გადაწყვეტილება №24835/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24835/2/2025
27 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 26.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24835/2/2025).
დავის საგანი:
უარი პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების ჩამოწერაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის №---------- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24521 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
4.10.2024 წელს მომჩივანმა №177023/21-11 განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლამდე არსებული დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის №---------- წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის მდგომარეობით, როგორც შედარების აქტის, ასევე, ნაერთი ინფორმაციით ერიცხება დავალიანება სულ 46,75 ლარი, მათ შორის, გადასახადი 41,94 ლარი, საურავი 4,81 ლარი. 1.01.2021 წლის შემდეგ საბაჟო შეტყობინებებითა და სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხულია თანხები. ასევე, დარიცხულია სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გადასახადი. 1.01.2021 წლის შემდეგ სულ გადახდილია 279,8 ლარი, რისი გათვალისწინებით განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის - 4.10.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს სულ 3 348 819,83 ლარს, მათ შორის გადასახადი 1 248 575,47 ლარი, ჯარიმა 1 415 988,56 ლარი, საურავი 684 255,8 ლარი. 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული თანხები სრულად ითვლება 1.01.2021 წლის შემდეგ წარმოშობილად, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის სავადო თარიღებისა. მომჩივნის მიერ გადახდილი თანხებით დაფარულია 2021 წლამდე არსებული ძირითადი დავალიანება. 24.10.2024 წლის №---------- დასკვნის საფუძველზე ჩამოწერილია 2021 წლამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული საურავი 8,83 ლარი, ხოლო 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები ჩამოწერას არ დაექვემდებარა, მიუხედავად გადასახადების დარიცხვის სავადო თარიღებისა.
მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის №---------- წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.11.2024 წლის №24521 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, 91 მუხლის მე-3 პუნქტზე და მე-15 პუნქტზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომსახურების დეპარტამენტმა არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, გამოიყენა შემოსავლების უფროსის (ადმინისტრაციული აქტი) ბრძანება, რომელიც წინააღმდეგობაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი იერარქიით ზემდგომ კანონთან და არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც ფიზიკური პირის აუღიარებელი 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება არ ჩამოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურმა იმავე დასაბუთებითა და ნორმატიული აქტებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების კანონების სრული იგნორირებით მიიღო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება და 20.11.2024 წლის №24521 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შერაცხული ქმედებები ჩადენილი იქნა 2018, 2019 და 2020 წლებში.
დღეის მდგომარეობით ბარათზე დაფიქსირებული და აღიარებულია ის დავალიანებები, რომლებიც 2021 წლის პირველ იანვრამდეა: - კერძოდ 2018, 2019 და 2020 წლებში არის წარმოშობილი.
2018, 2019 და 2020 წლებში სხვა, მესამე პირის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე განხორციელებული ქმედებები საბაჟო სამსახურის - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რაზეც 2021 წლის შემდგომ პერიოდში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და იქნა დაჯარიმებული.
2018, 2019 და 2020 წლებში განხორციელებულ სამართალდარღვევებზე 2021 წლის შემდეგ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებზე დაყრდნობით გამოიცა საგადასახდო დავალება.
მომსახურების დეპარტამენტმა 30.10.2024 წლის №---------- გადაწყვეტილებაში საგადასახადო დავალიანებასა და დარიცხული საურავის ჩამოწერის უარის საფუძვლად განმარტა, რომ ჩამოწერას არ დაექვემდებარა 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები, მიუხედავად გადასახადის დარიცხვის სავარაუდო თარიღებისაო.
შემოსავლების სამსახურმა 15.11.2024 წლის სხდომაზე (№122) მომჩივნის დაუსწრებლად განიხილა 7.11.2024 წლის №184670/21 საჩივარი, რომელიც 20.11.2024 წელს შემოსავლების სამსახურმა სრულად გაიზიარა და მხარი დაუჭირა მომსახურების დეპარტამენტის პოზიციას და №24521 ბრძანებით მომჩივნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სადავო გარემოებებია:
- შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის შესახებ“ მეთოდურ მითითებაში 24.06.2024 წელს დამატებული 91 მუხლის - საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულების 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან კანონშესაბამისობა;
- მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის №---------- გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა;
- შემოსავლების სამსახურის მიერ დაუსწრებლად განხილული 15.11.2024 წლის №122 სხდომის ოქმისა და 20.11.2024 წლის შემოსავლების სამსახურის №24521 ბრძანების კანონშესაბამისობა.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჩამოწერას ექვემდებარება „ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი“. მომჩივნის ბარათზე ფიქსირებული და აღიარებულია ის დავალიანებები, რომლებიც 2021 წლის 1 იანვრამდე - კერძოდ 2018, 2019, 2020 წლებში გახლავთ წარმოშობილი.
მომსახურების დეპარტამენტი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „ჩამოწერას არ დაექვემდებარა 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები მიუხედავად გადასახადის დარიცხვის სავარაუდო თარიღებისაო“. ესე იგი მომსახურების დეპარტამენტმა თვითნებურად შეიტანა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში ცვლილება და 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი, შეცვალა 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული მონაცემებით და იქვე განმარტა, მიუხედავად გადასახადის დარიცხვის სავარაუდო თარიღებისაო, რამაც საერთოდ გამორიცხა 1.01.2021 წლამდე საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ჩამოსაწერი დავალიანების წარმოშობის სამართლებრივი და კანონისმიერი საფუძველი და თან ისეთ გარემოებების არსებობისას, როდესაც ფაქტობრივად სახეზეა მომჩივნის მიმართ დავალიანების ჩამოწერა სამივე კანონისმიერი საფუძველი:
ა) აღიარებული ვალი;
ბ) წარმოშობილია 1.01.2021 წლამდე (2018, 2019, 2020 წლებში);
გ) ჩამოწერის მომენტისათვის არსებობს საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
მხოლოდ ერთ-ერთი ამგვარი გარემოების არ არსებობა გახდიდა ბარათზე არსებული დავალიანებისა და საურავის ჩამოწერაზე უარის თქმის შესაძლებელ სამართლებრივი საფუძველს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემოქმედა ან/და გადაწყვეტილება მიეღო, მხოლოდ და მხოლოდ კანონის საფუძველზე და უფლება არ ჰქონდა ემოქმედა ან/და გამოეცა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული აქტი).
2024 წლის 5 ივნისიდან საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულების 309-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება (გადასახადის თანხა და ჯარიმა) და მასზე დარიცხული საურავი.
აღნიშნული უკვე ძალაში მყოფი კანონის აღსრულებისთვის 2024 წლის 24 ივნისს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით შევიდა ცვლილება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის შესახებ“ მეთოდურ მითითებაში, რომელსაც დაემატა 91 მუხლი.
მეთოდური მითითების ახალი მუხლით განისაზღვრა ის წესები და პირობები, რის მიხედვითაც ჩამოეწერება ფიზიკურ პირს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება. მათ შორის, აღნიშნული ბრძანების ახალი 91 მუხლით განისაზღვრა შემდეგი:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას დაექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება მასზე დარიცხული საურავით.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები, გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახდო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა, არ დაექვემდებარა ჩამოწერას.
იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის 1 იანვრამდე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელდა 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნების შედეგად განსაზღვრული საგადასახდო დავალიანება კვლავ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად.
დავალიანების ჩამოწერისას, მოსაკრებლისა და ადმინისტრაციული ჯარიმის ბარათის ნარჩენი ან/და ზედმეტობა არ გაითვალისწინება.
ცვლილება ძალაში შევიდა 2024 წლის 25 ივნისიდან.
შესაბამისად უდავო ფაქტია, რომ 2024 წლის 5 ივნისიდან ძალაში მყოფი კანონი 2024 წლის 25 ივნისამდე და შემდგომ პერიოდშიც უნდა აღსრულებულიყო იმ სახით რა სახითაც იქნა გამოცემული, თუმცა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 24 ივნისის ბრძანებით შემოსავლების სამსახურისთვის დადგენილი იქნა პარლამენტის მიერ მიღებული და ძალაში მყოფი კანონის აღსრულების ხელშემშლელი სულ სხვა სახის კანონის საწინააღმდეგო და განსხვავებული წესი და პირობები და ეს მაშინ, როდესაც კანონი კუმულატიურად ადგენს ამ კანონის აღსრულების სამ ძირითად საფუძველსა და პირობას:
პირველი - დავალიანების ფიზიკური პირის მიერ ნებაყოფლობით აღიარებას (რაც იმ ფიზიკურ პირს, რომელიც კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს საგადასახადო სანქციებს, არ ართმევს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას).
მეორე - დავალიანება წარმოშობილი უნდა იყოს 2021 წლის 1 იანვრამდე (ესე იგი საგადასახო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დროის მიხედვით ჩადენილი უნდა იყოს 2021 წლის 1 იანვრამდე).
მესამე - ჩამოწერის მომენტისთვის უნდა არსებობდეს საგადასახდო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი (კანონის გამოსაყენებლად გადამხდელის ბარათზე უნდა ფიქსირდებოდეს საგადასახადო დავალიანების გადაუხდელი ძირის თანხისა და მასზე დარიცხული საურავი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სხვა ფიზიკური პირის მიერ უკვე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობის უფლებას).
მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების სამართლებრივი დასაბუთება ეფუძნება 2024 წლის 24 ივნისს „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში შესულ ცვლილებას, რომლითაც მეთოდურ მითითებას დაუმატა კანონშეუსაბამო 91 მუხლი, რითაც იგნორირება გაუკეთა როგორც პარლამენტის მიერ ფიზიკურ პირებზე გათვლილ ჰუმანურ, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებით ინდივიდუალური საქმიანობის ხელშეწყობის აქტს, ასევე მიღებული კანონის აღსრულების ხელშემშლელი და სადავო ბრძანებით შემოსავლების სამსახური გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს და იგნორირება გაუკეთა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს.
მომჩივანი მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3, მე-7, მე-8, მე-10, მე-13, მე-14, მე-16, მე-19, მე-20, 22-ე, 24-ე მუხლებზე და საგადასახადო კოდექსის პირველ, მე-2, მე-3, 61-ე, 62-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვის დროს სრულად იქნა იგნორირებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლები.
ითხოვს მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულების 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის ბრძანებით „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდურ მითითებაში შეტანილი ცვლილებით დამატებული 91 მუხლის ის სამართლებრივი დათქმების კანონშესაბამისობაზე, რომელი მუხლის (91 ) მითითებითაც საგადასახო ორგანომ 2021 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი სამართალდარღვევები არა მათი ჩადენის არამედ სამართალდარღვევებზე საგადასახადო ორგანოს რეაგირების - საგადასახადო დავალების გაცემის დღიდან უნდა მიიჩნიოს წარმოშობილად.
უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს განახორციელოს აღიარებული და 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი ყველა დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 681 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ან/და 45-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია გადასახადის გადამხდელის განცხადება ან დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება. ამავე მუხლის 1 1 პუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გარეშე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 91 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას ექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება ღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ გადახდილი თანხებით დაფარულია 2021 წლამდე არსებული ძირითადი დავალიანება. 24.10.2024 წლის №---------- დასკვნის საფუძველზე ჩამოწერილია 2021 წლამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული საურავი 8,83 ლარი, ხოლო 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები ჩამოწერას არ დაექვემდებარა, მიუხედავად გადასახადების დარიცხვის სავადო თარიღებისა, რის შესახებაც გადამხდელს, ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის №---------- წერილით. 1.01.2021 წლის შემდეგ საბაჟო შეტყობინებებითა და სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხულია თანხები. 4.10.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს სულ 3 348 819,83 ლარს, მათ შორის გადასახადი 1 248 575,47 ლარი, ჯარიმა 1 415 988,56 ლარი, საურავი 684 255,8 ლარი.
საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან დავალიანება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხულია 1.01.2021 წლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 91 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, იგი ვერ ჩაითვლება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამოწერას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მოთხოვნა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას, საგადასახადო ორგანოს უარი აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კანონშესაბამისია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უარი პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების ჩამოწერაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ გადახდილი თანხებით დაფარულია 2021 წლამდე არსებული ძირითადი დავალიანება. 24.10.2024 წლის დასკვნის საფუძველზე ჩამოწერილია 2021 წლამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული საურავი 8,83 ლარი, ხოლო 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები ჩამოწერას არ დაექვემდებარა, მიუხედავად გადასახადების დარიცხვის სავადო თარიღებისა, რის შესახებაც გადამხდელს, ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2024 წლის წერილით. 1.01.2021 წლის შემდეგ საბაჟო შეტყობინებებითა და სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხულია თანხები. 4.10.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს სულ 3 348 819,83 ლარს, მათ შორის გადასახადი 1 248 575,47 ლარი, ჯარიმა 1 415 988,56 ლარი, საურავი 684 255,8 ლარი. საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან დავალიანება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხულია 1.01.2021 წლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 91 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, იგი ვერ ჩაითვლება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამოწერას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივნის მოთხოვნა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას, საგადასახადო ორგანოს უარი აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კანონშესაბამისია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(37); 252.