიხედვით, რაოდენობრივად, თვითღირებულებით რეალიზაციის მონაცემების შესაბამისად (სადაც განსაზღვრული იყო თითოეული საქონლის დასახელება, რაოდენობა და რეალიზებული ღირებულება), რისი შესაბამისი ცხრილები მიწოდებული იქნა შემმოწმებლისთვის, ხოლო 2021 წლის 1 სექტემბრიდან საქონლის რეალიზაცია მოცემული არის უკვე თითოეული ტრანზაქციის ჭრილში, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი. იმის საილუსტრაციოდ, რომ გადამხდელს გააჩნია საქონლის რეალიზაციის დეტალური მონაცემები, საჩივარს თან ერთვის შესაბამისი ცხრილები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლის მიერ გადამხდელის საქმიანობის შეფასება როგორც არასაკმარისი, ასევე მის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვის გამოყენება უკანონოა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
მავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბრის თვემდე გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი 4-ჯერ იყო დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 1 სექტემბრიდან საქონლის რეალიზაცია აღრიცხულია დეტალურად, ფიქსირდება თითოეული საქონლის რეალიზაციის მონაცემები, საქონლის დასახელება, რაოდენობა და გაყიდვის ფასი, ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან კომპანია იყენებს საცალო გაყიდვების პროგრამას, რომელიც აფიქსირებს თითოეულ ტრანზაქციას ელექტრონული ფორმით. ამასთან, შემმოწმებლის მიერ არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული შემოსავლების სამსახურისთვის, თითქოს საწარმო 2021 წლის სექტემბრის თვემდე არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან 2018 წლიდან საქონლის ჩამოწერა საანგარიშო პერიოდების მიხედვით ხდებოდა სახეობების მიხედვით, რაოდენობრივად, თვითღირებულებით რეალიზაციის მონაცემების შესაბამისად, სადაც განსაზღვრული იყო თითოეული საქონლის დასახელება, რაოდენობა და რეალიზებული ღირებულება.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე საილუსტრაციოდ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და ცხრილები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ 2021 წლის სექტემბრიდან გადასახადის გადამხდელს მოწესრიგებული აქვს ბუღალტრული აღრიცხვა.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად შესწავლილი/გამოკვლეული სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები. კერძოდ, დამატებით შესწავლას/შეფასებას საჭიროებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მარტის №6363 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბრის თვემდე გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი 4-ჯერ იყო დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად შესწავლილი/გამოკვლეული სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები.აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);73(5);161(1);159(1ა);163(1);164(1);
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.