გადაწყვეტილება №23740/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23740/2/2024
16 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 19.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23740/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;
2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება;
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2024 წლის №002-93 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 225 129 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 138 484
დღგ - 118 299
მოგების გადასახადი - 981
საშემოსავლო გადასახადი - 19 204
ჯარიმა - 49 388
საურავი - 37 257
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული სპორტული ფეხსაცმლით და მცირე რაოდენობის ტანსაცმლით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.05.2021 წლიდან 17.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.05.2024 წლის №12366 ბრძანება და №002-93 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა ფაქტების აღწერა
კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ახორციელებს დეტალურ საქონლის ჩამოწერას რაოდენობრივად და ღირებულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ახსნა-განმარტება სასაქონლომატერიალური მარაგების და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთების შესახებ, ასევე, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, სადაც ფასნამატი დაფიქსირებულია 100%. შემოწმების პროცესში მოძიებულ იქნა გადამხდელის წინა შემოწმების და ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, სადაც ინვენტარიზაციით ფასნამატი დადგენილია 100%, რაც გამოყენებულია წინა შემოწმების დროს. დღეის მდგომარეობით კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 0.4%, რაც გამოწვეულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე დიდი ოდენობით საქონლის რეალიზაციით.
სულ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გაიმიჯნა საცალოდ (ზედნადების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა გადამხდელის მიერ მოწოდებული და ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფასნამატი 100%-ის ოდენობით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო სმფ-ების საბოლოო ნაშთად აღებულია გადამხდელის მიერ მოწოდებული ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც აღემატება კომპანიის დეკლარირებულ ბრუნვას. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით..
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.
გადასახადის გადამხდელმა საჩივარში აღნიშნა, რომ კომპანიამ აღიარა 2022 წლის მაისის თვეში დღგ-ის ჩათვლით 99 999,10 ლარის (დღგ-ის გარეშე 87 745 ლარის) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რომელიც დაბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. გარდა ამისა, გადამხდელი აცხადებს, რომ დეკლარაციებში დაბეგვრა იმაზე მეტია, ვიდრე ყოველთვიური დოკუმენტაციით, სალაროთი და ბანკით მიღებული შემოსავალი, რაც არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების დროს.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილ 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის და დღგ-ის ყოველთვიურ დაზუსტებულ დეკლარაციებზე, რომლითაც დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დაბეგრილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ამ მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდზე შესწავლილი იქნა კომპანიაში არსებული ყველა დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯი და გამოაკლდა ერთობლივ შემოსავალს. აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არასწორია, ვინაიდან საწარმოს მიერ გაწეული ყველა ხარჯი მათ შორის სესხები არ არის გამოკლებული, (ყველა სესხის დოკუმენტი ანუ სასესხო ხელშეკრულება იყო წარდგენილი აუდიტორთან) გარდა ამისა, კომპანიამ აღიარა 2023 წლის მაისის თვეში დღგ ჩათვლით 99999,1 ლარის დანაკლისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის დღგ გარეშე 84745 ლარით, რომელიც დაბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით (იხ. დეკ 2023) გარდა ამისა დეკლარაციებში დაბეგვრა იმაზე მეტია ვიდრე ყოველთვიური დოკუმენტაციით სალაროს მეშვეობით და ბანკით მიღებული შემოსავალი (არც ეს არის გათვალისწინებული და გამოკლებული) მიუხედავად ამ ყველაფრისა დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არასწორია და დამატებით უმოკლეს ვადაში წარმოადგენს გაანგარიშებას, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს მიერ მიღებული ყველა შემოსავალი აქვს დეკლარირებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გაანგარიშდა კომპანიაში ნაღდი ფულის ბრუნვა. კერძოდ, შემოწმებით დადგენილ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის გაცემული ხელფასები და მიღებული მომსახურებები, აღნიშნულ გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები, ასევე გაცემული და დაბრუნებული სესხები და კომპანიის კაპიტალის მოძრაობა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გამოვლენილი ფულის ნაშთი შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2024 წლის №002-93 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 49 388 ლარი და საურავი - 37 257 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;
2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება;
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ სულ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გამიჯნა საცალოდ (ზედნადების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული და ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფანამატი 100%-ის ოდენობით. დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც აღემატება კომპანიის დეკლარირებულ ბრუნვას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა კომპანიაში ნაღდი ფულის ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გამოვლენილი ფულის ნაშთი შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 101; 154; 105; 269 (7).