ბრძანება N 15885

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2023
№ დოკუმენტი 15885
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15885

04 ივლისი 2023

----------, შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის: ----------)

2023 წლის 9 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ----------, შპს „----------“ (ს/ნ ----------) №98565/21-11 და №98650/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №EL210517 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ იმპორტის დეკლარაციის დასრულებამდე კომპანიამ დაცალა ტვირთი თავის საწყობში და განკარგა.

რეალურად მხოლოდ სატვირთო ავტომობილის დაცლა განხორციელდა და საქონელი დაეწყო კომპანიის საწყობში. არავითარ განკარგვა არ მომხდარა, რადგან მიაჩნია, რომ „განკარგვა“ იურიდიულად ნიშნავს ნივთის (ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის) სხვისთვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემას (დროებით ან საკუთრებაში), უფლებებით დატვირთვას და ა.შ. ხოლო თუ ნივთი/საქონელი თავად მესაკუთრეს რჩება და უბრალოდ საწყობში ათავსებს, ეს განკარგვად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად მიაჩნია, რომ საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი ამ შემთხვევაზე საერთოდ არ უნდა გავრცელდეს, ხოლო 166- ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე არ უნდა გავრცელდეს (თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა - დეკლარაციის დასრულებამდე სატრანსპორტო საშუალების დაცლის სახით - ნამდვილად სახეზეა და კომპანია არ უარყოფს).

მომჩივნის განცხადებით საქონლის საწყობში ჩამოტვირთვის შემდეგ მისი განკარგვა არ მომხდარა, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ 20 მაისის დღის ბოლომდე არსებული, არამედ მეორე დღის დილამდე ამოღებული საწყობის ვიდეო ჩანაწერები.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და შეფარდებული სანქციის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 20 მაისს უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „----------, შპს ----------“ (ს/ნ ----------) მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 31868.81 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (უფერო მინის ბოთლები ტევადობით 0.5 ლიტრი). მითითებული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შეირჩა „წითელი დერეფანი“

2023 წლის 22 მაისს ზემოაღნიშნული უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობა) №----------/21-10-17 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებაზე, საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებამდე, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონელი გადმოიტვირთა გადამხდელის კუთვნილ საწყობში.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა საწყობში არსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ვინაიდან, უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „----------, შპს ----------“ (ს/ნ ----------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას/მოცილებას, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტებზე, ---------- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 23 მაისს შედგენილ იქნა №EL210517 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც უცხოური საწარმოს ფილიალს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 172-ე მუხლის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარისა და 5736.39 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

ამასთან, გაუქმდა №---------- (20.05.2023) საბაჟო დეკლარაცია და 2023 წლის 23 მაისს გამოიცა №EL69300/36 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც უცხოური საწარმოს ფილიალს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 5736.39 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;

ვალდებული პირი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციისთვის შეირჩა „წითელი დერეფანი“. სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებაზე, საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებამდე, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონელი გადაიტვირთა მომჩივნის კუთვნილ საწყობში. დადგენილია ასევე, რომ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, საწყობში არსებული საქონლის დათვალიერებისას, დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული ქმედება კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის განცხადებით საქონლის საწყობში ჩამოტვირთვის შემდეგ მისი განკარგვა არ მომხდარა, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ 20 მაისის დღის ბოლომდე არსებული, არამედ მეორე დღის დილამდე ამოღებული საწყობის ვიდეო ჩანაწერები. იმ გარემოების გამო, რომ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ საწყობის დათვალიერება განხორციელდა 2023 წლის 23 მაისს, მითითებული ჩანაწერები ვერ ჩაითვლება საბაჟო სამართალდარღვევის არ ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ----------, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ იმპორტის დეკლარაციის დასრულებამდე კომპანიამ დაცალა ტვირთი თავის საწყობში და განკარგა. ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და შეფარდებული სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საქონლის საბაჟო დეკლარაციისთვის შეირჩა „წითელი დერეფანი“. სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებაზე, საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებამდე, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონელი გადაიტვირთა მომჩივნის კუთვნილ საწყობში. დადგენილია ასევე, რომ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, საწყობში არსებული საქონლის დათვალიერებისას, დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული ქმედება კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166(3); 172.