გადაწყვეტილება №20040/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
20040/2/2023
03 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 22.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20040/2/2023).
დავის საგანი:
1. 2019 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და 2021 წლის მარტის თვეებში ბინების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. ფიზიკური პირებისგან მიღებული შემოსავლების, რომლებმაც არ დაადასტურეს ბინის ღირებულების გადახდა 2019 წლამდე პერიოდში, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები;
3. დაკისრებული სანქციებისგან განთავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №081-236 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11948 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 223 676 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 128 800
დღგ -48 565
საშემოსავლო გადასახადი - 80 235
ჯარიმა - 64 731
საურავი - 30 145
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობა-რეალიზაცია და იმპორტირებული გრუნტის გრანულებისა და კომპოზიციური პანელების რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №29826 ბრძანება და 30.11.2022 წლის №081-236 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11948 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარულრი დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების) შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11948 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. 2019 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და 2021 წლის მარტის თვეებში ბინების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ კომპანიას ბინის მფლობელებისთვის გადაცემული აქვს საკუთრებაში ქონება, თუმცა გადაცემის მომენტში არ ბეგრავს მის ღირებულებას. შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი თავადვე ადასტურებს და სადავოდ არ ხდის, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, მიწოდებული ბინების დაბეგვრა განხორციელდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მესაკუთრეებზე გადაფორმების მომენტში, ხოლო ის გარემოება, რომ ბინები გადაფორმების მომენტში არ უნდა დაბეგრილიყო, ვინაიდან კომპანიის მიერ ჯერ არ იყო შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ იქნება გაზიარებული, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებ
არ ეთანხმება 2019 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის პერიოდში, 2021 წლის მარტის თვეში ბინების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრას და ასევე, მის საფუძველზე დაკისრებულ ჯარიმას 21 173 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ბინების მიწოდების არ დაბეგვრას 2019 წლის ივლისი, აგვისტოსა და სექტემბერში და 2021 წლის მარტში, საჯარო რეესტრში მოხდა მათი გადაფორმება, თუმცა რეალურად არ შესულან საცხოვრებლად და ვერც შევიდოდნენ, ვინაიდან არ იყო რივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება 2019 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის პერიოდში, 2021 წლის მარტის თვეში ბინების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრას და ასევე, მის საფუძველზე დაკისრებულ ჯარიმას 21 173 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ბინების მიწოდების არ დაბეგვრას 2019 წლის ივლისი, აგვისტოსა და სექტემბერში და 2021 წლის მარტში, საჯარო რეესტრში მოხდა მათი გადაფორმება, თუმცა რეალურად არ შესულან საცხოვრებლად და ვერც შევიდოდნენ, ვინაიდან არ იყო დამთავრებული ბინები და თვითონ კორპუსი სრულად არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მყიდველების მხრიდან მათში ცხოვრება და განკარგვა. არ იყო დამთავრებული და მიდიოდა ისევ აქტიური სამუშაოები. უსაფრთხოების მხრივ ვერც მოხდებოდა დაშვება არათუ ბინებში, არამედ თვითონ მშენებლობის ტერიტორიაზეც (სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარი ბინის მდგომარეობის დათვალიერების მიზნით თუ მოხდებოდა მესაკუთრეების შეშვება). კორპუსის მშენებლობის აქტიური ფაზა დამთავრდა 2021 წლის ბოლოს. ეს მოთხოვნა, პირობა, რაც ზემოთ აღნიშნა არის არა მისი პირადი მოსაზრება, არამედ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნა და აღნიშნული სტანდარტების გამოყენება საქართველოში 2000 წლიდან არის დაშვებული, 2018 წლიდან კანონით მოითხოვება და არის სავალდებულო. აღნიშნული სტანდარტებით შედგენილი ბუღალტრული ანგარიშგებების (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი და ფულადი საშუალებების მოძრაობის ანგარიშგება) წარდგენა სავალდებულოა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ გვერდზე და მათი დაკმაყოფილება სავალდებულოა. საგადასახადო კოდექსიც ითვალისწინებს აღნიშნული სტანდარტების გამოყენებას. 2019 წელს კლიენტები რომ ვერ ისარგებლებდნენ ბინებით, მოწმობს ის ფაქტიც, რომ ენერგოკომპანიამ 2021 წლის თებერვალში განახორციელა ქსელზე მიერთების სამუშაოები, რაც დასტურდება 2021 წლის თებერვლის პერიოდით 24 თებერვალს გამოწერილი ეა--- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 163 მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ჩანაწერის თანახმად, უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში მესაკუთრეზე გადაფორმების მიუხედავად, ოპერაცია დღგით იბეგრება მაშინ, როდესაც მხარეები სრულად შეასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. კლიენტებთან დადებულ ხელშეკრულებების მიხედვით, მხარეებს ქონდა ნაკისრი რამდენიმე ვალდებულება, კერძოდ, კლიენტს სრულად უნდა ქონოდა დაფარული ბინის ღირებულება, ხოლო კომპანიის მხრიდან კი სავალდებულო იყო, რომ ბინა ყოფილიყო ექსპლუატაციაში მიღებული შესაბამის სამსახურის მიერ.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამოდინარე, ბინების საჯარო რეესტრში მესაკუთრეების სახელზე დარეგისტრირება, არ და ვერ შეიძლება იყოს განხილული მყიდველისთვის გადაცემად როგორც სააღრიცხვო ისე, საგადასახადო კუთხით. რადგან, საქონლის მიწოდებად განიხილება როდესაც მყიდველზე გადაცემულია საქონლის განკარგვის, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, ყველა რისკი და სარგებელი, რაც 2019 წლის მგომარეობით არ მომხდარა. მომჩივანი ითხოვს ბინების რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დარიცხული დღგ-ის, ასევე მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლი მე-8 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მომენტში არ ბეგრავდა მის ღირებულებას დღგ-ით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა მესაკუთრეებზე ბინების გადაფორმება, თუმცა არ იყო დამთავრებული ბინები, თვითონ კორპუსი სრულად არ იყო დამთავრებული და მიდიოდა ისევ აქტიური სამუშაოები. კორპუსის მშენებლობის აქტიური ფაზა დამთავრდა 2021 წლის ბოლოს. 2019 წელს კლიენტები რომ ვერ ისარგებლებდნენ ბინებით, მოწმობს ენერგოკომპანიის მიერ 2021 წლის თებერვალში ქსელზე მიერთების სამუშაოების განხორციელება, რაც დასტურდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. ასევე, საგადასახადო კოდექსის თანახმად, უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში მესაკუთრეზე გადაფორმების მიუხედავად, ოპერაცია დღგ-ით იბეგრება მაშინ, როდესაც მხარეები სრულად შეასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. კლიენტებთან დადებულ ხელშეკრულებების მიხედვით, კლიენტს სრულად უნდა ქონოდა დაფარული ბინის ღირებულება, ხოლო კომპანიის მხრიდან კი სავალდებულო იყო, რომ ბინა ყოფილიყო ექსპლუატაციაში მიღებული შესაბამისი სამსახურის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბინების საჯარო რეესტრში მესაკუთრეების სახელზე დარეგისტრირება, არ და ვერ შეიძლება იყოს განხილული მყიდველისთვის გადაცემად როგორც სააღრიცხვო ისე, საგადასახადო კუთხით, რადგან, საქონლის მიწოდებად განიხილება როდესაც მყიდველზე გადაცემულია საქონლის განკარგვის, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, ყველა რისკი და სარგებელი, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს მშენებლობის ნაწილში გაწეული ხარჯების ძირითადი ნაწილი გაწეული ქონდა 2019 წლამდე და 2019 წელს, ხელშეკრულებით ბინების გადაცემა კლიენტებისათვის უნდა მომხდარიყო შავი კარკასის მდგომარეობაში, 2020-2021 წლებში მასალების შეძენა გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება და შენობა დღესაც არ არის მიღებული. ვინაიდან, ხარჯების ძირითადი ნაწილი გაწეულია და 2019 წლის შემდეგ სამუშაოები არ ჩატარებულა, ბინების გადაფორმების მომენტი, ანუ შავი კარკასის მდგომარეობაში ბინების გადაცემა, როგორც იყო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული, ჩათვალეს მიწოდებად და დაბეგრეს.
საჯარო რეესტრში ბინების გადაფორმების ამონაწერში დაფიქსირებულია საცხოვრებელი სახლი, შენობა-ნაგებობა, ხოლო ბინების გადაფორმების მომენტში არცერთ ბინას მშენებარეს სტატუსი არ აქვს მინიჭებული. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ფიზიკური პირებისაგან მიღებული შემოსავლების, რომლებმაც არ დაადასტურა ბინის ღირებულების გადახდა 2019 წლამდე პერიოდში, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
იმ ფიზიკური პირებისაგან, რომლებზეც საკუთრების უფლების გადაცემა განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოითხოვა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხების შესახებ. ზოგიერთმა მათგანმა დაადასტურა, რომ კომპანიას ბინის ღირებულება გადაუხადა ხელზე ან ბანკით 2015-2018 წლებში, ხოლო ბინები გადაიფორმეს მოგვიანებით 2019-2021 წლებში, ზოგიერთისგან კი ინფორმაცია საერთოდ ვერ მიიღო შემმოწმებელმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირებისაგან მიღებული შემოსავლები, ვინც არ დაადასტურა, რომ ბინის ღირებულება გადაიხადა 2019 წლამდე, ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ხელმძღვანელის მიერ მიღებულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ თანხა გამოყენებულია, როგორც მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის, ასევე, ხელმძღვანელისგან მიღებული სესხის დასაფარად. სრულიად გაუგებარია, საიდან იქნა გაანგარიშებული 396 990 ლარი, აუდიტორს არ მიუწოდებია ინფორმაცია რომელ კლიენტზე რა თანხა აქვს ნაჩვენები გადახდილად. კომპანიის ხელმძღვანელს მისი პირადი თანხები ჰქონდა შეტანილი კომპანიაში, როგორც სესხი და ეს ფაქტი დასტურდება პორტალზე წარდგენილი ანგარიშგებიდან. აუდიტორს არ აქვს გათვალისწინებული ნაღდი ფულის მოძრაობაში მომწოდებელზე გადახდილი თანხები ნაღდი ანგარიშსწორებით. რამდენიმე ბინის მესაკუთრისგან დღემდე არ მიუღია სრულად თანხები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საჩივარზე დანართად დართული აქვს საბუღალტრო პროგრამიდან ამოღებული მონაცემები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით დაევალა დამატებით მტკიცებულებების წარდგენა, დროულად, 15 კალენდარული დღის შუალედში წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები. თუმცა, ჯერ არ მომხდარა რეაგირება, მასალების სიმრავლიდან გამომდინარე და რადან ხსენებული ბრძანების გასაჩივრების ვადა იწურება და თან არ აქვს გარანტია, რომ მტკიცებულებების მიწოდების შემდეგ დაუკმაყოფილდება სადავო საკითხი, მხოლოდ ამიტომ ასაჩივრებს და წარმოადგენს არგუმენტებს. კომპანია არარეგულარულად ახორციელებდა საქმიანობას ფინანსური რესურსების მობილიზებიდან გამომდინარე და ბუღალტრულ აღრიცხვასაც აწარმოებდა არა სისტემატიურად, არარეგულარულად, თუმცა, როცა ანახლებდა აღრიცხვის წარმოებას, წინა (გამოტოვებული) პერიოდიც სრულად კეთდებოდა და მიმდინარე თარიღისთვის სრულად და ამომწურავად მუშავდებოდა ყველა ოპერაცია. შესაბამისად, გარკვეული ჩავარდნებით, მაგრამ დროდადრო ქონდა ბუღალტრული აღრიცხვის სრული სურათი. საჩივარზე თანდართულ ფაილებში წარმოადგენს საბუღალტრო პროგრამა ორისიდან ამოღებულ ბაზის ასლს, ასევე, მათი აზრით, უფრო მნიშნელოვანი ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს. იქედან გამომდინარე, რომ სრულად ყველა დოკუმენტის წარმოდგენა შეიძლება უსარგებლოც იყოს მათი დიდი მოცულობიდან გამომდინარე, ითხოვს პროგრამის ასლის გადახედვას, რითაც დასტურდება, რომ კომპანიის ხელმძღვანელს ხელფასის სახით არ გაუტანია მიღებული თანხები. პროგრამაში ამომწურავად არის მოცემული ნაღდი თანხების მოძრაობა. მშენებლობისათვის საჭირო მიწის ფართობი დამფუძნებლემა, ხელმღვანელმა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა კომპანიას, 189 000 ლარის ღირებულებით 2015 წელს, რაც საკადასტრო კოდის, მიწის ამონაწერითაც დასტურდება. აღნიშნული დავალიანების თანხა კომპანიამ მომწოდებელს (დამფუძნებელს, დირექტორს) გაუსტუმრა 2019 წელს, ამ და სხვადასხვა ნაღდი ფულის გასავლის (მომწოდებლებზე ნაღდი სახით გაცემის) ოპერაციის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლებს წარმოადენს საჩივარზე თანდართულ ფაილებში დანართის სახით. ასევე, კომპანიის დამფუძნებელმა/ხელმძღვანელმა კომპანიას სესხის სახით მისცა (ნაღდი სახით) თანხები, სხვადასხვა პერიოდში კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელთა დიდი ნაწილი არ არის დაბრუნებული დღესაც, რაც დასტურდება ბუღალტრული ჩანაწერებიდანაც და ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ ანგარიშგების პორტალზე https://reportal.ge/ წარდგენილი ანგარიშგებიდანაც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კატეგორიულად არ ეთანხმება როგორც აუდიტორის მიერ დაფიქსირებულ, კლიენტებიდან მიღებული თანხის ოდენობას 396 990 ლარის დაკვალიფიცირებას ხელმძღვანელზე გაცემულ ხელფასად, ისე, ამის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადის თანხას 79 398 ლარს. რეალურია ის, რომ აღნიშნული თანხა გამოყენებულია როგორც მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის, ასევე ხელმძღვანელისგან მიღებული სესხის დასაფარად და შესაბამისად უნდა იქნეს სწორად დაკვალიფიცირებული. ამასთან აღნიშნავს, რომ რამდენიმე ბინის მესაკუთრისგან არ მიუღია ჯერ კიდევ სრულად თანხები. ითხოვს, სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადის 79 398 ლარის, დაკისრებული ჯარიმის 40 118 ლარის და ასევე საურავების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად, არ ეთანხმება ფიზიკური პირებისგან მიღებული შემოსავლების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნავს, რომ თანხები გამოყენებულია, როგორც მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის, ასევე, ხელმძღვანელისგან მიღებული სესხის დასაფარად. ხელმძღვანელს თანხები ჰქონდა შეტანილი სესხის სახით, სხვადასხვა პერიოდში კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე და ეს ფაქტი დასტურდება პორტალზე წარდგენილი ანგარიშგებიდან. რამდენიმე ბინის მესაკუთრისგან დღემდე არ მიუღია სრულად თანხები. საჩივარზე დანართად დართული აქვს საბუღალტრო პროგრამიდან ამოღებული მონაცემები. ითხოვს პროგრამის ასლის გადახედვას, რითაც დასტურდება, რომ კომპანიის ხელმძღვანელს ხელფასის სახით არ გაუტანია მიღებული თანხები და რომ პროგრამაში ამომწურავად არის მოცემული ნაღდი თანხების მოძრაობა. არ ეთანხმება როგორც აუდიტორის მიერ დაფიქსირებულ, კლიენტებიდან მიღებული თანხის ოდენობას 396 990 ლარის დაკვალიფიცირებას ხელმძღვანელზე გაცემულ ხელფასად, ისე, მის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადის თანხას. ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებებს (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების) შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს განსხვავებული/სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან განთავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 64 731 ლარი და საურავი 301 44.59 ლარის ოდენობით
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7-ე ნაწილის თანახმად, შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის გათავისუფლდეს სანქციისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით ან არცოდნით. საგადასახადო დეკლარირება და ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრა, მათი სისწორე გამომდინარეობს ცოდნიდან. როგორც იციდა, ისე მოქმედებდნენ. შესაბამისად, თუ არასწორად ქონდა დაანგარიშებული და დეკლარირებული გადასახადები, არასწორად ქონდა დაბეგრილი ოპერაციები, ეს დადასტურდება მიმდინარე საჩივრიდან და ამ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებიდან. კერძოდ: თუ დაკმაყოფილდება საჩივარი, ესე იგი სწორად ქონია დაბეგრილი და მათი ცოდნა საგადასახადო საკითხებში იქნება მართებული და თუ არ დაკმაყოფილდება რაიმე სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, გამოდის, რომ მათი ცოდნა ყოფილა არასწორი, მცდარი და შესაბამისად სამართლიანი იქნება გათავისუფლება სანქციებისგან 269-ე მუხლის 7 ნაწილით.
გაუგებარია შემოსავლების სამსახურის ფორმულირება „შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.“ სრულიად არგუმენტირებულად, საგადასახადო კოდექსის მუხლებით ჩამოყალიბებულია არგუმენტები, მათი ცოდნა სრულიად დამყარებული დ არგუმენტირებულია საგადასახადო კოდექსით და რა არგუმენტების წარდგენაა მოთხოვნილი გაუგებარია ან რას ნიშნავს „გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში“ მათი ცოდნა და ამ ცოდნაზე დაფუძნებული შედეგი მოქმედებები, რაც ამ შემთხვევაში გამოიხატება გადასახადების დაბეგვრაში, ან არის სწორი ან არის მცდარი. მცდარი კი ნიშნავს შეცდომას, რაც გამოიხატება იმით, რომ კოდექსის მუხლები ან საერთოდ არ იცოდა, ან არასწორად, შეცდომით ქონდა გააზრებული და გაგებული. ზუსტად აღნიშნულია აღწერილი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილში, ისიც იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ არ იყო მართალი და გადასახადები არ ქონდა სწორად დაანგარიშებული და საჩივრის პირველი და მე-2 ნაწილებში მოყვანილი მათი არგუმენტები არ იქნება გათვალისწინებული და შესაბამისად არ დაკმაყოფილდება. მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადახადო შემოწმების აქტით დარიცხული სანქციებისგან, ჯარიმებისა და საურავებისაგან სრულად გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. 2019 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის და 2021 წლის მარტის თვეებში ბინების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. ფიზიკური პირებისგან მიღებული შემოსავლების, რომლებმაც არ დაადასტურეს ბინის ღირებულების გადახდა 2019 წლამდე პერიოდში, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები;
3. დაკისრებული სანქციებისგან განთავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №29826 ბრძანება და 30.11.2022 წლის №081-236 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11948 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11948 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 159; 163; 160; 168; 73 ( 4, 9); 101; 154; 269 (7).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161; 171.