გადაწყვეტილება №26857/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.05.2026
№ დოკუმენტი 26857/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26857/2/2026

28 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 8.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26857/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №007-377 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.02.2026 წლის №3470 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 538 233,6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 330 871,94

დღგ - 84 004,25

საშემოსავლო გადასახადი - 246 867,69

ჯარიმა - 165 311,30

საურავი - 42 050,36

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვები, მცირე ოდენობით ადგილობრივი გადაზიდვები. გარდა ამისა, ირანიდან ახორციელებს იოდიზირებული მარილის იმპორტს და ადგილობრივ ბაზარზე მის რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 30.05.2022 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 30.05.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან და არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად, წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. მომჩივანი 17.09.2025 წელს დაჯარიმებულია ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.10.2025 წლის №22457 ბრძანებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, თუმცა, ვერ მოხერხდა კომპანიის დირექტორთან დაკავშირება. შემოწმების პროცესში ვერ დადასტურდა ნაშთის ოდენობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით და საბაჟო დეპარტამენტისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება და დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დადგინდა ფასნამატი, რაც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159- ე, 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

სსიპ-დან გამოთხოვილია ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიმართ გაცემული ნებართვების შესახებ. ასევე, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მესამე პირებისგან გაწეული მომსახურების შესახებ. კერძოდ, კომპანიების მიერ მოწოდებული იქნა ინვოისები. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 29 შემთხვევაში გადაზიდვა შესრულებული იყო გადამხდელის საკუთრებაში არსებული მანქანებით, სსიპ-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადამხდელზე გაცემული ნებართვის ოდენობა საკუთრებაში არსებულ მანქანებზე იყო 232. აღნიშნულ მანქანებზე ფიქსირდება საზღვრის კვეთაც. შემოწმების მიერ მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა საერთაშორისო გადაზიდვების რეისების ოდენობა და შესაბამისად, დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 61-ე და 73- ე მუხლების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალისწინებულ იქნა ყველა ხარჯი და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №007-377 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში.

შემოსავლების სამსახურის 17.02.2026 წლის №3470 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ ითხოვა დრო, რათა შემოსავლების სამსახურისთვის სრულად მიეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ვერ იქნა მიწოდებული. შემოსავლების სამსახურიც თავისსავე ბრძანებაში მიუთითებს, რომ კომუნიკაციის ნაკლებობის გამო კომპანიის დირექტორთან ვერ მოხერხდა ნაშთების სწორი დაჯამება და გამოყენებულ იქნა საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდი. ამდენად, ზემოაღნიშნული ბრძანებითაც კი ცხადი ხდება, რომ დარიცხული საგადასახადო დავალიანება წარმოადგენს არა რეალურად არსებულ ვალდებულებას, არამედ არაპირდაპირი მეთოდით ზოგად ჭრილში დარიცხულ ვალდებულებებს, რომელიც სამუშაო სპეციფიკიდან გამოდინარე არ შეიძლება ასახავდეს რეალურ სურათს. სწორედ ამ მიზეზის გამო მომჩივანმა ითხოვა 2 თვიანი ვადა, რათა ყველა საჭირო დოკუმენტაცია კომპანიის მხრიდან ყოფილიყო მიწოდებული და მომხდარიყო დარიცხული საგადასახადო ვალდებულების დაკორექტირება.

აქტის მომზადების დროს სათანადოდ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები არ გამოიწვევდა კომპანიისთვის საგადასახადო ვალდებულების დაკისრებას იმ მოცულობით, რა მოცულობითაც დღეის მდგომარეობით ფიქსირდება. ითხოვს მიეცეს დრო დოკუმენტაციის წარსადგენად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საბჭო აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ჩანიშნული იყო 23.04.2026 წელს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადაც მომჩივანმა ითხოვა დრო დოკუმენტური მტკიცებულებების წარსადგენად. საბჭომ გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტები და ორი კვირით გადადო საჩივრის განხილვა, იმ მიზნით რომ მომჩივანი წარადგენდა დამატებით მტკიცებულებებს. თუმცა, მომჩივანთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარების განმეორებითი მცდელობის მიუხედავად, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ასევე, რეაგირების გარეშე დარჩა მისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებაც. ამასთან, არც დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. 8.05.2026 წელს კვლავ ჩაინიშნა საჩივრის განხილვა მომჩივნის მონაწილეობით. თუმცა, მომჩივანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ იმპორტირებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების თვითღირებულება და დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დადგინდა ფასნამატი, რომელიც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რის საფუძველზეც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალიწინებულ იქნა ყველა ხარჯი, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა ახალი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს მიეცეს დრო დოკუმენტაციის წარსადგენად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, თუმცა, ვერ მოხერხდა კომპანიის დირექტორთან დაკავშირება. სსკ-ის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.სსკ-ის 158-ე, 159- ე, 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

კომპანიების მიერ მოწოდებული იქნა ინვოისები.მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 29 შემთხვევაში გადაზიდვა შესრულებული იყო გადამხდელის საკუთრებაში არსებული მანქანებით, გაცემული ნებართვის ოდენობა საკუთრებაში არსებულ მანქანებზე იყო 232. აღნიშნულ მანქანებზე ფიქსირდება საზღვრის კვეთაც.ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით,გაანგარიშებული იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალისწინებულ იქნა ყველა ხარჯი და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა ახალი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,158,159.