N 817-რს - 12/07/2013 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 12.07.2013
№ დოკუმენტი 817-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 ნაწილი:

„63. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის შენატანი (პაი);“;

ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება;“.

3. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.“.

4. 130-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“.

5. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც;“;

ბ) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

„ჯ1) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

 

ქუთაისი,12 ივლისი 2013 წ.

N817-რს