ბრძანება N 20234

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.08.2023
№ დოკუმენტი 20234
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20234

16 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 20 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „------------“ (ს/ნ -----------) №82454/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14281 ბრძანებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6873 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მისი კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებში გადამხდელის სალაროში არსებული თანხა შემოწმების მიერ კვალიფიცირებული იქნა როგორც დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხი, რაზეც დაერიცხა მოგების გადასახადი. შესამოწმებელი პერიოდის მერე აღნიშნული თანხები კომპანიის მიერ გაცემული იყო დამფუძნებელზე დივიდენდის სახით და შესაბამისად დაბეგრილიც ჰქონდა 2022 წლის მარტის თვეში. ვინაიდან კანონმდებლობა იძლევა მოგების გადასახადის შემცირების საშუალებას, გადამხდელმა შესაბამის პერიოდზე (2022 წლის მარტი) წარადგინა დაზუსტებული დეკლარაცია და მოითხოვა მისი ასახვა პირადი აღრიცხვის ბარათზე, რაზეც მომსახურების დეპარტამენტმა უთხრა უარი საგადასახადო შეთანხმების არსებობის გამო.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შეთანხმება რომელიც მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბრის №1987 განკარგულებით და რომლის მიხედვითაც კომპანიამ დაფარა საგადასახადო დავალიანება ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ აქტით დარიცხულ თანხებს და სრულად არ მოიცავდა მიმდინარე პერიოდის ვალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დაზუსტებული დეკლარაციის ბარათზე ასახვას და კუთვნილი გადასახადის შემცირებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის 21 ივნისს შპს ”----------” (ს/ნ ----------) მიერ საგადასახადო ორგანოში ელექტრონული ფორმით წარმოდგენილ იქნა 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური (პაკეტი -----------) დაზუსტებული დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება მცირდება. 15.04.2022 წელს წარმოდგენილი 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური (პაკეტი -----------) დეკლარაციით დასარიცხი თანხა შეადგენს 274 922,59 ლარს, ხოლო 21.06.2023 წელს წარმოდგენილი დაზუსტებული დეკლარაციით (პაკეტი ------------) 23 533,59 ლარს. ამასთან, შპს “-----------” (ს/ნ ----------) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება (№---------- წ.) 2022 წლის 28 ივლისის მდგომარეობით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებულ დავალიანებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14281 ბრძანების შესაბამისად, შპს “----------” (ს/ნ ----------) მიერ 2023 წლის 21 ივნისს წარმოდგენილი 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაცია (პაკეტი ----------) არ იქნა ასახული გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება №14281 2023 წლის 21 ივნისს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ფოსტით, რომლის ჩაბარებაც არ დასტურდება. ხოლო 2023 წლის 7 ივლისის №21-11/55036 წერილით გადამხდელს ეცნობა აღნიშნული ბრძანებით დეკლარაციის ასახვაზე უარის შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია შესაბამის საგადასახადო პერიოდზე დეკლარაციით დარიცხული თანხის შემცირება შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დაზუსტებული დეკლარაციის ბარათზე ასახვას და კუთვნილი გადასახადის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6873 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებში გადამხდელის სალაროში არსებული თანხა შემოწმების მიერ კვალიფიცირებული იქნა როგორც დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხი, რაზეც დაერიცხა მოგების გადასახადი. შესამოწმებელი პერიოდის მერე აღნიშნული თანხები კომპანიის მიერ გაცემული იყო დამფუძნებელზე დივიდენდის სახით და შესაბამისად დაბეგრილიც ჰქონდა 2022 წლის მარტის თვეში. შემცირების საშუალებას, გადამხდელმა შესაბამის პერიოდზე (2022 წლის მარტი) წარადგინა დაზუსტებული დეკლარაცია და მოითხოვა მისი ასახვა პირადი აღრიცხვის ბარათზე, რაზეც მომსახურების დეპარტამენტმა უთხრა უარი საგადასახადო შეთანხმების არსებობის გამო.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:61(1);293(7);60(4);