საწარმოს კაპიტალში შენატანის დღგ-ით დაბეგვრა N 1194
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საწარმოს კაპიტალში შენატანის დღგ-ით დაბეგვრა N 1194
ფაქტობრივი გარემოებები
· დამფუძნებელმა პირმა აგვისტოს თვეში დაფუძნებულ საწარმოში განახორციელა კუთვნილი შენობა-ნაგებობის შეტანა (შენობის ღირებულება შეფასებულია აუდიტორული კომპანიის მიერ)
· ვარიანტი I დამფუძნებელი პირი წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ საწარმოს, ხოლო მიმღები პირი ეწევა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებს და შესაბამისად არ არის დღგ-ის გადამხდელი
· ვარიანტი II დამფუძნებელი პირი არ არის დღგ-ის გადამხდელი (მ.შ სახელმწიფო)
· ორივე ვარიანტში აქტივის მიმღები პირის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში არანაირი საგადასახადო ვალდებულების შესრულებას ადგილი არ ჰქონია
შეფასება
· სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა
· სსკ-ის 157(6) მუხლის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელი პარტნიორისაგან/წევრისაგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა
· სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად, საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული. კერძოდ, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა: მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება სრულად გაუქმებას
· ვარიანტი I იმის გათვალისწინებით, რომ შენატანი საწარმოს კაპიტალში განახორციელა დღგ-ის გადამხდელმა პირმა, საწარმო ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში, ვინაიდან აქტივის მიმღები საწარმო ეწევა დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებს, იგი სსკ-ს 174-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია სრულად აღადგინოს მიღებულ აქტივზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა შენატანის განხორციელების პერიოდში(აგვისტოს თვეში)
· ვარიანტი II ვინაიდან შენატანის განმახორციელებელი პირი არ არის დღგ-ის გადამხდელი საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ ეკისრება
ღონისძიებები
· I ვარიანტში: პირი დაჯარიმდება დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის სსკ-ის 282-ე მუხლით და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაეკისრება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა
· II ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით