ბრძანება N 19708
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19708
10 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.:----------)
2023 წლის 20 იანვრის და 2 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისს და 3 აგვისტოს გამართულ სხდომებზე (ოქმები №62 და №81) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 20 იანვრის №78234/1/2023 და №405445 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №005-192 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სს „----------“ გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული ბინის უზრუნველყოფის ფარგლებში რეალიზებული უძრავი ქონების ოპერაციის, ბანკის მიერ განსაზღვრული ღირებულებით, 176 071 ლარის ოდენობით, დღგ-ით დაბეგვრას. მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქონება ბანკმა არასამართლიანად წაიღო უზრუნველყოფაში და რეალურად მისი სრული ღირებულებაც არ დაუფარია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბანკთან სამართლებრივი მოლაპარაკება. გადამხდელის მოსაზრებით ბანკი დააბრუნებს ბინას, შემდეგ მოხდება მისი რეალიზაცია და შესაბამისი გადასახადების გადახდა. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის პირველ ნაწილზე და აცხადებს, რომ ბანკის მიერ უზრუნველყოფის ფარგლებში ბინის რეალიზაცია არ არის დასაბეგრი ოპერაცია, ვინაიდან გადამხდელს შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღია და მიღებულია მხოლოდ - 21 550 ლარი.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ბინის ღირებულების ნაწილის, 21 550 ლარის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბანკის მიერ ბინის დაბრუნების შემდეგ კომპანია დაუბრუნებს აღნიშნულ თანხას ფიზიკურ პირს და ბინას გაყიდის სხვა მყიდველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ 21 550 ლარი შესაბამის პერიოდში უნდა დაიბეგროს როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი მოგების გადასახადით, რათა თანხის წინა მყიდველზე დაბრუნების შემდგომ მოხდეს დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 მაისის №12674 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 21 დეკემბრის №32368 ბრძანება და 2023 წლის 22 დეკემბრის №005-192 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 55 995 ლარი, მათ შორის გადასახადი 32 291 ლარი, ჯარიმა 17 653 ლარი, საურავი 6 051 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელს 2021 წლის 6 მაისის თარიღისთვის სს“----------“ გაფორმებული აქვს იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ფიზიკური პირ ---------- საწარმო დაუდგა თავდებად და შპს „----------“ უძრავი ქონება - ბინა N1 (ს/კ ----------) დაიტვირთა იპოთეკით. შესამოწმებელ პერიოდში გრაფიკის დარღვევის გამო ბინა გაიყიდა 2021 წლის 3 დეკემბერს აუქციონზე და აღნიშნული ბინა შეიძინა თავად ბანკმა 176 071 ლარად. გადამხდელს აღნიშნული ქონების რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების მიხედვით, განესაზღვრა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ამასთან, შპს „----------“ დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, მას თავდებობის ფარგლებში ხელზე აღებული აქვს თანხა 21 500 ლარის ოდენობით, რაც არ არის ასახული გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო გატარებებში და ბრუნვათა უწყისებში. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ სარგებლად. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და ასევე, დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/ არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.
3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია (მიწოდება) იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგით არ იბეგრება საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრისა და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 661 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:
1. ეს თავი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის პირობებსა და პროცედურებს.
2. დღგ-ით ამ თავის შესაბამისად იბეგრება:
ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;
ბ) ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი;
გ) დღგ-ით არ იბეგრება:
გ.ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ბანკის მიერ უზრუნველყოფის ფარგლებში ბინის რეალიზაცია არ არის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვინაიდან სს „----------“ გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შესაბამისად, ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით რეალიზებული ქონება (უზრუნველყოფის ობიექტი) წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით, საცხოვრებელი ბინის/სახლის აუქციონის წესით რეალიზაცია არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ მას თავდებობის ფარგლებში ხელზე აღებული აქვს თანხა 21 500 ლარის ოდენობით, რაც არ არის ასახული გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო გატარებებში და ბრუნვათა უწყისებში. შესაბამისად, აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით, საცხოვრებელი ბინის/სახლის აუქციონის წესით რეალიზაცია არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული ბინის უზრუნველყოფის ფარგლებში რეალიზებული უძრავი ქონების ოპერაციის, ბანკის მიერ განსაზღვრული ღირებულებით, 176 071 ლარის ოდენობით, დღგ-ით დაბეგვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ბინის ღირებულების ნაწილის, 21 550 ლარის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს 2021 წლის 6 მაისის თარიღისთვის ბანკთან გაფორმებული აქვს იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ფიზიკური პირს საწარმო დაუდგა თავდებად და მომჩივანის უძრავი ქონება - ბინა დაიტვირთა იპოთეკით. შესამოწმებელ პერიოდში გრაფიკის დარღვევის გამო ბინა გაიყიდა 2021 წლის 3 დეკემბერს აუქციონზე და აღნიშნული ბინა შეიძინა თავად ბანკმა 176 071 ლარად. გადამხდელს აღნიშნული ქონების რეალიზაცია არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განესაზღვრა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის მიხედვით. ამასთან, მომჩივანის დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, მას თავდებობის ფარგლებში ხელზე აღებული აქვს თანხა 21 500 ლარის ოდენობით, რაც არ არის ასახული გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო გატარებებში და ბრუნვათა უწყისებში. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ სარგებლად, გადამხდელი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და ასევე, დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით, საცხოვრებელი ბინის/სახლის აუქციონის წესით რეალიზაცია არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159; 1611.