ბრძანება N 21972

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.10.2024
№ დოკუმენტი 21972
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21972

08 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: -----------------)

2024 წლის 18 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ --------) 2024 წლის 18 სექტემბრის №91997/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის №041-45 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს (58,6%). აცხადებს, რომ გადამხდელს გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული ჩანაწერები ნაწარმოებია სააღრიცხვო პროგრამა „---------“ და აღრიცხულია ყველა სამეურნეო ოპერაცია, სმფ-ების მიღება ასახულია დოკუმენტების მიხედვით, ხოლო მისი გასვლა და ჩამოწერა კი პერიოდის მიხედვით, აღრიცხულია ყველა შემოსავალი და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, ასევე, ყველა მოთხოვნა და ვალდებულება. ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები წარედგინა შემოსავლების სამსახურს შემოწმების მიზნით. აღნიშნული დოკუმენტაციით კი შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ფასნამატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იგი არ აღემატება 10%-ს. დამატებით ადასტურებს, რომ შემოწმების პერიოდისთვის გადამხდელს არ გააჩნდა სმფ-ები, რომლებიც ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით შეადგენდა 245 173 ლარს. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს დანაკლისს და ითხოვს შემოწმებამ დასაბეგრ ბაზად განიხილოს მხოლოდ დანაკლისი ბუღალტრული ჩანაწერებით განსაზღვრული ფასნამატის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №14446 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 5 სექტემბრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 14 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 სექტემბრის №19784 ბრძანება და ამავე თარიღის №041–45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 971 891 ლარი, მათ შორის გადასახადი 600 683 ლარი, ჯარიმა 300 341 ლარი და საურავი 70 867 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტი და ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე (----- ბაზრობის ტერიტორიაზე). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებიდან გაირკვა, რომ გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, გადამხდელს დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავდა. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 2 076 004 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა 1 963 939 ლარს. მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. რეალიზებულ საქონელზე შემოწმებამ გაავრცელა აუდირებული ფასნამატი, რომლის მიხედვითაც მიღებულმა/მისაღებმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 3 292 615 ლარი. ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, აღნიშნული ოპერაციის განხორციელების საფუძველზე მიღებული/მისაღები შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა. კერძოდ, შემოწმებამ შემოსავლად გაითვალისწინა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ხარჯად - საქონელზე გადახდილი ღირებულება, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. საბოლოოდ, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 3 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და გაირკვა, რომ გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, გადამხდელს დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავდა. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 2 076 004 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა 1 963 939 ლარს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის არგუმენტი, რომ საწარმოს ბუღალტრული პროგრამა სრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემდგომ, საბუღალტრო პროგრამა „----------“ აღრიცხა შეძენილი სმფ-ები სრულად, თუმცა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება ჩამოწერა საანგარიშო პერიოდის თვის ბოლო რიცხვებში ჯამურად. ჩამოწერის დროს არ იდენტიფიცირდებოდა რაოდენობა და ერთეულის ფასი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებულ საქონელზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტი და ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებიდან გაირკვა, რომ გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. რეალიზებულ საქონელზე შემოწმებამ გაავრცელა აუდირებული ფასნამატი, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შემოწმებამ შემოსავლად გაითვალისწინა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ხარჯად - საქონელზე გადახდილი ღირებულება, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. საბოლოოდ, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებულ საქონელზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5);158(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1);