გადაწყვეტილება №23212/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23212/2/2024
16 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 6.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23212/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ის ყალბი ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებული ჩათვლის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №249-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12942 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 160 165,65 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 41 519
ჯარიმა - 112 685
საურავი - 5 961,65
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის მიერ 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდში შპს „-------“-ს (ს/ნ -------), შპს „-------“-ს (ს/ნ -------), ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------), ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------), ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------, -------), ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------), ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------), ი/მ „-------“-ს *ს/ნ -------), ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------), ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------), შპს „-------“-ს (ს/ნ -------), შპს „-------“-ს (ს/ნ -------), ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------, -------), ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------, -------), შპს „-------“-ს (ს/ნ -------), ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------) და ი/მ „-------“-ს (ს/ნ -------) მიმართ დადასტურებული გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 საანგარიშო პერიოდში ი/მ ------- (ს/ნ -------) და შპს „------- (ს/ნ -------) გამოწერილი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დეკლარირებული აქვს 12 950 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ის თანხა 1 975 ლარი). შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, დგინდება, რომ საწარმოს მიერ ი/მ ------- (ს/ნ -------) და შპს ------- (ს/ნ -------) გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები სულ თანხა 8 450 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 1 289 ლარი) შესაბამისი მომსახურების/საქონლის მიწოდება არ მომხდარა და ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად შეუმცირდა საწარმოს დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა 10 975 ლარი და შესაბამისი დღგ 1 975 ლარი, ხოლო გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით ფიქტიური გარიგების /უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გამო, საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით.
მომჩივანს 2021 წლის მარტის და ოქტომბრის, 2022 წლის აპრილის, მაისის, ივნისის და აგვისტოს და 2023 წლის თებერვლის, აპრილის და ივნისის საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 48 272 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 43 494 ლარი წარმოადგენს შპს „-------“-ს (ს/ნ -------), შპს „-------“-ს (ს/ნ -------), შპს „-------“-ს (ს/ნ -------) და შპს „-------“-ს (ს/ნ -------) მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხას. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, დგინდება რომ გადასახადი გადამხდელს შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) მიღებული ანგარიშ-ფაქტურების (ეა -------, ეა -------, ეა -------, ეკ -------, ეა -------, ეა -------, ეა -------, ეა -------, ეა -------, ეა -------) შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. შემოწმების შედეგად გადასახადი გადამხდელს შეუმცირდა 2021 წლის მარტის და ოქტომბრის, 2022 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, აგვისტოს და 2023 თებერვლის, აპრილის და ივნისის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი დღგ-ის თანხა, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციაში გადასახდელი თანხის შემცირებისათვის და საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის მიხედვით უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტის ჩათვლის განხორციელების გამო, ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №249-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12942 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174- ე მუხლზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 280-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშივეა მითითებული, შემოწმება მოხდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარატამენტის კახეთის სამმართველოს 19.02.2024 წლის №2573/15-04-05 წერილის საფუძველზე, ამავე საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე. ------- (ს/ნ -------) საბუღალტრო მომსახურებას უწევდა ქალბატონი -------. საგადასახადო შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ ------- ------- (ს/ნ -------) წერდა ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს, ითვლიდა დღგ-ის თანხებს და ჩათვლილი თანხები გაჰქონდა ------- ანგარიშიდან. ამდენად, ------- (ს/ნ -------) არ არის საქმის კურსში რა მაქინაციები მოხდა მისი, როგორც ინდივიდუალური მეწარმის შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბარათზე. რამდენადაც საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ვფიქრობთ, შემოსავლების სამსახურის მიერ მეწარმის შემოწმება და მისთვის 200%-იანი ჯარიმის შეფარდება არ წარმოადგენს მართლზომიერ ქმედებას. არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგად, დადგინდება პირი, რომლის ბრალეულმა ქმედებამაც გამოიწვია ------- დამატებით გადასახადების დარიცხვა და ვინ არის ბრალეული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენაზე. საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ------- შემთხვევაში, ------- მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, მისი სახელით მოქმედებდა მესამე პირი, რომელსაც უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. გადასახადი გადამხდელი ითხოვს დაევალოს შესაბამის სამსახურებს ახალი გარემოებების, მტკიცებულებებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხელახლა შეისწავლოს ------- საგადასახადო ვალდებულებები, განისაზღვროს პასუხიმგებელი პირის ვინაობა და ვის უნდა დაეკისროს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები და პასუხიმგებლობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება– იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა– იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
გამოძიებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შპს ------- (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------) მიღებული ანგარიშ-ფაქტურების (ეა -------; ეა -------; ეა -------; ეკ -------; ეა -------; ეა -------; ეა -------; ეა -------, ეა -------; ეა -------) შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის მარტის და ოქტომბრის, 2022 წლის აპრილის, მაისის ივნისის, აგვისტოს და 2023 წლის თებერვლის, აპრილისა და ივნისის საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 48 272 ლარის ოდენობით.
მომჩივანს არ აქვს არგუმენტები სადავო დარიცხვის მართლზომიერებასთან დაკავშირებით. აცხადებს, რომ აღნიშნული გამოწვეულია ბუღალტრის მიზეზით, რომელიც წერდა ყალბ ანგარიშფაქტურებს, ითვლიდა დღგ-ის თანხებს და ჩათვლილი თანხები გაჰქონდა მისი ანგარიშიდან. მისი სახელით მოქმედებდა მესამე პირი, რომელსაც უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ითხოვს დაევალოს შესაბამის სამსახურებს ახალი გარემოებების, მტკიცებულებებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხელახლა შეისწავლოს სადავო საკითხი, განისაზღვროს პასუხიმგებელი პირის ვინაობა.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს კომპანიისთვის საპატიო გარემოებას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს დღგ-ის ყალბი ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებული ჩათვლის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის მიერ 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდში გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.
მომჩივანს გამოწერილი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დეკლარირებული აქვს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. გამოძიებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გადასახადი გადამხდელს მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 178(ე); 280; 282(3); 275