ბრძანება N 1646

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.02.2023
№ დოკუმენტი 1646
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1646

01.02.2023

ფ/პ"------" (პ/ნ ------ )

(მის.: -------- )

2022 წლის 2 სექტემბრის და 19 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა ფ/პ "------" (პ/ნ -------- ) №------- და №------ საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 აგვისტოს №999-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული გადასახადისა და ჯარიმის თანხა გადაიხადა და ვინაიდან, ფინანსური საშუალება აღარ გააჩნდა, 2022 წლის 2 სექტემბერს განცხადებით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს საურავის, 2 033 ლარის ჩამოწერის თაობაზე. აღნიშნულ განცხადებაზე გადამხდელს პასუხი არ მიუღია. წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ არის მარტოხელა დედა, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ბიუჯეტის მიმართ დარიცხული თანხის გადასახდელად ბანკიდან აიღო სესხი. მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს საურავის ჩამოწერას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №18433 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ "-------" (პ/ნ ------- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 5 აგვისტოს №21064 ბრძანება და ამავე თარიღის №999-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 9 625 ლარით, მათ შორის: გადასახადი 5 125 ლარი, ჯარიმა 2 466 ლარი და საურავი 2 034 ლარი.

საჩივრების წარდგენის ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში 2022 წლის 2 სექტემბერს წარმოადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვდა დაკისრებული საურავის, 2 033 ლარის ჩამოწერას. აღნიშნული განცხადება დარჩა რეაგირების გარეშე. გადამხდელმა 2022 წლის 19 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში დამატებით წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა საურავის ჩამოწერა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გასაჩივრების ვადის ათვლის მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 19 დეკემბერს წარმოდგენილი საჩივარი უნდა ჩაითვალოს 2022 წლის 2 სექტემბრის კორესპონდენციის დაზუსტებულ საჩივრად. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო საჩივრები დაშვებულ იქნეს განსახილველად.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

ფ/პ "-------" (პ/ნ -------) მეწარმე სუბიექტად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, სესხისა და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სესხად გასცემდა თანხებს პროცენტის დარიცხვით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ფ/პ "------" მიერ 2019, 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემებსა და საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებს. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საჯარო რეესტრში არსებული ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით. კერძოდ, შესწავლილ იქნა სესხის გაცემისა და დაბრუნების (შეწყვეტის) პერიოდები, გასესხებული და დაბრუნებული თანხების ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი და გამსესხებლისა და მსესხებლის მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციები გადახდილი პროცენტების (სარგებლის) შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდში პროცენტის სახით მიღებული სარგებელი სულ შეადგენს 24 660 ლარს, საიდანაც 2019 წელს მიღებულია 10 596 ლარი, 2020 წელს - 12 131 ლარი და 2021 წელს - 1 933 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე და 81-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ "-------" (პ/ნ ------- ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.