ბრძანება N 23539

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.11.2024
№ დოკუმენტი 23539
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23539

04 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ს (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 10 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №112) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2024 წლის 10 ოქტომბრის №92295/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №149-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღწერილი ფაქტობრივი და შემოწმების მიერ გამოყვანილი სმფ-ების ნაშთების შედარების შედეგად, აღურიცხავი სმფ-ების გამოვლენის საფუძვლით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე4 ნაწილით დარიცხულ ჯარიმას. მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ არასწორად არის დაჯგუფებული საქონლის მოძრაობა და უსაბუთოდ შეძენილი საქონლის გამოვლენა. მიუთითებს, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს დანაკლისად გამოვლენილ საქონელს, საჭიროა ზედმეტობის და დანაკლისის სწორად გადაანგარიშება და ურთიერთ გადაფარვა, რის შემდეგაც საერთოდ არ დარჩება უსაბუთოდ შეძენილი საქონელი. აცხადებს, რომ ყველა საქონელი არის იმპორტირებული და დოკუმენტურად შეძენილი.

2. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიაჩნია, რომ საქონლის დანაკლისი ხელოვნურად არის გაზრდილი, ვინაიდან საქონლის მოძრაობა არ არის სწორად გაანგარიშებული. მიუთითებს პირველ საკითხზე და აცხადებს, რომ საქონლის დიდი ნაწილი ჩაითვალა აღურიცხავად და არ იქნა საქონლის მოძრაობაში სწორად ჩათვლილი. მიიჩნევს, რომ არსებითად შესაცვლელია დანაკლისად ჩასათვლელი საქონლის რაოდენობა. ასევე, გადამხდელი მიუთითებს, რომ შესასწავლი და დასაკორექტირებელია საქონლის საბაზრო ღირებულება, რომლითაც დაუსაბუთებლად არის გაზრდილი დასარიცხი თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №13883 და 10 სექტემბრის №20014 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 11 ივნისიდან 2024 წლის 17 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 12 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 სექტემბრის №20344 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №149-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 656 752 ლარი, მათ შორის, გადასახადი 628 948 ლარი, ჯარიმა 911 282 ლარი, საურავი 116 522 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. ი/მ ---ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლის საცალო რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. ორგანიზაციას აქვს ორი სავაჭრო ობიექტი და ერთი საწყობი. 14.06.2024 წლის N21- 12 521 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია, 14.06.2024 წლის მდგომარეობით არსებული სმფ-ების ნაშთის აღწერა, რაც შეადგენს 2 074 063 ლარს. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია ფაქტობრივი ნაშთის აღწერის შედეგები გადმოგზავნილია შემოწმებისთვის. შემოწმებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული, 14.06.2024 წლის მდგომარეობით არსებული ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქონლის ფაქტობრივი ნაშთი შედარებულ იქნა შემოწმების მიხედვით გამოყვანილ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთთან. გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რომელთა საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 111 847 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა აღურიცხავი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

2. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენებისა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებული კატეგორიების გათვალისწინებით არსებული საშუალო ფასების მიხედვით, ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით, ასევე გაიზარდა მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე 92- ე მუხლის და 140-ე, 159-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადი ბრუნვის შესაბამისი განაკვეთების მიხედვით (1%-3%). გადამხდელი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ჯარიმას. მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ არასწორად არის დაჯგუფებული საქონლის მოძრაობა და უსაბუთოდ შეძენილი საქონლის გამოვლენა. მიუთითებს, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს დანაკლისად გამოვლენილ საქონელს, საჭიროა ზედმეტობის და დანაკლისის სწორად გადაანგარიშება და ურთიერთგადაფარვა, რის შემდეგაც საერთოდ არ დარჩება უსაბუთო შეძენილი საქონელი. თუმცა მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რის საფუძველზე იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით ჯარიმა შეფარდებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა და საქონლის იმპორტი.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენებისა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებული კატეგორიების გათვალისწინებით არსებული საშუალო ფასების მიხედვით, ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით, ასევე გაიზარდა მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიიჩნევს, რომ შესასწავლი და დასაკორექტირებელია საქონლის საბაზრო ღირებულება, რომლითაც დაუსაბუთებლად არის გაზრდილი დასარიცხი თანხები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №21-12521 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (სარეალიზაციო ფასები) გამოიყენოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2023-2024 წლების), ხოლო 2021- 2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გაავრცელოს აუდირებული ფასნამატი პროდუქციის კატეგორიების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №21-12521 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (სარეალიზაციო ფასები) გამოიყენოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2023-2024 წლების), ხოლო 2021- 2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გაავრცელოს აუდირებული ფასნამატი პროდუქციის კატეგორიების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღწერილი ფაქტობრივი და შემოწმების მიერ გამოყვანილი სმფ-ების ნაშთების შედარების შედეგად, აღურიცხავი სმფ-ების გამოვლენის საფუძვლით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დარიცხულ ჯარიმას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული საქონლის ფაქტობრივი ნაშთი შედარებულ იქნა შემოწმების მიხედვით გამოყვანილ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთთან. გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რომელთა საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 111 847 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა აღურიცხავი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სმფ-ების ნაშთის, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენებისა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობა კატეგორიების მიხედვით, რომელიც ინვენტარიზაციის პროცესში დაფიქსირებული კატეგორიების გათვალისწინებით არსებული საშუალო ფასების მიხედვით, ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. გამოვლენილი სხვაობით, ასევე გაიზარდა მცირე მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი.

 

გადაწყვეტილება

პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს, დაევლა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (სარეალიზაციო ფასები) გამოიყენოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2023-2024 წლების), ხოლო 2021- 2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გაავრცელოს აუდირებული ფასნამატი პროდუქციის კატეგორიების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 90; 93; 286 (4).