ბრძანება N 32225

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.10.2020
№ დოკუმენტი 32225
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32225

29/10/2020

შპს ---------------

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 07 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი № 74) განიხილა შპს ----- ს № 49956/1/2020 და №10131/2/2020 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 თებერვლის №021-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად 2017 წლის 14 ივლისის, 2018 წლის 12 მარტის და 31 ოქტომბრის №0317598048, №0364008642 და №0412773468 სასაქონლო ზედნადებებით თიზ-ის ტერიტორიაზე სს ,,----- ’’ - სთვის მიწოდებული 11300042 ლარის ღირებულების სასერვერო მოწყობილობები დაიბეგრა დღგ-ით. კომპანია რეგისტრირებულია ----- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. გადამხდელი მიუთითებს ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ სერვერების მიწოდების ოპერაცია არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით.

გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 12 მარტს №0364008642 სასაქონლო ზედნადების საფუძველზე სს ,,-----’’ -სთვის მიწოდებული აქვს 3871325 ლარის ღირებულების სასერვერო მოწყობილობები. აღნიშნული ოპერაცია არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც საქონელი ტოვებს თიზ-ის ზონას და ხდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე გადატანა. შესაბამისად, 4%-ით დაბეგვრა არამართლზომიერად მიაჩნია.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის №37271 და 2019 წლის 21 ნოემბრის № 40502 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 05 იანვრიდან 2019 წლის 01 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 28 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 11 თებერვლის №3167 ბრძანება და 2020 წლის 11 თებერვლის №021-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 3280911 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1878588 ლარი, ჯარიმა 939294 ლარი, საურავი 463029 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ----- ს 2017 წლის 14 ივლისს, 2018 წლის 12 მარტს და 31 ოქტომბერს N0317598048, N0364008642 და N0412773468 სასაქონლო ზედნადებებით თიზ-ის ტერიტორიაზე სს ,-----“ - სთვის მიწოდებული აქვს 11300042 ლარის ღირებულების სასერვერო მოწყობილობები, რომელსაც გარკვეულ პერიოდში ლიზინგის სახით უკან იბრუნებს და იღებს დღგ-ის სრულ ჩათვლას. აღნიშნული ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაბეგრილი არ არის. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ 2018 წლის 12 მარტს N0364008642 სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული 3871325 ლარის ღირებულების სასერვერო მოწყობილობები არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული მიწოდების ოპერაციები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით დაიბეგრა დღგ-ით და 4%-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 411 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში თიზ-ის საწარმო ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მის მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშება №II-091 დანართის ფორმით, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

,,თავისუფალი ინდუსტრული ზონების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მის მიერ სს „-----“ - სთვის მიწოდებული სასერვერო მოწყობილობების ნაწილი დაბეგრილი აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 4%-ით, ხოლო დასაბეგრი ბრუნვიდან გამორჩენილია 2018 წლის 12 მარტს N0364008642 სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული 3871325 ლარის ღირებულების სასერვერო მოწყობილობები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2017 წლის ივლისის, 2018 წლის მარტისა და ოქტომბრის თვეებში სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე თიზ-ის ტერიტორიაზე სს ,-----“-სთვის მიწოდებული აქვს 11300042 ლარის ღირებულების სასერვერო მოწყობილობები, რომელსაც გარკვეულ პერიოდში ლიზინგის სახით უკან იბრუნებს და იღებს დღგ-ის სრულ ჩათვლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ თიზ-ის ტერიტორიაზე სერვერების მიწოდება განხორციელდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს სტატუსის არმქონე საწარმოზე, აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 4%-ით დაბეგვრა მართლზომიერია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება თიზ-ის ტერიტორიაზე მიწოდებული სასერვერო მოწყობილობების დაიბეგროს დღგ-ით და 4%-ით სსკ-ს 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელს თიზ-ის ტერიტორიაზე სს-სთვის მიწოდებული აქვს სასერვერო მოწყობილობები, რომელსაც გარკვეულ პერიოდში ლიზინგის სახით უკან იბრუნებს და იღებს დღგ-ის სრულ ჩათვლას. აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილი არ არის დღგ-ით ასევე სასერვერო მოწყობილობების მიწოდება არ არის დაბეგრილი 4%-ით სსკ-ს 25-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული მიწოდების ოპერაციები სსკ-ს 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით დაიბეგრა დღგ-ით და 4%-ით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ თიზ-ის ტერიტორიაზე სერვერების მიწოდება განხორციელდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს სტატუსის არმქონე საწარმოზე, აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით და სსკ-ს 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 4%-ით დაბეგვრა მართლზომიერია, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 25(2); 275(2)

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“); 168(1,,შ“)

,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შესახებ საქართველოს კანონის 9(1) მუხლი