სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საგნის ბარტერად აღიარება N 2531

2531 სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საგნის ბარტერად აღიარება 11.05.2017
№ დოკუმენტი 2531
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საგნის ბარტერად აღიარება N 2531

ფაქტობრივი გარემოებები

· 60 წელს გადაცილებულმა ფიზიკურმა პირმა (სარჩოს მიმღებმა) ფიზიკურ პირთან (მარჩენალთან) 2014 წელს გააფორმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სარჩოს მიმღების გარდაცვალების შემდეგ მარჩენალს საკუთრებაში გადაეცემა ბინა. 2016 წლის აპრილის თვეში სარჩოს მიმღები გარდაიცვალა, ხოლო მარჩენალმა ბინაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირა იმავე წლის მაისის თვეში. მარჩენალს 2014 წლიდან სარჩენის გარდაცვალებამდე პერიოდში გაწეული აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები -20 000 ლარის ოდენობით, როგორც ფულადი, ასევე ნატურალური სარჩოს გადახდის სახით. გარდა აღნიშნულისა, მარჩენალს პირადად აქვს გაწეული სარჩოს მიმღების მიმართ მოვლის მომსახურება, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 5000 ლარს.

· 2017 წლის 1 აპრილამდე მარჩენალმა წარადგინა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლიდან გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან, ხოლო მოვლის მომსახურების საბაზრო ღირებულება - 5000 ლარის ოდენობით დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, პირმა აღნიშნული სამისდღეშიო რჩენის მომსახურება მიიჩნია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციად და არ დაბეგრა დღგ-ით.

შეფასება

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად. ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია სააღმზრდელო ან/და სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა ან/და ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) და 60 წლის და მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა.

· ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მარჩენალს რჩენის მომსახურების მიწოდება ეთვლება საბაზრო ფასით მომსახურების რეალიზაციად - 25 000 ლარის ოდენობით (გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებისა და მოვლის მომსახურების საბაზრო ღირებულება) და იმავე საბაზრო ფასით საქონლის (ბინის) შეძენად, ბინის საკუთრებაში მიღების მომენტში (მაისის თვე). ყოველივე ზემოაღნიშნულისა და სსკ-ის მე-18 მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, მომსახურების ღირებულება - 5000 (25 000-20 000) ლარის ოდენობით ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მაისის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, პირს დღგ-ის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა. შესაბამისად, პირის ქმედება, როგორც საშემოსავლო, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, მართლზომიერია.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.