გადაწყვეტილება №27052/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27052/2/2026
29 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 1.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27052/2/2026).
დავის საგანი:
კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტის დაკვალიფიცირება ამ ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-590 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №4994 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 26 347.56 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 13 173.86
დღგ - 664
მოგების გადასახადი (-58 417.34)
საშემოსავლო გადასახადი - 70 927.2
ჯარიმა - 13 173.7
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.02.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2020 წლის სექტემბრის თვეში დამფუძნებელზე გაცემული ჰქონდა სესხი 778 000 ლარი, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით შესაბამის პერიოდში. აღნიშნული თანხიდან 400 000 ლარი დაბრუნებულია 2021 წლის 7 აპრილს და კომპანიას ჩათვლილი აქვს დაბრუნებულ თანხაზე გაანგარიშებული მოგების გადასახადი, ხოლო დარჩენილი თანხა, კერძოდ 378 000 ლარი დაბრუნებულია 2024 წლის იანვარში (200 000 ლარი) და 2024 წლის მარტში (178 000 ლარი). 2024 წელს დაბრუნებულ თანხაზე კომპანიას არ განუხორციელებია მოგების გადასახადის ჩათვლა. შემოწმების მიერ, მოგების გადასახადის ჩათვლაში გათვალისწინებულ იქნა დაბრუნებულ სესხზე გაანგარიშებული კუთვნილი მოგების გადასახადი.
ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება არ მომხდარა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად და კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტი დააკვალიფიცირა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2025 წლის №28622 ბრძანება და №006- 590 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №4994 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2020 წლის სექტემბრის თვეში დამფუძნებელზე გაცემული ჰქონდა სესხი 778 000 ლარი, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით შესაბამის პერიოდში. აღნიშნული სესხის ძირითადი თანხის ბოლო ნაწილის დაბრუნება მოხდა 2024 წელს, რაზეც კომპანიას არ ჰქონდა ჩათვლილი მოგების გადასახადი. შემოწმებისას, მოგების გადასახადის ჩათვლაში გათვალისწინებულ იქნა დაბრუნებულ სესხზე გაანგარიშებული კუთვნილი მოგების გადასახადი.
ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება არ მომხდარა. შემოწმების მიერ, ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტი დააკვალიფიცირა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, კომპანიის სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, სესხის პროცენტის გადახდის ვადად განსაზღვრული იყო ხელშეკრულების ვადის დასრულების მომენტი, თუმცა აღნიშნული სესხის პროცენტი შემოწმების დასრულებამდე გადახდილი არ ყოფილა. ამდენად, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ დარიცხული სესხის პროცენტის ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად კვალიფიკაცია მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები (მათ შორის დამატებითი შეთანხმება), რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმომ ---თან 2020 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე გასცა სესხი - 778 000 ლარის ოდენობით, რომელიც გაცემის საანგარიშო პერიოდში 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. სესხის პროცენტის გადახდის ვადად განისაზღვრა სასესხო ხელშეკრულების ვადის დასრულების მომენტი. მოგვიანებით, 7.04.2021 წელს მოახდინა 400 000 ლარის დაფარვა, რომელზეც კომპანიის მიერ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. აღნიშნულმა პირმა დარჩენილი თანხაც 378 000 ლარი დაფარა სრულად და დარჩენილი იყო მხოლოდ საპროცენტო თანხა 352 761 ლარი, რომელიც დამატებითი შეთანხმების საფუძველზე (იხ. დანართი 1) უნდა დაფარულიყო მიმდინარე წლის პირველ მარტამდე, მართლაც აღნიშნული თანხა მსესხებლის მიერ დაიფარა 2026 წლის 6 მარტს სს ---ში (იხ დანართი 2). გაუგებარი მიზეზით, აღნიშნული პროცენტის თანხა განხილული იქნა ფიზიკური პირის სარგებლად, რასაც არ ეთანხმება, რადგან სესხის პროცენტის გადახდას, როგორ ზემოთ აღნიშნა ფიზიკური პირი მოახდენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლოს და არაუგვიანეს პირველი მარტისა, ამასთან, შესაბამისი საპროცენტო შემოსავალი ჩართული იქნება ერთობლივ შემოსავალში ფინანსური ანგარიშგების წარდგენის დროს. ასევე, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების დამატებით შეთანხმებას, ხოლო ახლა უკვე წარმოადგენს სესხის პროცენტის დაფარვის (განულების) პირველად დოკუმენტს. აღნიშნულიდან გამომდინარემ, ითხოვს სესხზე დარიცხულ პროცენტზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების (საშემოსავლო გადასახადი, ჯარიმა და საურავი) გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიას 2020 წლის სექტემბრის თვეში დამფუძნებელზე გაცემული ჰქონდა სესხი 778 000 ლარი, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით შესაბამის პერიოდში. აღნიშნული თანხიდან 400 000 ლარი დაბრუნებულია 2021 წლის 7 აპრილს და კომპანიას ჩათვლილი აქვს დაბრუნებულ თანხაზე გაანგარიშებული მოგების გადასახადი, ხოლო დარჩენილი თანხა, კერძოდ 378 000 ლარი დაბრუნებულია 2024 წლის იანვარში (200 000 ლარი) და 2024 წლის მარტში (178 000 ლარი). 2024 წელს დაბრუნებულ თანხაზე კომპანიას არ განუხორციელებია მოგების გადასახადის ჩათვლა. შემოწმების მიერ, მოგების გადასახადის ჩათვლაში გათვალისწინებულ იქნა დაბრუნებულ სესხზე გაანგარიშებული კუთვნილი მოგების გადასახადი. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება არ მომხდარა. საგადასახადო ორგანომ კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტი დააკვალიფიცირა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განმარტა, რომ საწარმოს მიერ ---ზე 2020 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იქნა სესხი - 778 000 ლარის ოდენობით, რომელიც გაცემის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა მოგების გადასახადით. სესხის პროცენტის გადახდის ვადად განისაზღვრა სასესხო ხელშეკრულების ვადის დასრულების მომენტი. 7.04.2021 წელს მოახდინა 400 000 ლარის დაფარვა, რომელზეც კომპანიის მიერ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. აღნიშნულმა პიროვნებამ დარჩენილი თანხაც 378 000 ლარი დაფარა სრულად და დარჩენილი იყო მხოლოდ საპროცენტო თანხა 352 761 ლარი, რომელიც დამატებითი შეთანხმების საფუძველზე უნდა დაფარულიყო მიმდინარე წლის პირველ მარტამდე, მართლაც აღნიშნული თანხა მსესხებლის მიერ დაიფარა 2026 წლის 6 მარტს სს ---ს ბანკში. შესაბამისად, გაუგებარია, აღნიშნული პროცენტის თანხის ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ დასახელებულ არგუმენტებზე და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დასახელებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტის ამავე ფიზიკურ პირზე მიღებულ სარგებლად ჩათვლის (დაკვალიფიცირების) და შესაბამისად, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №4994 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხის ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტის დაკვალიფიცირება ამ ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2020 წლის სექტემბრის თვეში დამფუძნებელზე გაცემული ჰქონდა სესხი 778 000 ლარი, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით შესაბამის პერიოდში. აღნიშნული თანხიდან 400 000 ლარი დაბრუნებულია 2021 წლის 7 აპრილს და კომპანიას ჩათვლილი აქვს დაბრუნებულ თანხაზე გაანგარიშებული მოგების გადასახადი, ხოლო დარჩენილი თანხა, კერძოდ 378 000 ლარი დაბრუნებულია 2024 წლის იანვარში (200 000 ლარი) და 2024 წლის მარტში (178 000 ლარი). 2024 წელს დაბრუნებულ თანხაზე კომპანიას არ განუხორციელებია მოგების გადასახადის ჩათვლა. შემოწმების მიერ, მოგების გადასახადის ჩათვლაში გათვალისწინებულ იქნა დაბრუნებულ სესხზე გაანგარიშებული კუთვნილი მოგების გადასახადი. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება არ მომხდარა.
შემოწმებამ კომპანიის მიერ ურთიერდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტი დააკვალიფიცირა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ დასახელებულ არგუმენტებზე და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დასახელებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე დარიცხული სესხის პროცენტის ამავე ფიზიკურ პირზე მიღებულ სარგებლად ჩათვლის (დაკვალიფიცირების) და შესაბამისად, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მეორე სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,6,9); 101 (1); 154 (1).