გადაწყვეტილება №19223/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19223/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ -------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 27.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19223/2/2023).
დავის საგანი:
გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 75%-ის ხარჯად განსაზღვრა, აღნიშნული თანხის ფიზიკურ პირებზე გადახდილ თანხად ჩათვლა და შემოწმების შედეგად გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №026-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4659 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 159 342 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 102 684
ჯარიმა - 51 342
საურავი - 5 316
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის ჯართის ყიდვა-გაყიდვა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადასახადის საქმიანობის 17.03.2022 წლიდან 1.08.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს 1 198 257 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადებები. კომპანიის მხრიდან არ არის წარდგენილი საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მიღებული ზედნადებები არ უფიქსირდება. ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შედეგად, ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 75%, რაც შეადგენს 898 693 ლარს. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე გადახდილად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგენილი ერთობლივი შემოსავლის ანალიზით და გამოსაქვითი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოწმების მიერ გამოანგარიშებულია განკარგვადი თანხა 299 564 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების მიხედვით, ასევე შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 19.10.2022 წლის №26531 ბრძანება და ამავე თარიღის №026-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 22.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4659 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიღებული ზედნადებები არ უფიქსირდება. შედეგად, შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 75%, რაც შეადგენს 898 693 ლარს. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ჯართის მომწოდებელ ფიზიკურ პირებზე გადახდილად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა, საწარმოს დირექტორის მიერ ხელმოწერილ ახსნა-განმარტებას და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმში, ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირებულია 0 (ნული) ლარის ოდენობით. შედეგად, შემოწმების მიერ გამოანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ საწარმოს არ უფიქსირდება რეალიზებული საქონლის დოკუმენტური შეძენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხელმძღვანელეს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და ხარჯად აღიარებულია იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს საბაზრო ღირებულების 75%. საკითხისადმი ამგვარმა მიდგომამ ამ შემთხვევაში არარეალურად დიდ ფასნამატამდე მიიყვანა. მისი დათვლით შემოწმების მიერ კომპანიისთვის შესამოწმებელ პერიოდზე არარეალურად დიდი ფასნამატია დაანგარიშებული. კომპანიის საქმიანობის სფერო იყო შავი და ფერადი ლითონის ჯართის ყიდვა-გაყიდვა, სადაც ფასნამატი არის საშუალოდ 15%, რაც ზოგადად ამ სფეროს ბიზნესისთვის მაქსიმალური მოგების მარჟაა. გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ გაწეული ხარჯი ვერ იქნებოდა სრულად შეძენის ხარჯი, რადგან კომპანიას საქონლის შეძენის ხარჯის გარდა აქვს სხვა მიმდინარე და ადმინისტრაციული ხარჯი.
ასევე არ არის სწორი მიდგომა ის, რომ თუ დავუშვებთ და მიღებული შემოსავლის 75%-ის ჩავთვლით შეძენილი საქონლის ღირებულებად რაც შეადგენს 898 693 ლარს (როგორც შემოწმების აქტით იქნა გათვალისწინებული) და დაიბეგრება საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი 3%-იანი განაკვეთით, გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი დაანგარიშებულ უნდა იქნეს ხარჯად აღიარებული საქონლის ღირებულებიდან (898 693 ლარი) და არა 926 488 ლარიდან, როგორც აქტშია ნაანგარიშები.
შესაბამისად მიაჩნია, რომ ფიზიკური პირებისაგან შეძენილი ჯართის ღირებულებაზე გადახდილი თანხა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით უნდა იყოს 26 960 ლარი.
შემოწმების მიერ ასევე გაანგარიშებულია სალაროში ნაღდი ფულის სავარაუდო ნაშთი, რამაც შეადგინა 299 564 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). როგორც აქტიდან ირკვევა, ნაშთი დათვლილია შემდეგი პრინციპით: მიღებულ ერთობლივ შემოსავალს გამოკლებული შემოწმების მიერ ხარჯად ჩათვლილი ფიზიკური პირებისაგან განხორციელებული შეძენა, მიღებული შემოსავლის 75%.
თუ აღნიშნული საკითხის დაანგარიშების დროსაც გათვალისწინებული იქნება იგივე ფასნამატით დათვლილი საქონლის შეძენის ღირებულება, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, ამ შემთხვევაშიც სალაროში არსებული ნაშთი გამოვა არარეალურად დიდი. შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 179 739 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე (1 198 257 ლარს - 1 018 518 ლარს (შემოსავლის 85%)). აღნიშნული თანხიდან საწარმოში იყო ნაღდი ფულის ნაშთი დაახლოებით 50 000 ლარი. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანიაში თანხა ყოველთვის იყო ნაღდი ფულის სახით, რადგან შეძენები ხორციელდებოდა ფიზიკური პირებისაგან ჯართის შესაძენად.
ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9-ის გათვალისწინებას და მოხდეს სალაროს ნაშთის გადაანგარიშება.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების აქტით განსაზღვრული თანხა გადასაანგარიშებელია, კერძოდ, უნდა შემცირდეს გადასახადი 43 289 ლარი და მასზე დაკისრებული ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ: ა) შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი; ბ) შავი ან/და ფერადი ლითონის ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი,საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:პირი, რომელიც ამ კოდექსის 133 3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საჩივრის მიხედვით, შემოწმების შედეგად ხარჯად აღიარებულია იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს საბაზრო ღირებულების 75%. ამგვარმა მიდგომამ გამოიწვია არარეალურად დიდ ფასნამატი. ამ სფეროში ფასნამატი არის საშუალოდ 15%, რაც მაქსიმალური მოგების მარჟაა. გასათვალისწინებელია, რომ გაწეული ხარჯი ვერ იქნებოდა სრულად შეძენის ხარჯი, რადგან კომპანიას საქონლის შეძენის ხარჯის გარდა აქვს სხვა მიმდინარე და ადმინისტრაციული ხარჯი. ამასთან, გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი დაანგარიშებულ უნდა იქნეს ხარჯად აღიარებული საქონლის ღირებულებიდან (898 693 ლარი) და არა 926 488 ლარიდან, როგორც შემოწმების შედეგად არის გაანგარიშებული. შესაბამისად მიაჩნია, რომ ფიზიკური პირებისაგან შეძენილი ჯართის ღირებულებაზე გადახდილი თანხა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით უნდა იყოს 26 960 ლარი. სალაროში არსებული ნაშთი ასევე გაანგარიშებულია არარეალურად დიდი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 179 739 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე (1 198 257 ლარს - 1 018 518 ლარი (შემოსავლის 85%)). აღნიშნული თანხიდან საწარმოში იყო ნაღდი ფულის ნაშთი დაახლოებით 50 000 ლარი. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანიაში თანხა ყოველთვის იყო ნაღდი ფულის სახით, რადგან შეძენები ხორციელდებოდა ფიზიკური პირებისაგან. ასევე, ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9-ის გათვალისწინებას და სალაროს ნაშთის გადაანგარიშებას.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიას შემოწმებისას არ წარუდგენია საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება მიღებული ზედნადებები. შემოწმების შედეგად ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 75%, რაც შეადგენს 898 693 ლარს. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ჯართის მომწოდებელ ფიზიკურ პირებზე გადახდილად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 1 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა, საწარმოს დირექტორის მიერ ხელმოწერილ ახსნა-განმარტებას და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმში, ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირებულია 0 (ნული) ლარი. ამდენად, მომჩივნის არგუმენტი უსაფუძვლოა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გაზიარების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 75%-ის ხარჯად განსაზღვრა, აღნიშნული თანხის ფიზიკურ პირებზე გადახდილ თანხად ჩათვლა და შემოწმების შედეგად გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიღებული ზედნადებები არ უფიქსირდება. შედეგად, შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 75%.აღნიშნული თანხა ჩაითვალა ჯართის მომწოდებელ ფიზიკურ პირებზე გადახდილად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა, საწარმოს დირექტორის მიერ ხელმოწერილ ახსნა-განმარტებას და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმში, ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირებულია 0 (ნული) ლარის ოდენობით. შედეგად, შემოწმების მიერ გამოანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გაზიარების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8(22); 49(1 „ე“); 61(3); 73(4,5 „ა“9"ბ"); 101(1); 105(1,2); 1333(1,2); 136(3); 154(1"ა"); 275;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 393 (1.2);
შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო;
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებები;
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9;