გადაწყვეტილება №6386/2/2018-1

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.12.2019
№ დოკუმენტი 6386/2/2018-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№6386/2/2018

25.09.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“

შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, , --.--.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“-ს --.--.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

 

დავის საგანი:

გადამხდელის მიერ გამოქვითვებში გათვალისწინებული კურსთაშორისი სხვაობიდან წარმოქმნილი ზარალის შემცირება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №------ ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 306209 ლარი;

მათ შორის:

დღგ - 76167 ლარი;

მიწა-არასასოფლო - 6350 ლარი;

მოგების გადასახადი - 8320 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 72930 ლარი;

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - 5086 ლარი;

ქონების გადასახადი - (-5125) ლარი;

ჯარიმა - 88470 ლარი;

საურავი - 54011 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა მანდარინის შეძენა, რეალიზაცია (ექსპორტი, ადგილობრივი), მანდარინის კონცენტრატის წარმოება-რეალიზაცია, ასევე პლასტმასის და ხის ყუთების, პალეტების წარმოება-რეალიზაცია. ასევე შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული აქვს სხვადასხვა შერეული საქონელი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის --.--.2014 წლიდან --.--.2016 წლამდე პერიოდის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა --.--.2017 წლის აქტში.

შემოწმების აქტით განსაზღვრულ თანხებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №----- ბრძანება და --.--.2017 წლის №------- საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და --.--.2018 წლის №------- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელის მიერ გამოქვითვებში გათვალისწინებული კურსთაშორისი სხვაობიდან წარმოქმნილი ზარალის შემცირება

 

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის თანახმად, 2014 და 2015 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გადამხდელს გამოქვითული აქვს ზარალი კურსთაშორისი სხვაობიდან 3887973 ლარის ოდენობით, ამ პერიოდში საზოგადოებას მიღებული აქვს ფულადი თანხები არარეზიდენტი ფირმა „ „----------““-სა და არარეზიდენტ ფირმა „ „----------““-სგან, რომლის გადაფასებით მიღებულმა ზარალმა 2014 და 2015 წლების ბოლოსათვის შეადგინა 3887973 ლარი.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დაადგინდა, რომ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (2012 წლიდან დღემდე მიღებულ თანხაზე გადამხდელს არ აქვს გადახდილი სესხის თანხა, ამავდროულად გადახდილი აქვს თანხები კრედიტორებისათვის, არ არის წარდგენილი სესხის ხელშეკრულება, ხოლო ახსნა-განმარტებით გადახდის კონკრეტული თარიღი არ არის განსაზღვრული) ზემოთ აღნიშნულ მიღებულ თანხას/ვალდებულებას არ გააჩნია ის კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაშია ბასს 21-ით დადგენილ მოთხოვნებთან, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბუღალტრული მუხლი/ვალდებულება ექვემდებარება გადაფასებას საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ხოლო კურსთაშორისი სხვაობებით გამოწვეული შედეგი საანგარიშო პერიოდის მოგება-ზარალში ასახვას.

გამოვლენილი სხვაობით, 3887973 ლარით, შემცირდა სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გამოქვითვები 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლიდან.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს სსკ-ს 43-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, კერძოდ, „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები; დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

სსკ-ს 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები; ბ) გადასახადის გადამხდელისაგან ან/და მისი წარმომადგენლისაგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე.

სსკ-ს 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, ამასთან სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

სსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, ამასთან ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. 106-ე მუხლის მიხედვით კი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით (2012 წლიდან დღემდე მიღებულ თანხაზე გადამხდელს არა აქვს გადახდილი სესხის თანხა, ამავდროულად გადახდილი აქვს თანხები სხვა კრედიტორებისთვის, არ არის წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება, ხოლო ახსნა-განმარტებით გადახდის კოკნრეტული თარიღი არ არის განსაზღვრული) „ „----------““-ს მიერ არარეზიდენტი ფირმა “ „----------“”-სა და არარეზიდენტ ფირმა “ „----------“”-სგან მიღებულ თანხა/ვალდებულება არ აკმაყოფილებს ბასს 21-ით დადგენილ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ვალდებულება ექვემდებარება გადაფასებას საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ხოლო კურსთაშორისი სხვაობებით გამოწვეული შედეგი საანგარიშო პერიოდის მოგება-ზარალში ასახვას. შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობით 3887973 ლარით 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალიდან გამოქვითვების შემცირება, შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2012 წელს რომლის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს მანდარინის შეძენა, მანდარინის რეალიზაცია (ექსპორტი-ადგილობრივი), ასევე პლასტმასის და ხის ყუთების, პალეტების წარმოება რეალიზაცია. ასევე შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული აქვს სხვადასხვა ტიპის შერეული საქონელი. პირველ ეტაპზე საწარმო დაკავებული იყო სამშენებლო სამუშაოებით რისთვისაც კომპანიას არ გააჩნდა საკმარისი ფინასური სახსრები, შესაბამისად დღის წესრიგში დადგა სესხის მოძიების საკითხი, რაც სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან დამწყებ ბიზნესზე საფინანსო ორგანიზაციები ნაკლებად გასცემენ სესხებს და აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ პერიოდში საწარმოს არ გააჩნდა საკმარისი ქონება (აგრეთვე ბრუნვა) რომლითაც იპოთეკით დატვირთვას და სესხის უზრუნველყოფას შეძლებდა, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, კომპანიას სესხი აეღო არარეზიდენტი კომპანიისგან („----------“”), როგორც ერთადერთი წყაროსგან, სესხის აღება ხორციელდებოდა ეტაპობრივად საჭიროებიდან გამომდინარე, რომელსაც ერიცხება პროცენტი ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი განაკვეთის შესაბამისად. სესხის დაბრუნება განხორციელდება ეტაპობრივად კომპანიის მიერ მიღებული ამონაგებიდან.

გამომდინარე იქედან, რომ სესხის აღება განხორციელდა უცხოურ ვალუტაში შესაბამისად 2014 და 2015 წლის ერთობლივი შემოსავლიდან კომპანიას გამოქვითული აქვს კურსთაშორისი სხვაობიდან წარმოქმნილი ზარალი 3887973 ლარის ოდენობით.

მიუხედავად იმისა რომ სესხის ხელშეკრულება დაიკარგა და ვერ მოხერხდა მისი წარდგენა შემოწმებლისთვის, ბუღალტრულად ასახულია ყველა ოპერაცია ბასს-ის შესაბამისად, აქედან გამომდინარე კურსთაშორისი სხვაობიდან წარმოქმნილი ზარალი 3887973 ლარის ოდენობით გამოქვითული უნდა იქნეს ერთობლივი შემოსავლიდან და უნდა გაუქმდეს შესაბამისი წლების მიხედვით ძირითადი გადასახადის, ჯარიმის და საურავის დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად,1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები;

ბ) გადასახადის გადამხდელისაგან ან/და მისი წარმომადგენლისაგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საჩივრის თანახმად მიუხედავად იმისა რომ სესხის ხელშეკრულება დაიკარგა და ვერ მოხერხდა მისი წარდგენა შემოწმებლისთვის, ბუღალტრულად ასახულია ყველა ოპერაცია ბასს-ის შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტის --.--.2018 წლის №--------- წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2014 და 2015 წლებში საზოგადოებას მიღებული აქვს ფულადი თანხები არარეზიდენტი ფირმა „----------“-სა და არარეზიდენტ ფირმა „----------“-სგან, რომლის გადაფასებით მიღებულმა ზარალმა 2014 და 2015 წლების ბოლოსათვის შეადგინა 3887973 ლარი. 2012 წლიდან დღემდე მიღებულ თანხაზე გადამხდელს არ აქვს გადახდილი სესხის თანხა, ამავდროულად გადახდილი აქვს თანხები სხვა კრედიტორებისათვის, არ არის წარდგენილი სესხის ხელშეკრულება, ხოლო ახსნა-განმარტებით გადახდის კონკრეტული თარიღი არ არის განსაზღვრული. ზემოთ აღნიშნულ მიღებულ თანხას/ვალდებულებას არ გააჩნია ის კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაშია ბასს 21-ით დადგენილ მოთხოვნებთან, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბუღალტრული მუხლი/ვალდებულება ექვემდებარება გადაფასებას საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ხოლო კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული შედეგი საანგარიშო პერიოდის მოგება-ზარალში ასახვას.

შემოწმების აქტში გადასახადის გადამხდელის პოზიციის გრაფაში მითითებულია შემდეგი: გადამხდელის ინფორმაციით ვერ ხერხდება შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტისათვის ხელშეკრულების წარდგენა, რომლის საფუძველზეც საზოგადოებამ მიიღო აღნიშნული თანხები, გამსესხებელი ორგანიზაციები წარმოადგენს დამფუძნებლის კომპანიებს (----------), ხოლო საზოგადოების მიერ მიღებული თანხა წარმოადგენს დამფუძნებლის შენატანს, რომელიც ბუღალტრულად განხილულია, როგორც სესხი, თანხის დაბრუნება დამფუძნებლისათვის (დამფუძნებლის კომპანიისათვის) მოხდება მაშინ, როცა კომპანიასს ექნება თავისუფალი სახსრები მოგებიდან.

ინფორმაციას ახლავს გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი --.--.2016 წლის №---- წერილი რომლის თანახმად, ადასტურებს რომ შპს “----------” არის დამფუძნებლის (----------) კომპანია და ---------- არის დამფუძნებლის (----------) ძმა, შესაბამისად მათ მიერ შეტანილი თანხები არის დამფუძნებლის შენატანები, რომელიც ბუღალტრულად განხილულია სესხად, პროცენტის დარიცხვა განხორციელდა საბაზრო განაკვეთის შესაბამისად, რომლის გადახდაც განხოციელდება როდესაც საწარმოს ექნება თავისუფალი თანხები მოგებიდან, მაგრამ აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოძიება ვერ მოხერხდა. შპს „----------“ არის პარტნიორი კომპანია, საზოგადოებასა და მას შორის თანხების მოძრაობასთან დაკავშირებით ვერ მოიძებნა მაგრამ აღნიშნული თანხები ბუღალტრულად სესახად არის აღიარებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად.

ამდენად დადგენილია, რომ საზოგადოებას მიღებული აქვს თანხები არარეზიდენტი ფირმებისგან (----------), რომლის გადაფასებით მიღებულმა ზარალმა 2014 და 2015 წლების ბოლოსათვის შეადგინა 3887973 ლარი. 2012 წლიდან დღემდე მიღებულ თანხაზე გადამხდელს არა აქვს გადახდილი პროცენტი, ამავდროულად გადახდილი აქვს პროცენტები სხვა კრედიტორებისთვის. აუდიტორის შეფასებით მიღებულ თანხას/ვალდებულებას არ გააჩნია ის კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ბასს 21-ით დადგენილ მოთხოვნებთან, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბუღალტრული მუხლი/ვალდებულება ექვემდებარება გადაფასებას საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ხოლო კურსთაშორისი სხვაობებით გამოწვეული შედეგი საანგარიშო პერიოდის მოგება-ზარალში ასახვას.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ერთობლივი შემოსავლიდან გადამხდელს გამოქვითული აქვს ზარალი კურსთაშორის სხვაობიდან (3887973 ლარის ოდენობით), შემოწმებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა მართებულია და გამოვლენილი სხვაობით კანონშესაბამისად შემცირდა სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული გამოქვითვები 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლიდან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

დათო გაბლიშვილი