სამედიცინო დაწესებულების დაუმთავრებელ მშენებლობაზე ქონების გადასახადი N 1425
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სამედიცინო დაწესებულების დაუმთავრებელ მშენებლობაზე ქონების გადასახადი N 1425
ფაქტობრივი გარემოებები
· პირს ბალანსზე აღრიცხული აქვს დაუმთავრებელი მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ იგეგმება მისი სამედიცინო საქმიანობაში გამოყენება
· პირს საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში არა აქვს ჩართული დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება
შეფასება
· სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. სსკ-ის 206-ე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ქონების გადასახადისგან თავისუფლდება სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია
· შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პირი აშენებდა სამედიცინო დაწესებულებას, იგი ვალდებული იყო ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში აესახა საწარმოს ბალანსზე რიცხული დაუმთავრებელი მშენებლობა დასრულების შემდეგ მის სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებამდე და გადაეხადა ქონების გადასახადი
ღონისძიებები
· პირს დაერიცხება კუთვნილი ქონების გადასახადი
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 8 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა პერიოდებზეც