გაცემულ სესხზე დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა N 2617
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გაცემულ სესხზე დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა N 2617
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X"-მა 2017 წლის მაისის თვეში ფიზიკურ პირზე გასცა სესხი 100 000 ლარის ოდენობით. საწარმომ მაისის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციით დაბეგრა გაცემული სესხი და დაირიცხა მოგების გადასახადი 17 647 ლარის ოდენობით (100 000/0.85*15%=17 647), მაგრამ გადასახადის გადახდა ბიუჯეტში არ მოუხდენია.
· 2017 წლის აგვისტოს თვეში ფიზიკურმა პირმა დააბრუნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი 40 000 ლარი, ხოლო დეკემბრის თვეში მეორე ნაწილი - 60 000 ლარი. საწარმომ აგვისტოსა და დეკემბრის თვეებში გაცემული სესხის დაბრუნებული ძირითადი თანხების პროპორციულად მოახდინა მოგების გადასახადის ჩათვლა აგვისტოს თვეში 7 058 ლარი (40 000/0.85*15%=7 058) და დეკემბერში 10 588 ლარი (60 000/0.85*15%=10 588).
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
· იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილ დეკლარაციით გაცემულ სესხზე დარიცხულია მოგების გადასახადი, პირი უფლებამოსილია, სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს დარიცხული მოგების გადასახადის თანხა.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვე ვა არ იკვეთება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული ღონისძიებები არ ეხება გადასახადის გადამხდელისათვის საურავის დაკისრების საკითხს