გადაწყვეტილება №19174/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19174/2/2023
7.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“-ს 21.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19174/2/2023).
დავის საგანი:
ფიზიკური პირებისგან მიღებული საბანკო ჩარიცხვების ჩართვა ერთობლივ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №058-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №782 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 74 559 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 49 287
დღგ - 45 652
საშემოსავლო გადასახადი - 3 635
ჯარიმა - 14 498
საურავი - 10 774
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20328 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 4 თებერვლიდან 2022 წლის 1 ივლისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა:
გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის“ ხეტყის/მერქნული რესურსის დამზადების მომსახურება (2020 წელს მომჩივანს მოგებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორი ტენდერი). გაწეულ მომსახურებაზე მიღებული ანაზღაურება ჯამურად შეადგენს 190 033 ლარს. წარდგენილი დეკლარაციების შესწავლით დგინდება, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი არ არის ასახული და დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში.
შესამოწმებელ პერიოდზე გადასახადის გადამხდელის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება თანხების ჩარიცხვა. მომჩივნის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია მიღებული თანხების მიზნობრიობის შესახებ. აღნიშნული თანხები განხილულ იქნა როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის“ გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხები და საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა პირების მიერ ჩარიცხული თანხები საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად (1% განაკვეთი). მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმებით დგინდება, რომ უწყვეტი 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში მეწარმის დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 2020 წლის 19 ოქტომბერს გადააჭარბა 100 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაჭარბების მომენტიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის, 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-164 მუხლების შესაბამისად, მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 19 ოქტომბერი და აღნიშნული პერიოდიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ჩართულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. სხვაობის თანხაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 11 ოქტომბრის №25859 ბრძანება და 12 ოქტომბრის №058-6 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 74 559 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 15 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 იანვრის №782 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 79-ე, 88-ე, 90-ე, 93-ე, მე-9, მე-2, 157-ე, 160-ე, 161-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2020 წელს მომჩივანს მოგებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორი ტენდერი, გაწეულ მომსახურებაზე მიღებული ანაზღაურება ჯამურად შეადგენს 190 033 ლარს. წარდგენილი დეკლარაციების შესწავლით დგინდება, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი არ არის დაბეგრილი საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება თანხების ჩარიცხვა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია მიღებული თანხების მიზნობრიობის შესახებ, ხოლო შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები განხილულ იქნა როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რაც შესაბამის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების თანახმად ჩაითვალა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია მიღებული თანხების მიზნობრიობის შესახებ და არსებული ფაქტობრივი გარემოებებით არ/ვერ დგინდება მომჩივანის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხების დანიშნულება/მიზნობრიობა, შემმოწმებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციითა და განმარტებით კი შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ძირითადი ნაწილი არის მეწარმე სუბიექტების მიერ ჩარიცხული, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ხე-ტყის მასალის დამუშავება, დამზადებასა და რეალიზაციასთან, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია გადასახადის გადამხდელის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ, დასაბეგრ შემოსავლად/ბრუნვად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორის მიერ ერთობლივ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არის ჩართული ფიზიკური პირებისგან პირადი ხასიათის ჩარიცხვები, რომლებსაც ეკონომიკურ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არა აქვთ და მომჩივანს რაიმე სარგებელი არ მიუღია. ფიზიკური პირების მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები არის პირადი გადარიცხვები. აღნიშნული პირები არიან ახლო მეგობრები და პირადი საჭიროებისამებრ ურიცხავდნენ. ასევე, აქვს სატყეო სააგენტოდან მიღებული შემოსავლები. აგრეთვე, შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მომჩივნის და მისი ოჯახის სამეურნეო საქმიანობა (მესაქონლეობა). საჭიროებისამებრ, მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას.
საკასაციო სასამართლო (საქმე Nბს-205-203(კ-14) განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე ფიზიკური პირის ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად დაკვალიფიცირება ქვეყნის ადმინისტრაციულ, კერძოდ, საგადასახადო ორგანოების მნიშვნელოვან ფუნქციას განეკუთვნება, რაც კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესების უზრუნველყოფით უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე, რათა ამ სფეროს ადმინისტრირების პროცესში გამოირიცხოს კერძო ინტერესების დაუსაბუთებელი და უკანონო შეზღუდვა. საკასაციო სასმართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ საქონლის შეძენა თანამედროვე ადამიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და მის ინტენსიურ ხასიათს ყოველი პირის პირადი ცხოვრება. შემოსავლების ოდენობა, დასაქმებულობის ხარისხი, ოჯახის სულადობა, მოთხოვნილებათა, საჭიროებათა მოცულობა, სამომხმარებლო კულტურას განსაზღვრავს. საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ სფეროში საგადასახადო ადმინისტრირების ფუნქციით აღჭურვილი საგადასახადო მოხელეები უნდა ფლობდნენ შესაბამის კვალიფიკაციას, შესაბამის უნარ-ჩვევებს, რათა გამოირიცხოს ამგვარი მიზნის არმქონე პირების მიმართ უკანონო სანქციების გავრცელება, როგორც ადამიანის უფლებების შემლახავი და მმართველობითი ავტორიტეტისათვის საზიანო. საკასაციო სასამართლო განმარტავს: ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ. სამართლის ნორმის ამგვარი გაგება-გამოყენება საგადასახადო ორგანოების მხრიდან არ ემსახურება კანონიერი მმართველობის სტანდარტების მიღწევას. პირიქით, ადმინისტრირების უხეში, არაკვალიფიციური სტილი და მეთოდები მმართველობას რეპრესიულ ხასიათს სძენს და იგი დამთრგუნველი, შესაბამისად, მიუღებელი ხდება ფართო საზოგადოებისთვის. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელია ფიზიკური პირის ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად მიჩნევა ეფუძნებოდეს მხოლოდ საგადასახადო მოხელის აღქმით შეფასებას, რამდენადაც ამგვარ ვითარებაში არსებობს რისკი, რომ ყველა ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირი პოტენციურ სამართალდამრღვევად იქნეს მიჩნეული, რაც მომხმარებელთა უნდობლობასა და უპატივცემულობას გამოიწვევს საგადასახადო ადმინისტრირების მიმართ. საჯარო მმართველობა საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული. შესაბამისად, ადმინისტრირების ნებისმიერი ფორმა საზოგადოების მიერ აღქმული უნდა იყოს, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის საშუალება, რაც მოსახლეობის სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი თანადგომის გარეშე ვერ მიიღწევა.
მხოლოდ ის ფაქტი, რომ მომჩივანი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელ მეწარმე ფიზიკურ პირად არ გულისხმობს, რომ მის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება მიმართულია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისკენ, რადგან „----------“ წარმოადგენს ფიზიკურ პირს და შესაბამისად მის მიერ, ამა თუ იმ მოქმედების განხორციელება თანამედროვე ადამიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და ფიზიკური პირები ყოველდღიურად უამრავ სხვადასხვა გარიგებას დებენ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მომჩივნის ნებისმიერი მოქმედება არ უნდა იქნას მიჩნეული სამეწარმეო მიზნებისთვის განხორციელებულად, არამედ, აღნიშნული მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადგინდეს. დაუშვებელია პირის მიმართ დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდეს მხოლოდ ვარაუდი.
მომჩივანი ითხოვს მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
ამავე კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2020 წელს მომჩივანს მოგებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორი ტენდერი. გაწეულ მომსახურებაზე მიღებული ანაზღაურება შეადგენს 190 033 ლარს. წარდგენილი დეკლარაციების შესწავლით დგინდება, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება თანხების ჩარიცხვა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია მიღებული თანხების მიზნობრიობის შესახებ. ჩარიცხული თანხების ძირითადი ნაწილი არის მეწარმე სუბიექტების მიერ ჩარიცხული, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ხე-ტყის მასალის დამუშავება, დამზადებასა და რეალიზაციასთან. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული თანხები განხილულ იქნა როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რაც ჩაითვალა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებად.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.