გადაწყვეტილება №21831/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21831/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -----------ი (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ის 9.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21831/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო შემოწმების შედეგები (მომჩივნის განმარტებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №023-22 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.12.2023 წლის №31699 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 67 438.44 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 39 216
დღგ - 30 964
საშემოსავლო გადასახადი - 7 101
ქონების გადასახადი - 1 151
ჯარიმა - 19 609
საურავი - 8 613.44
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო მომსახურების გაწევა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
- მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1.02.2021 წელს, ხოლო, მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 1.03.2021 წელს. 2021 თებერვლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი 26 200 ლარი. არ აქვს წარდგენილი 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე და მე-100 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
- მეწარმის საბანკო ანგარიშების შესწავლიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი შინაარსით სარემონტო სამუშაოების ღირებულება, რომელიც არ არის ასახული შესაბამის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
- გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.06.2021 წელს. გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერის შესწავლით ირკვევა, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი შინაარსით: „სარემონტო სამუშაოების ღირებულება“ და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში, ასევე 2023 თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა ავ------ თანხით 60 000 ლარი, რომელიც არ არის ასახული შესაბამის პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
- მეწარმემ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე ი/მ --------ისგან (ს/ნ --------) მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა ეა--------, სრული თანხით 65 000 ლარი, დღგ-ის თანხა 9 915.25 ლარი, შინაარსით: „შესრულებული სამუშაოს ღირებულება“. შემოწმების შედეგად ვერ დგინდება თუ რა ტიპის სამუშაო იქნა შესრულებული, საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება თანხის გადახდა. ვერ დგინდება მომსახურება მიზნობრიობა ან გამოყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შემცირდა 9 915.25 ლარით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
- 2021 საგადასახადო წლის შემოსავალი შეადგენს 80 102,75 ლარს. ხოლო მისი მეუღლის --------ის (პ/ნ -------) შემოსავალი შეადგენს 44 025,52 ლარს. მათ არ აქვთ წარდგენილი 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია. მომჩივნის საკუთრებაში არსებული ქონება შეფასებულია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და შემფასებლის კვლევის შედეგად დადგენილი კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, ხოლო მეუღლის ქონების შეფასება აღებული იქნა მის მიერ წარდგენილი 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციიდან. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 11.10.2023 წლის №25303 ბრძანება და 12.10.2023 წლის №023-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 11.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.12.2023 წლის №31699 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი 26 200 ლარი, რაზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, მიღებული აქვს შემოსავალი შინაარსით სარემონტო სამუშაოების ღირებულება, რომელიც არ არის ასახული შესაბამის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. ამასთან, პირს 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ------- თანხით 60 000 ლარი, რომელიც არ არის ასახული შესაბამის პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. აგრეთვე, 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რომლის მიზნობრიობა და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებში გამოყენება არ დგინდება, რის საფუძველზეც ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა შემცირებას. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანხმად, ი/მ ------ის შემოწმების პროცესში არ იყო გამოყენებული შემოსავლების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტებით და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ წარმოუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზეც შედგენილია შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არ ეთანხმება. შემმოწმებლების მიერ სრულად არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი ხასიათის გარემოებები. მიაჩნია, რომ წარდგენილი მონაცემებით მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, შესაძლებელია კონტროლის გავრცელება ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასასრულზე. ამასთან, შემმოწმებლების მხრიდან სათანადოდ დასაბუთებული არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები. საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე მითითებით აცხადებს, რომ შემმოწმებლების მიერ დასახელებული და წარდგენილი არ არის შესადარი კომპანია, ასევე შესაბამისი დოკუმენტაცია (ოქმი ან სხვა დოკუმენტი), რომელიც დაადგენდა რეალურ სურათს. გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდები არ არის შესადარისი კონკრეტულ კომპანიასთან და შესაბამისად გამოყენებული მეთოდები არ გამომდინარეობს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-81 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს; გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე),შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2024 წლის №-----21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პროცესში არ იყო გამოყენებული შემოსავლების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტებით და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ წარუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზეც შედგენილია შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ამდენად, არ არსებობს მათი გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო შემოწმების შედეგები (მომჩივნის განმარტებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით).
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
- მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1.02.2021 წელს, ხოლო, მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 1.03.2021 წელს. 2021 თებერვლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი 26 200 ლარი. არ აქვს წარდგენილი 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე და მე-100 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
- მეწარმის საბანკო ანგარიშების შესწავლიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი შინაარსით, რომელიც არ არის ასახული შესაბამის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
- გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია , პირს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში, ასევე 2023 თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა , რომელიც არ არის ასახული შესაბამის პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
- მეწარმემ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე ფიზიკური პირისგან მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა . შემოწმების შედეგად ვერ დგინდება თუ რა ტიპის სამუშაო იქნა შესრულებული, საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება თანხის გადახდა. ვერ დგინდება მომსახურება მიზნობრიობა ან გამოყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შემცირდა 9 915.25 ლარით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
- ამასთან,შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, მომჩივანის და მისი მეუღლის შემოსავალი (ცალცალკე) 2021 წლის საანგარიშო პერიოდში აღემატება 40 000 ლარს. მათ არ აქვთ წარდგენილი 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია. მომჩივნის საკუთრებაში არსებული ქონება შეფასებულია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და შემფასებლის კვლევის შედეგად დადგენილი კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, ხოლო მეუღლის ქონების შეფასება აღებული იქნა მის მიერ წარდგენილი 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციიდან. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №25303 ბრძანება და №023-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №31699 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ამდენად, არ არსებობს მათი გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 90(1); 93( 11); 100(1); 159(1 ,,ა“ ,,ბ“); 163(1,2); 164(1) ;174(1); 175(1 ,,ა“); 176(1 ,,ა“); 201(1„გ.ა“); 202(5);