ბძანება N 4890

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2020
№ დოკუმენტი 4890
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4890

24/02/2020

შპს -----

(მის: ქ. -------)

2019 წლის 23 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს №266537/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 5 დეკემბრის №42274, №42275 და №42276 ბრძანებების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 24 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №3).

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლის 18 ნოემბრის №39914, №39913 და №39912 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონების მოწყობის №19-06/126 და №19-06/122 ნებართვების, ასევე ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/191 ნებართვის მფლობელის შპს ----- ს მიერ ორგანიზებულ ობიექტებში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. 2019 წლის 19 ნოემბერს ზემოაღნიშნულ ობიექტებში განხორციელდა სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება, რომლის დროსაც დაფიქსირდა რომ, ნებართვის მფლობელმა 2019 წლის პირველ მარტს მოახდინა ცვლილება ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს ----- ს მიერ მოხდა დირექტორის ცვლილება, კერძოდ, ნებართვის აღების მომენტისთვის (2014 წლის 30 დეკემბერი) შპს ----- ს დირექტორი დაფიქსირდა -------- , ხოლო ცვლილების განხორციელების შემდეგ დირექტორი დაფიქსირდა ------ და ასევე მოხდა ცვლილება შპს ----- ს პარტნიორებში, კერძოდ, ცვლილების განხორციელებამდე 70% წილის მფლობელი იყო ------ და 30% წილის მფლობელი იყო -----ი, ხოლო ცვლილების შემდგომ შპს ----- ს 100% წილის მფლობელი გახდა ----- . აღნიშნული ცვლილებების შესახებ ნებართვის მფლობელმა არ აცნობა შემოსავლების სამსახურს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

მომსახურების დეპარტამენტის პოზიციით, განხორციელდა შპს ----- ს მფლობელობაში არსებული სამი ნებართვის შერჩევითი შემოწმება რაც ნიშნავს იმას რომ, შემოწმება განხორციელდა შერჩევითი პრინციპით, ხოლო შემოწმდა არა შპს ----- არამედ ინდივიდუალურად გაცემული ნებართვები: №19-06/126, №19-06/122 და №19-05/191. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შპს ----- ს 2019 წლის 5 დეკემბრის №42276 ბრძანების საფუძველზე დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით, 2019 წლის 5 დეკემბრის №42274 ბრძანების საფუძველზე დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით, 2019 წლის 5 დეკემბრის №42275 ბრძანების საფუძველზე დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით.

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 5 დეკემბრის №42274, №42275 და 42276 ბრძანებებს და აღნიშნავს, შპს ----- ს დამფუძნებელი პარტნიორების ცვლილება განხორციელდა 2016 წლის 4 ნოემბერს, რაც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრიდან. ინფორმაციული ბაზა რომლითაც სარგებლობს იუსტიციის სახლი და შემოსავლების სამსახური არის ერთიანი, შესაბამისად საჯარო რეესტრში ცვლილებების განხორციელების მომენტიდან შემოსავლების სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია და ცნობილი იყო შპს ----- ს დამფუძნებელი პარტნიორის ცვლილების შესახებ, გარდა აღნიშნულისა 2016 წლის 5 დეკემბერს შპს ----- ს მიმართა შემოსავლების სამსახურს წამახალისებელი გათამაშების ნებართვის აღების შესახებ, სადაც წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად რაც გულისხმობს ნებართვის გაცემის წესს, მათ შორის განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, სადაც ფიქსირდება 100%-იანი წილის მფლობელად -----.

რაც შეეხება 2019 წლის 1 მარტს განხორციელებულ დირექტორის ცვლილებას, აღნიშნულიც ერთიანი ინფორმაციული ბაზის საშუალებით კარგად იყო ცნობილი შემოსავლების სამსახურისთვის და როგორც დამფუძნებლის ცვლილების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც შემოსავლების სამსახურმა თავიდანვე მოახდინა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დირექტორის ცვლილება და განაახლა შპს ----- ს ინფორმაცია, კერძოდ ყოფილი დირექტორის ------- ს ნაცვლად, დირექტორად მიუთითა ------ . ასევე 2019 წლის 4 მარტს ფაქტიურად 3 დღეში დირექტორის ცვლილებიდან განხორციელდა შპს ----- ს კუთვნილ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებში ცვლილებების შეტანა სადაც, როგორც ცვლილებების შესახებ განაცხადში ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებულ ახალ რეგლამენტში დაფიქსირებულია და ხელს აწერს ახალი დირექტორი -----.

ასევე მომჩივანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ მოხდა ერთი შპს-ს სამჯერ დაჯარიმება ფილიალების მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარრვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად მომჩივანი არ ეთანხმება და ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 5 დეკემბრის №42274, №42275 და 42276 ბრძანებები და მათ საფუძველზე შპს ----- ს დაკისრებული ჯარიმები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, რომლის მიზანიცაა საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის N611-N1013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ნებართვის მფლობელის შემოწმება ხორციელდება სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების გზით და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმებას ახორციელებს „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-15 მუხლების თანახმად:

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 262, 263 და 265 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო ფიზიკური პირისთვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებული მოვალეობები.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს 2 000 ლარს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად:

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს მონაცემების ცვლილების შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვა თითოეული ნებართვიდან დამოუკიდებლად, შესაბამისად მომჩივნის მიერ დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ არსებობს მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2019 წლის 5 დეკემბრის №42274, №42275 და №42276 ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე, მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64 ან ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი აღნიშნავს, რომ დამფუძნებელი პარტნიორების ცვლილება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია და ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანებების და მათ საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ირკვევა, რომ განხორციელდა შპს-ს მიერ ორგანიზებულ ობიექტებში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შერჩევითი შემოწმება, რომლის დროსაც დაფიქსირდა რომ, გადამხდელმა მოახდინა დირექტორის და პარტნიორების ცვლილება, აღნიშნული ცვლილებების შესახებ ნებართვის მფლობელმა არ აცნობა შემოსავლების სამსახურს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შპს - ს დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს მონაცემების ცვლილების შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვა თითოეული ნებართვიდან დამოუკიდებლად, შესაბამისად მომჩივნის მიერ დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ არსებობს მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის N611- N1013 ერთობლივი ბრძანება