გადაწყვეტილება №21909/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21909/2/2024
26 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 10.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21909/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9897 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №094-81 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32661 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 182 187,2 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 144 768
დღგ - 8 210
მოგების გადასახადი - 134 526
საშემოსავლო გადასახადი - 2 032
ჯარიმა - 22 943
საურავი - 14 476,2
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ფარმაცევტული საქონლით საბითუმო ვაჭრობა. სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2016 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი საპრომოციო მომსახურებას (ფარმაცევტულ ნაწარმზე ინფორმაციის გავრცელება და მიწოდება სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებისათვის) უწევს არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომლის ფარგლებშიც გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს ხარჯები და გამოქვითული არ აქვს ერთობლივი შემოსავლიდან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, შემოწმების მიერ შპს ---ს მიერ გაწეული დანახარჯები ჩაითვალა არარეზიდენტ საწარმოსთვის გაწეულ მომსახურებად, შესაბამისად ზემოაღნიშნული მომსახურების ფარგლებში გაწეული დანახარჯების ოდენობით გაზრდილ იქნა ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა.
ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯებიდან შპს ---- დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილავდა მხოლოდ იმ სმფ-ების თვითღირებულებას, რომელზეც გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ოპერაციებზე დღგ-ის ჩათვლა ჰქონდა მიღებული.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის და 166-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივნის მიერ გაწეული დანახარჯები ჩაითვალა არარეზიდენტ საწარმოსთვის გაწეულ მომსახურებად, დაიბეგრა დღგ-ით და მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2016 წლის №094-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.06.2016 წლის №17728 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 22.06.2016 წლის №17728 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 20.03.2019 წლის №12893/2/16 გადაწყვეტილებით სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2016 წლის №10440 ბრძანება, 18.04.2016 წლის №094-102 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 22.06.2016 წლის №17728 ბრძანება და საბჭოს 20.03.2019 წლის №12893/2/16 გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
№3/2789-19 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.03.2020 წლის გადაწყვეტილებით შპს ---ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2016 წლის №10440 ბრძანება, 18.04.2016 წლის №094-102 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 22.06.2016 წლის №17728 ბრძანება და საბჭოს 20.03.2019 წლის №12893/2/16 გადაწყვეტილება და მოპასუხე შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
საპრომოციო მედიკამენტების საბაზრო ფასით უსასყიდლო მიწოდებად ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, კერძოდ, პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1 000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამომ საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.
სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2016 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად 2012, 2013 და 2014 წლების საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელი საკუთარი საპრომოციო მიზნებისათვის უსასყიდლოდ გაცემულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გარკვეულ ნაწილს ასახავდა გამოსაქვით ხარჯებში, ხოლო ნაწილს არ ითვალისწინებდა არც ერთობლივ შემოსავალში და არც გამოსაქვით ხარჯებში. შემოწმების შედეგად აღნიშნული მედიკამენტები საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ჩაითვალა მედიკამეტების უსასყიდლო მიწოდებად საბაზრო ფასით და ასახული იქნა ერთობლივ შემოსავალში, ასევე გამოსაქვით ხარჯებში.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული აუდიტორის ----ის ახსნაგანმარტებაზე, სადაც მან განმარტა, რომ თითოეულ ექიმზე უსასყიდლოდ გაცემული მედიკამენტის ღირებულება გამოკვლეული არ ყოფილა, რადგან დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. მოსარჩელის განმარტებით, თითოეულ ექიმზე გადაცემული მედიკამენტების რაოდენობა არ აღემატებოდა 1000 ლარს, რის დასადასტურებლადაც უთითებს მიღება-ჩაბარების აქტებზე. მისივე განმარტებით, კომპანიის მიერ საპრომოციოდ დარიგებული საქონელი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. გამოდის, რომ ერთი ოპერაცია, რომელიც დაბეგრილი იყო გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადითაც. ასეთ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი უნდა დაქვემდებარებოდა შემცირებას, თუ აუდიტორი მიიჩნევდა, რომ გადამხდელს უნდა დარიცხვოდა მოგების გადასახადი, რადგან ერთი ოპერაციის ამგვარი დაბეგვრა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. აღნიშნული გარემოებები კი დაუსაბუთებელს ხდის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას, რომ შემმოწმებელთა მიერ საქონლის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვა და დაბეგვრა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ვინაიდან აუდიტორის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტში გაკეთებული განმარტება, საკითხის ამომწურავი მოწესრიგების შესაძლებლობას არ ქმნის, სადავო საკითხი საჭიროებს საქმის გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2016 წლის №10440 ბრძანება, 18.04.2016 წლის №094-102 საგადასახადო მოთხოვნა, 22.06.2016 წლის №17728 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება. ამასთან, მოპასუხე შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.03.2020 წლის №3/2789-19 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2021 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის/ანალიზის შედეგად კომპანიის მიერ სამედიცინო პერსონალზე უსასყიდლოდ საპრომოციოდ გაცემული მედიკამენტების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ვალდებულებები უცვლელი დარჩა. აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2021 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 15.12.2021 წლის №094-161 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.04.2022 წლის №8347 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საპრომოციოდ გაცემული მედიკამენტების საბაზრო ფასით უსასყიდლო მიწოდებად ჩათვლის და მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.03.2020 წლის გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, 4დამატებით ყოველმხრივ გამოიკვლიოს/დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 4.04.2022 წლის №8347 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის/ანალიზის შედეგად, სამედიცინო პერსონალზე უსასყიდლოდ საპრომოციოდ გაცემული მედიკამენტების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ვალდებულებები უცვლელი დარჩა.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №094-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9897 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9897 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის/ანალიზის შედეგად, სამედიცინო პერსონალზე უსასყიდლოდ საპრომოციოდ გადაცემული მედიკამენტების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ვალდებულებები უცვლელი დარჩა. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №094-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32661 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტით შეუძლებელია ფიზიკური პირის იდენტიფიცირება (არ არის მითითებული პირადი ნომერი) და ასევე მითითებულია მხოლოდ მედიკამენტის დასახელება (არ არის მითითებული ფასი). ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ექსელის ფორმატში ასახული საქონლის ჯამური ჩამოწერები), სადაც ასევე შეუძლებელია ფიზიკური პირის იდენტიფიცირება (არ არის მითითებული პირადი ნომერი) და მასზე გაცემული საქონლის ღირებულების განსაზღვრა. შედეგად, შპს ---ას მიერ სამედიცინო პერსონალზე უსასყიდლოდ საპრომოციოდ გადაცემული მედიკამენტების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ვალდებულებები უცვლელი დარჩა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოგების გადასახადით დაიბეგრა უცხოელი მომწოდებლისაგან უსასყიდლოდ მიღებული საქონლის საქართველოში დარიგება საპრომოციოდ, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო. დასარიგებელი საქონელი (მედიკამენტები) თავიდანვე იყო მიღებული მიზნობრივად, მხოლოდ საპრომოციო (სარეკლამო) დარიგებისათვის ნიმუშების სახით. ეს მითითებული იყო ინვოისებშიც და მისი ფასი დაფიქსირებული იყო მხოლოდ საბაჟო საჭიროებისათვის და არა ანაზღაურებისათვის. შემმოწმებლებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უკანონოდ გადაწყვიტეს, რომ უსასყიდლოდ გავრცელებული სარეკლამო მედიკამენტის ინვოისის ფასი ექვემდებარებოდა ერთობლივ შემოსავალში ასახვას საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც შემოწმების ფარგლებში ასახეს კიდეც და შემდეგ ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამ მედიკამენტების სარეალიზაციო ფასი ადგილობრივ ბაზარზე დაამატეს ერთობლივ შემოსავალს, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გამოქვითეს 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემოსავალი და საბოლოოდ დაარიცხეს საბაზრო ფასი იმ სარეკლამო ნიმუშებზე, რომლებიც საერთოდ უფასოდ ვრცელდება. საპრომოციოდ დარიგებული საქონელი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, აქედან გამომდინარე ის არ არის ერთობლივ შემოსავალში აღებული. გამომდინარე იქედან, რომ შემმოწმებელმა საპრომოციოდ დარიგებული საქონელი განიხილა უსასყიდლო მიწოდებად ფასნამატით, ის უსასყიდლო დარიგება, რომელიც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით უნდა შემცირდეს, გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტიდან. საპრომოციოდ დარიგებული საქონელი თითოეული ფიზიკური პირისათვის არ აღემატებოდა 1 000 ლარს, რომელთა გადაცემა ბენეფიციარებზე ხდებოდა საქართველოს მასშტაბით კონფერენციებზე, სხვადასხვა შეხვედრებზე, რაზეც ძირითად შემთხვევებში არსებობს მედიკამენტების გადაცემის დოკუმენტაცია. დამატებით წარმოდგენილია დოკუმენტაცია, სადაც დეტალურად იყო გაანგარიშებები და რომლის ანალიზითაც ნათელია, რომ დარიგებული მედიკამენტები წარმოადგენს საპრომოციო საქონელს და თითოეული ექიმისათვის და ბენეფიციარისათვის ვერ იქნებოდა 1 000 ლარზე მეტი. ამჟამინდელი დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დამატებით წარდგენილ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. დასკვნაში არ არის განმარტებული მიზეზი, თუ რატო არ მოხდა ვალდებულების ცვლილება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კვლავ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1 000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9897 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის/ანალიზის შედეგად, სამედიცინო პერსონალზე უსასყიდლოდ საპრომოციოდ გადაცემული მედიკამენტების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ვალდებულებები უცვლელი დარჩა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საპრომოციოდ გაცემული მედიკამენტების ღირებულება დაბეგრილი ჰქონდა გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან. შემოწმების აქტის შედგენის დროს გამოიკვეთა აღნიშნული საკითხი და შემოწმების მხრიდან მოთხოვნილი იყო, რომ თუ მოხდება თითოეული მიმღები პირის (ექიმის) იდენტიფიცირება და გადაცემული მეიკამენტების ღირებულება 1 000 ლარზე დაბალი იქნებოდა, შემოწმების შედეგებით მოხდებოდა აღნიშნულის შემცირება, მაგრამ ვერ იქნა იდენტიფიცირებული. სასამართლომ შესასწავლად დააბრუნა საკითხი, რადგან დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოხდებოდა იდენტიფიცირება თითოეული მიმღების და 1 000 ლარზე ნაკლები იქნებოდა მიღებული მედიკამენტების ღირებულება თითოეული ფიზიკური პირისთვის. შესწავლის შედეგად მონაცემები არ იდენტიფიცირდება. ჩამოწერის აქტში მითითებულია მხოლოდ მედიკამეტის დასახელება, მიმღები პირის სახელი და გვარი, არ არის მითითებული მედიკამენტის ღირებულება და მიმღების პირადი ნომერი. წარმოდგენილია პროგრამიდან ამოღებული რეესტრი ექსელის ფორმატში და არც აღნიშნულით ხდება თითეოული პირის მიხედვით მიღებული მედიკამენტების თანხის განსაზღვრა, რის გამოც არ მოხდა გადაანგარიშება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად შესწავლილია სადავო საკითხი, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9897 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9897 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9897 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის/ანალიზის შედეგად, სამედიცინო პერსონალზე უსასყიდლოდ საპრომოციოდ გადაცემული მედიკამენტების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ვალდებულებები უცვლელი დარჩა. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №094-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32661 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102; 154.