ტურისტული პაკეტის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა N 11100

11100 ტურისტული პაკეტის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა 25.11.2016
№ დოკუმენტი 11100
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ტურისტული პაკეტის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა N 11100

ფაქტობრივი გარემოებები

· საქართველოს რეზიდენტი საწარმო, უცხოელი ტურისტების საქართველოს ტერიტორიაზე ორგანიზებული შემოყვანის მიზნით, ახორციელებს ტურისტული მომსახურების პაკეტის ფორმირებას. ტურისტული პაკეტი მოიცავს საქართველოში ტურისტის მიღებას და რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფას, კერძოდ, აეროპორტიდან სასტუმროში გადაყვანა, სასტუმროში განთავსება, კვების უზრუნველყოფა, საკონფერენციო დარბაზით და კონფერენციისთვის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, ასევე ექსკურსია, სადილი და ვახშამი რესტორანში და გაცილების უზრუნველყოფა აეროპორტამდე. ზემოაღნიშნული პაკეტი რეზიდენტმა საწარმომ მიაწოდა არარეზიდენტ კომპანიას. არარეზიდენტმა კომპანიამ შეძენილი ტურისტული პაკეტი, ცვლილების გარეშე, თავისი სახელით მიყიდა ტურისტს, რომელიც წარმოადგენს საბოლოო მყიდველს.

· საქართველოს რეზიდენტი საწარმო ტურისტულ პაკეტში შემავალ მომსახურების სახეებს იძენს საქართველოს რეზიდენტი სხვადასხვა დღგ-ის გადამხდელი იურიდიული პირებისგან (მაგ., ავტოსატრანსპორტო მომსახურება - კომპანია X-სგან, სასტუმროს მომსახურება - Y, ხოლო რესტორანი - Z), რაზეც გამოწერილია საფები და მომსახურების გამწევების მიერ იბეგრება დღგ-ით.

· საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება ჩათვალა დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. შესაბამისად, არ დაბეგრა დღგით. ხოლო ტურისტული მომსახურების პაკეტის ფორმირების მიზნით საქართველოს რეზიდენტი სხვადასხვა დღგის გადამხდელი იურიდიული პირებისგან მომსახურების შეძენისას ამ პირთა მიერ გამოწერილი საფ-ებით განახორციელა დღგ-ის ჩათვლა.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დღგისგან. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, ტუროპერატორი არის იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას. ამავე მუხლის 21-ე ნაწილი განმარტავს, რომ ტურაგენტი არის იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის მხოლოდ რეალიზაციას. ხსენებული მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნულია, რომ ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი არის ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (კვება, ღამის თევა განთავსების სხვადასხვა საშუალებებში, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები და ა.შ.) არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომლის ღირებულება შედის ტურისტული საგზურის ფასში.

· ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, საქართველოს რეზიდენტი საწარმო წარმოადგენს ტუროპერატორს, ხოლო უცხოური კომპანია ასრულებს ტურაგენტის ფუნქციებს, კერძოდ, ყიდის საქართველოს რეზიდენტი საწარმოს მიერ ფორმირებულ ტურისტულ პაკეტებს. ამასთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის საქმიანობა მიმართულია საქართველოში უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანაზე და მიწოდებულ ტურისტულ პაკეტში შემავალი ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმებს მიკუთვნებული მომსახურებათა არანაკლებ ორი კომპონენტისგან შემდგარი კომპლექსის უშუალო მიმღებებს წარმოადგენენ საქართველოში შემოყვანილი უცხოელი ტურისტები, საქართველოს რეზიდენტი საწარმოს მიერ უცხოური კომპანიისთვის ტურისტული პაკეტის მიწოდება, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვ ევ ა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით