ფართის გაზრდა სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში N 11109
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფართის გაზრდა სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში N 11109
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელს, 2015-2017 წლებში საცხოვრებელ კორპუსში არსებული ფართების მიწოდებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად, ვინაიდან მიწოდებული ქონება განთავსებულია ობიექტში, რომელიც შეტანილია სსკ-ის 309- ე მუხლის 81-ე ნაწილის მიხედვით განსაზღვრულ ნუსხაში (კორპუსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა ძალაშია 2008 წლის 8 აგვისტოსათვის). კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2017 წელს.
· საწარმომ, მშენებლობის გაგრძელების (დასრულების) მიზნით, მიმართა ნებართვის გამცემს და მოითხოვა სამშენებლო ფართის გაზრდა. ნებართვის გამცემმა დააკმაყოფილა საწარმოს მოთხოვნა და, საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო ფართის გაზრდის მიზნით, შეიტანა ცვლილება შეთანხმებულ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტში, რაზეც გაიცა ახალი სამშენებლო ნებართვა.
· ვარიანტი I: ნებართვის გამცემმა სამშენებლო ნებართვა გასცა 2014 წელს.
· ვარიანტი II: ნებართვის გამცემმა სამშენებლო ნებართვა გასცა 2015 წელს.
შეფასება
· სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს. ამავე მუხლის 81-ე ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების დღგისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მიზნით, იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამავე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
· ორივე ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 81-ე ნაწილები ძალაშია 2015 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს, ამასთანავე, ვინაიდან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კორპუსი შეტანილია იმ ობიექტების ნუსხაში, რომლის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა ძალაშია 2008 წლის 8 აგვისტოსათვის, მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ მასში განთავსებული ფართების მიწოდება გათავისუფლდება დღგ-ისაგან, მიუხედავად იმისა, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს თუ არა ახალ ნებართვას.
ღონისძიებები
· ორივე ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 5 დეკემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით