გადაწყვეტილება №21552/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 21552/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21552/2/2023

02 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ---------- (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -----ის 11.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21552/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესაძენად გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2023 წლის №077-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28967 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 748 560 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 429 650

ჯარიმა - 214 825

საურავი - 104 085

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა მეორადი მილებითა და შავი და ფერადი ლითონების ჯართით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 21.09.2023 წლის №23222 ბრძანება და №077-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28967 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესაძენად გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქონლის, კერძოდ ჯართის შეძენის ის პირველადი დოკუმენტაცია, რომელიც შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 72-ე და 721 მუხლების მოთხოვნებს. ამასთანავე დადგინდა, რომ მეწარმის მიერ ჯართის შეძენები, რომლებზედაც არ არსებობს სასაქონლო ზედნადები არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ხარჯის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ჯართის შეძენას (როგორც უკვე აღინიშნა ვინაიდან არ არსებობდა შეძენის დოკუმენტაცია), განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, რეალიზებული საქონლის (ჯართი) შეძენის ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, დაექვემდებარა დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად. შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1333 მუხლით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 393 მუხლის პირველი პუნქტით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ 2007 წელს შეიძინა მეორადი, სარგებლობიდან გამოსული მილები მიწის ქვეშ შპს ----------სგან (ს/კ -------), რომლის ამოღების უფლებაც არ გააჩნდა, კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა მისცა შანსი დაეწყო აღნიშნული მილების ამოღება და რეალიზაცია, სამწუხაროდ აღნიშნული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულად წარდგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ნაწილი მათგანი დაიკარგა, ხოლო ნაწილი დაზიანდა, შესაბამისად საგადასახადო შემოწმებამ ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აღნიშნული გარემოება, რომ ვერ მოხდა საქონლის, კერძოდ ჯართის შეძენის პირველადი დოკუმენტების წარდგენა საგადასახადო 72-ე და 721 მუხლების საფუძველზე და რომ მეწარმის მიერ ჯართის შეძენები, რომლებზეც არ არსებობდა სასაქონლო ზედნადებები არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ჯართის შეძენა არ მომხდარა ფიზიკური პირებისგან და შესაბამისად აქტში აღნიშნული გარემოება უსაფუძვლოა და ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხა უნდა დაექვემდებაროს, გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანების 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

შემოწმებისას დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ხარჯის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ჯართის შეძენას (როგორც უკვე აღინიშნა ვინაიდან არ არსებობდა შეძენის დოკუმენტაცია), განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, რეალიზებული საქონლის (ჯართი) შეძენის ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, დაექვემდებარა დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გაზიარების, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეძენაზე გადახდილი თანხის შესაბამისი გადასახადით დაბეგვრა არ მოუხდენია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებისას ვერ დადგინდა მეწარმის მიერ რეალიზებული პროდუქციის (მეორადი მილები და ჯართი) შეძენის ღირებულება, კერძოდ აღნიშნული ვერ დასტურდება პირველადი დოკუმენტებით, რომელიც შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე და 721 მუხლების მოთხოვნებს. შემოწმების შედეგად, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ რეალიზებული საქონლის (მეორადი მილები და ჯართი) შეძენის ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, კერძოდ გამოქვითვებში ასახული იქნა რეალიზებული საქონლის ღირებულების 75%. დადგინდა, რომ აღნიშნული მეთოდის მიხედვით განსაზღვრული გამოსაქვითი ხარჯი ნაკლებია ვიდრე გადამხდელის მიერ დეკლარაციაში ასახული მონაცემები. შემოწმების შედეგად გადამხდელს შეუმცირდა გამოსაქვითი ხარჯი და საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების გათვალისწინებით დამატებით დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. სულ აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2023 წლის №077-20 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 214 825 ლარი და საურავი - 104 085 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დოკუმენტების დაკარგვა დაზიანების გამო მის მიერ ვერ მოხერხდა წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხების ზუსტად ასახვა, თუმცა აღნიშნული არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობა და დარიცხული გადასახადები შესაბამის წლებში 2020 და 2021 წლებში, შესაბამისად 13 356 ლარი და 58 116 ლარი შესაბამის დროში იქნა გადახდილი. შესაბამისად ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესაძენად გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა მეორადი მილებითა და შავი და ფერადი ლითონების ჯართით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №23222 ბრძანება და №077-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №28967 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეძენაზე გადახდილი თანხის შესაბამისი გადასახადით დაბეგვრა არ მოუხდენია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

ამასთან,საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5); 1333; 154(1 „პ“); 269(7);