გადაწყვეტილება №23636/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23636/2/2024
12 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -----------ძე (ს/ნ ----------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ძის 4.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23636/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №125-44 საგადასახადო მოთხოვნა;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 24.12.2023 წლის №125-4153 შეტყობინება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ;
3. შემოსავლების სამსახურის 1.07.2024 წლის №15386 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 262 448,82 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 175 234
დღგ - 104 371
საშემოსავლო გადასახადი 70 863
ჯარიმა - 50 793
საურავი - 36 421,82
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი მინიჭებული აქვს 2019 წლის პირველი აპრილიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22444 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 6.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №32423 ბრძანება და 22.12.2023 წლის №125-44 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები, ასევე ვალის მართვის დეპარტამენტის 24.12.2023 წლის №125-4153 შეტყობინება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3965 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 24.05.2024 წლის №88783/1/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 1.07.2024 წლის №15386 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით.
აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა ცალკე საქონლის და მომსახურების მიწოდებად. საქონლის მიწოდების ნაწილი ჩაითვალა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართულ ცალკე საქმიანობად, რომელიც დაექვემდებარა საერთო წესით დაბეგვრას მომჩივანს 2021 წლის აგვისტოს თვეში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით, ხოლო შემდგომ პერიოდში კი საქონლისა და მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით, შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275 მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.
ვინაიდან შემოწმების პერიოდში მომჩივანი სარგებლობს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით, ხოლო 2021 წლის აგვისტოდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, გაუქმდა ფიქსირებული გადასახადის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი. შედეგად, შეუმცირდა აღნიშნულ პერიოდში გადახდილი ფიქსირებული განაკვეთით დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 951-ე, 955-ე, 956-ე, 79-ე, 81-ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაზე, რომლის №6 დანართით განსაზღვრულია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეები და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ი/მ ------ძის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობად განხილულ უნდა იქნას საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება მხოლოდ მომსახურების გაწევას და ადგილი არ აქვს საქონლის (სათადარიგო ნაწილის), როგორც შეცვლის მომსახურებასთან კომბინირებულ, ისე დამოუკიდებელ მიწოდებას. ამასთან, ასეთი მიწოდება ექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას საერთო წესით, როგორც საშემოსავლო გადასახადის, ასევე დღგ-ის მიზნებისთვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავიდანვე არასწორად იქნა შეფასებული საქმიანობის სახე. 2019 წლის 29 მარტიდან ფუნქციონირებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით, რომელიც მიენიჭა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით.
ევროკავშირის კომისიის რეგულაცია №213/2008 CPV განსაზღვრავს შესყიდვების კლასიფიკაციას, ყველა შესყიდვას ახლავს CPV შესაბამისი კოდი. ამ რეგულაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში ფიგურირებს შესყიდვის კლასიფიკატორის CPV კოდი. მისი მითითების გარეშე ტენდერი ვერ შედგებოდა, ამდენად სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და მომსახურების მიწოდება ცალ-ცალკე ლოტი, რომ ყოფილიყო ყველა ხელშეკრულებაში იქნებოდა მოცემული შესაბამისი კოდები.
ხელშეკრულების ღირებულებაში მომსახურების ფასებია განსაზღვრული და არა პრეისკურანტებში მოცემული თანხები. ცალკე სათადარიგო ნაწილების შესყიდვა რომ ყოფილიყო მიზანი, ხელშეკრულებაში უნდა დამატებოდა CPV დამატებითი კოდი, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვების კანონით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით, ევროკავშირის კომისიის რეგულაციით საგადასახადო კოდექსით, ეს ერთ შესყიდვად განიხილება. (წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში დაიდო, რომლშიც მითითებულია ხელშეკრულების საგანი „საქონლის მიწოდება და CPV 34352000 კოდი.
რაც შეეხება ხელშეკრულებას და მიღება ჩაბარების აქტების შესწავლას, ამბობს, რომ მოხდა მათი არასწორი ინტერპრეტაცია და არა მარტო ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებს უგულებელყოფა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის საქმიანობის ეჭქვეშ დაყენება, არამედ საგადასახადო კოდექსის იგნორირებაც, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც სხვა სახის საქონლის მიწოდებასთან, მომსახურების გაწევასთან უშუალოდაა დაკავშირებული ან სხვა სახის საქონლის მიწოდებისთვის ან სხვა სახის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათისაა, განიხილება ამ მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ნაწილად.
ამდენად, დღგ-ის დარიცხვა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან მხოლოდ ერთხელ მოხდა საქონლის მიწოდება და ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 88 750 ლარი. (სსკ 165-ე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება. აღნიშნავს, რომ ერთხელ განხორციელებულ საქონლის მიწოდების ნაწილში, უნდა გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურთან გავლილი კონსულტაციების მიხედვით იცოდა, რომ მხოლოდ ფიქსირებული გადასახადის გადახდა ევალებოდა და ვერ გაიგო საქმიანობის რა ნაწილში იბეგრებოდა. ამდენად, არ ეთანხმება დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ამასთან, შემოსავლების სამსახურში საჩივრის ზეპირი მოსმენისას აუდიტორის მიერ შერჩეულ ხელშეკრულებას და მიღება-ჩაბარების აქტს თან ახლდა განმარტება, რომ ხელშეკრულების საგანი იყო მომსახურების შესყიდვა და არა საქონლის რეალიზაცია. თუმცა შემოსავლების სამსახურიდან კვლავ მიიღეს უარი, რომელმაც არ განუმარტა რატომ არ გაითვალისწინეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაბამისი CPV კოდებით, მითუმეტეს, რომ ამ ხელშეკრულებას აფორმებს ადმინისტრაციული ორგანოები და ექსპერტიზას გადის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური. დასრულებული სამეურნეო ოპერაცია ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, სადაც, ასევე, მითითებულია ხელშეკრულების საგანი და მხოლოდ მას შემდეგ ხდება სახელმწიფო ხაზინიდან შესაბამისი ანაზღაურება.
შემოსავლების სამსახურს, დარიცხულ გადასახადებზე არგუმენტად აქვს მოყვანილი სეკ-006-2016, კოდი 45,2 და 45,3. აღნიშნულზე, ამბობს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, საგადასახადო კოდექსის და საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, არის უპირატესი ძალის მქონე აქტები, ვიდრე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შემუშავებული კოდები. ამდენად, ეს ქვემდგომი აქტი, რომელიც სტატისტიკური საინფორმაციო ბაზის უზრუნველყოფას ემსახურება ვერ გააბათილებს ზემოაღნიშნულ აქტებს.
წარმოადგინა ტექნიკური დავალების განმარტება და საქონლის შესყიდვის ხელშეკრულებები, სადაც განსაზღვრულია შესყიდვის საგანი და ღირებულებები, თავისი შესაბამისი CPV კოდებით.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადაო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას თუ რომელი ხელშეკრულებით დაირღვა ფიქსირებული გადასახადის სერთიფიკატით მინიჭებული საქმიანობის უფლება და ითხოვს მათ გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საგადასახადო კოდექსის 955 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.
3. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:
2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის 71 ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილებით. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა ცალკე საქონლის და მომსახურების მიწოდებად. საქონლის მიწოდების ნაწილში გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აგვისტოს თვეში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შემდგომ პერიოდში დღგ-ის დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ჯამურად საქონლისა და მომსახურების თანხების გათვალისწინებით. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით, ხოლო შემდგომ პერიოდში კი საქონლისა და მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით. რაზეც დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანს არამართლზომიერად მიაჩნია დარიცხვა და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კომისიის რეგულაცია №213/2008 CPV განსაზღვრავს შესყიდვების კლასიფიკაციას, ყველა შესყიდვას ახლავს CPV შესაბამისი კოდი. ამ რეგულაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში ფიგურირებს შესყიდვის კლასიფიკატორის CPV კოდი, მისი მითითების გარეშე ტენდერი ვერ შედგებოდა. ამდენად სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და მომსახურების მიწოდება ცალ-ცალკე ლოტი, რომ ყოფილიყო ყველა ხელშეკრულებაში იქნებოდა მოცემული შესაბამისი კოდები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით მომჩივანი (საქონლის მიმწოდებელი) მხარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წარმოდგენილია სამართლებრივი ფორმით როგორც ი/მ ------იძე (ს/ნ -------) და არ ფიქსირდება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენდა და შესაბამის ტენდერებში მონაწილეობას იღებდა, როგორც ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი. შესაბამისად, აღნიშნული მოცემულობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების და წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8, 238-ე, 239-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნულთან დაკავშირებით არგუმენტი არ წარმოუდგენია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანს 24.12.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 262 624.04 ლარი, ზედმეტობა 4.79 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, 2023 წლის 24 დეკემბრის №125-4153 შეტყობინების საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №22444 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32423 ბრძანება და №125-44 საგადასახადო მოთხოვნა.აღნიშნული აქტები, ასევე ვალის მართვის დეპარტამენტის №125-4153 შეტყობინება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №3965 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №88783/1/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №15386 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების და წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 951; 955(1.2.3); 956(1 „დ“); 100(3 „ბ“); 164(1); 165( 71); 238(1 „ა“); 239(2); 298(2);