გადაწყვეტილება №23620/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23620/2/2024
04 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 2.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23620/2/2024).
დავის საგანი:
კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გატანილი ქონების საბაზრო ღირებულება და აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31169 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №006-627 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16970 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 506 536,82 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 274 332
დღგ - 109 525
მოგების გადასახადი - 128 421
საშემოსავლო გადასახადი - 36 386
ჯარიმა - 137 166
საურავი - 95 038,82
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კომერციული ფართის გაქირავება. იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის№14058 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- შემოწმებისას შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზით დგინდება, რომ 10.12.2021 წელს პარტნიორთა გადაწყვეტილების მიხედვით დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს (---) კუთვნილი წილების პროპორციულად საწარმოს კაპიტალიდან გატანილი აქვთ ბალანსზე არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქ. ----ს ქ.№133/14- ში განთავსებული 333 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც კაპიტალში შეტანილი იყო 20.08.1999 წელს, ღირებულებით 20 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 27.10.2023 წლის №58347/07/23 დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- შემოწმების შედეგად დადგინდა სხვაობა საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გაცემული ქონების საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულებას შორის. საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების თანახმად, კაპიტალიდან გატანილი ქონების ნამეტი ღირებულება დაექვემდებარა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31169 ბრძანება და ამავე თარიღის №006-627 საგადასახადო მოთხოვნა, 2024 წლის 12 იანვარს და 1 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.02.2024 წლის №3494 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.06.2024 წლის №22520/2/2024 (რეგ. 27.06.2024წ. 03/49362) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3494 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა და 18.07.2024 წლის №16970 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველის ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის გაქირავება.
შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის ანალიზით დგინდება, რომ 10.12.2021 წლის პარტნიორთა გადაწყვეტილების მიხედვით დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს კუთვნილი წილების პროპორციულად საწარმოს კაპიტალიდან გატანილი აქვთ ბალანსზე არსებული უძრავი ქონება, რომელიც კაპიტალში შეტანილი იყო 20.08.1999 წელს 20 200 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში.
შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ. შედეგად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გაცემული ქონების საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ქონების შეფასების დასკვნებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საბაზრო ღირებულის დადგენის მიზნით შეფასდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქონების საბაზრო ღირებულება 10.12.2021 წლის მდგომარეობით. ექსპერტის მიერ შესწავლილ იქნა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყიდვა-გაყიდვის მონაცემები, საჯარო რეესტრის ბაზაში არსებული ინფორმაციის და საინფორმაციო წყაროებში დაფიქსირებული რეალიზაციის განცხადებების შესაბამისად. მოპოვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შეირჩა ანალოგები და სათანადო კორექტირებების გათვალისწინებით მიღებულ იქნა აქტივის საბაზრო ღირებულება.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის განმარტებით, დასკვნაში მის მიერ აღებული უძრავი ქონების ანალოგები, ძირითადი პარამეტრის გათვალისწინებით, საუკეთესოა შესადარის ობიექტებად და აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა დაპირისპირებული და დასაბუთებული საწინააღმდეგო არგუმენტები დავის განხილვის დროს. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასი განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნების გათვალისწინების საფუძვლები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს კაპიტალიდან დამფუძნებლებზე გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა და დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო შემოწმებით გაანგარიშებულ საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გაცემული ქონების საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულებას შორის სხვაობის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა დავის განხილვაზე მოიწვია და მოისმინა ვალის მართვის დეპარტამენტის შემფასებლის მოსაზრება. განხილვაზე მოსმენილი იქნა მხოლოდ ცალმხრივი, საგადასახადო ორგანოსვე წარმომადგენლის მოსაზრება და არ მოსმენილა ალტერნატიული დასკვნის ექსპერტის მოსაზრება. ამასთანავე მიუხედავად იმისა, რომ დასკვნის ავტორმა აღნიშნა, რომ დასკვნაში შესადარისად მოცემული ობიექტები არ მიესადაგება შეფასების ობიექტს, მაინც ჩათვლილ იქნა, რომ გადასახადები უნდა გაანგარიშებულიყო ამ დასკვნის საფუძველზე. მიღებულ გადაწყვეტილებაში მოცემული არასწორია, რადგანაც ჯერ ერთი არ მოსმენილა ალტერნატიული დასკვნის ექსპერტის მოსაზრება და მეორეც განხილვაზე აღინიშნა, რომ სამი შესადარისი ობიექტიდან ერთი, ერთი და იგივეა ორივე დასკვნაში, ხოლო ორზე, ვინაიდან არ იყო შესაფასებლის მსგავსი გაკეთდა კორექტირება. რამდენად დაკორექტირდა და დაკორექტირების შედეგად, რომ მაინც არაა შესადარისი შესაფასებელ ობიექტთან აღებული მონაცემები, ეს ფაქტი შემოსავლების სამსახურის მიერ ფაქტობრივად გამოტოვებული და უგულვებელყოფილია. მიაჩნია, რომ ორი დასკვნის, თუნდაც მცირე განსხვავებით, არსებობისას დავის განმხილველმა უნდა ისარგებლოს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით, ვიდრე საკუთარი სტრუქტურის სამსახურის დასკვნით. მითუმეტეს, რომ სადავოა შესადარისი ობიექტები. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად არ განიხილა სადავო საკითხი სათანადოდ და არ გამოიკვლია საკითხი საფუძვლიანად, თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ მოუსმინა მხოლოდ ერთი დასკვნის ავტორს და ამასთანავე ამ დასკვნაში მოცემული არაშესადარისი ობიექტების მიუხედავად აღნიშნული არ გაითვალისწინა მიღებული შედეგისათვის.
ამდენად, არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განხორციელებულ დარიცხვებს და მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ არის კანონიერი ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარეც და საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოებული გამოკვლევის არაკანონიერებიდან გამომდინარეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს და ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები, ასევე გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 27.10.2023 წლის №58347/07/23 დასკვნა და შესაბამისად, 22.11.2023 წლის შემოწმების აქტის შედეგად დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 160- ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. საგადასახადო კოდექსის 981 პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საბჭო 6.06.2024 წლის №22520/2/2024 (რეგ. 27.06.2024წ. 03/49362) გადაწყვეტილებაში მიუთითებდა შემდეგზე: საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, კერძოდ, კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გატანილი ქონების საბაზრო ღირებულება და აღნიშნულ ნაწილში საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნის გაუთვალისწინებლობის საფუძვლები, საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16970 ბრძანებაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ქონების შეფასების დასკვნებთან მიმართებით, მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საბაზრო ღირებულის დადგენის მიზნით შეფასდა ექსპერტიზაზე წარდგენილი ქონების საბაზრო ღირებულება 10.12.2021 წლის მდგომარეობით. ექსპერტის მიერ შესწავლილ იქნა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყიდვა-გაყიდვის მონაცემები, საჯარო რეესტრის ბაზაში არსებული ინფორმაციის და საინფორმაციო წყაროებში დაფიქსირებული რეალიზაციის განცხადებების შესაბამისად. მოპოვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შეირჩა ანალოგები და სათანადო კორექტირებების გათვალისწინებით მიღებულ იქნა აქტივის საბაზრო ღირებულება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის განმარტებით, დასკვნაში მის მიერ აღებული უძრავი ქონების ანალოგები, ძირითადი პარამეტრის გათვალისწინებით, საუკეთესოა შესადარის ობიექტებად და აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა დაპირისპირებული და დასაბუთებული საწინააღმდეგო არგუმენტები დავის განხილვის დროს. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასი განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნების გათვალისწინების საფუძვლები. ,საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა, შემფასებელთან (----) ერთად განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურმა დავის განხილვაზე მოიწვია და მოისმინა ვალის მართვის დეპარტამენტის შემფასებლის მოსაზრება. განხილვაზე მოსმენილი იქნა მხოლოდ ცალმხრივი, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრება და არ მოსმენილა ალტერნატიული დასკვნის ექსპერტის მოსაზრება. ამასთანავე მიუხედავად იმისა, რომ დასკვნის ავტორმა აღნიშნა, რომ დასკვნაში შესადარისად მოცემული ობიექტები არ მიესადაგება შეფასების ობიექტს, მაინც ჩათვლილ იქნა, რომ გადასახადები უნდა გაანგარიშებულიყო ამ დასკვნის საფუძველზე. მიაჩნია, რომ ორი დასკვნის, თუნდაც მცირე განსხვავებით, არსებობისას დავის განმხილველმა უნდა ისარგებლოს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით, ვიდრე საკუთარი სტრუქტურის სამსახურის დასკვნით. მითუმეტეს, რომ სადავოა შესადარისი ობიექტები. სამი შესადარისი ობიექტიდან ერთი, ერთი და იგივეა ორივე დასკვნაში, ხოლო ორზე, ვინაიდან არ იყო შესაფასებლის მსგავსი გაკეთდა კორექტირება და დაკორექტირების შედეგად, რომ მაინც არაა შესადარისი შესაფასებელ ობიექტთან აღებული იქნა მონაცემები, ეს ფაქტი შემოსავლების სამსახურის მიერ ფაქტობრივად გამოტოვებული და უგულვებელყოფილია. აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, მომჩივნის მიერ საქმეში წარმოდგენილი არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ, 10.12.2021 წლის მდგომარეობით, შპს---ს №24/01-31/01, №24/01-31/02, №24/01-31/03, №24/01-31/04 შეფასების დასკვნების (შემფასებელი - ---,საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ISO/IEC 17024:2012/2014 შესაბამისობის უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატის მფლობელი) შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოსთვის წარდგენის განცხადება, ხსენებული დასკვნები შეესაბამება თუ არა საერთაშორის სტანდარტებს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ხსენებული ორგანოდან წარდგენილი დადებითი შეფასების შემთხვევაში, უძრავი ქონების სადავო საბაზრო ღირებულის განსასაზღვრად იხელმძღვანელოს აღნიშნული დასკვნებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16970 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ, 10.12.2021 წლის მდგომარეობით, შპს --- ის №24/01-31/01, №24/01-31/02, №24/01-31/03, №24/01-31/04 შეფასების დასკვნების (შემფასებელი - ----, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ISO/IEC 17024:2012/2014 შესაბამისობის უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატის მფლობელი) შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოსთვის წარდგენის განცხადება, ხსენებული დასკვნები შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გატანილი ქონების საბაზრო ღირებულება და აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებისას შესწავლილია, რომ პარტნიორთა გადაწყვეტილების მიხედვით დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს საწარმოს კაპიტალიდან გატანილი აქვთ ბალანსზე არსებული უძრავი ქონება - არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც კაპიტალში შეტანილი იყო 20.08.1999 წელს, ღირებულებით 20 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების შედეგად დადგინდა სხვაობა საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გაცემული ქონების საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულებას შორის. კაპიტალიდან გატანილი ქონების ნამეტი ღირებულება დაექვემდებარა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ შეფასების დასკვნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამდგენი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 160 (3); 164; 8 (12); 981; 130; 154.