გადაწყვეტილება №17767/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17767/2/2022
2.12.2022
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „ ------------ “ (ს/ნ ---------- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს გიო და გეგას 15.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-------- ).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2022 წლის №227-1 საგადასახადო მოთხოვნა; 2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22856 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 907 130 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 101 723
დღგ - 417 247
მოგების გადასახადი - 27
საშემოსავლო გადასახადი - 684 449
ჯარიმა - 550 295
საურავი - 255 112
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა.შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 30.10.2019 წლიდან 16.12.2021 წლის ჩათვლით პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 2 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელს საქონელი ძირითადად შემოაქვს იმპორტის საბაჟო რეჟიმით და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე, რეალიზაციის ნაწილს ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო ნაწილს საკონტროლო-სალარო აპარატით, 2019 წლიდან 2021 წლის 1 აპრილამდე აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერიას“, რომელშიც მხოლოდ თანხობრივად არის ასახული შემოსავლები, ხოლო საქონლის ჩამოწერები არ ფიქსირდება. 2021 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის ნოემბრამდე გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა ბუღალტრულ პროგრამა „ორისს“, სადაც საქონლის მოძრაობა ძირითადად ასახულია თანხობრივად. აღნიშნული პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 2.8%-ს. შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა. 2021 წლის 3 ნოემბერს გაუქმებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის №39069 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერით ნაშთი არ უფიქსირდება.
შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, თითოეულ პროდუქციაზე დადგინდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების საშუალო შეწონილი ფასი, რომელიც გავრცელდა შეძენილი პროდუქციის რაოდენობაზე. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტებში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით გაანგარიშებული შემოსავალი აღემატებოდა მის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, ხოლო წარდგენილი ბუღალტრული პროგრამებით შეუძლებელი იყო როგორც რეალიზაციების, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერების შესწავლა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, გამოვლინდა დამატებითი დღგით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც განაწილდა შეძენების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ნაღდი ფულადი საშუალებების ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ დადგენილი დამატებითი რეალიზაციით მიღებული თანხები ჩართული იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. შემოწმებით, თითოეული თვის ბოლოსათვის დადგენილი იქნა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც თვის ჭრილში შემცირდა საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული საკასო შემოსავლის 10%-ით, ხოლო გონივრული ნაშთისა და საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით დარჩენილი ნაღდი ფულადი საშუალებები, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად პერიოდების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2022 წლის №5957 ბრძანება და №227-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22856 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელს არ ქონდა საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების, ვინაიდან ბუღალტერია ნაწარმოები ქონდა საბუღალტრო პროგრამა ორისში, სადაც ხდებოდა სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა, ასევე არ არის დაჯარიმებული სალარო აპარატის (ჩეკის) ამოურტყმელობაზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არ ხდებოდა შემოსავლების დამალვა. ასევე, ხშირ შემთხვევებში ხდებოდა საქონლის თვითღირებულებით რეალიზაცია, რაც იძლევა სხვაობას შემმოწმებლის მიერ გამოანგარიშებულ ფასნამატსა და რეალურ შემოსავლებს (ფასნამატს) შორის. არ არის გათვალისწინებული ბუნებრივი დანაკარგი, რაც დამახასიათებელია ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობისათვის.
მომჩივანი ითხოვს, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას) და დაკისრებული სანქციების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის 4 დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი 2019 წლიდან 2021 წლის 1 აპრილამდე აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერიას“, რომელშიც მხოლოდ თანხობრივადაა ასახული შემოსავლები, ხოლო საქონლის ჩამოწერები არ ფიქსირდებოდა. ხოლო, 2021 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის ნოემბრამდე აწარმოებდა ბუღალტრულ პროგრამა „ორისს“, სადაც საქონლის მოძრაობა ძირითადად ფიქსირებული იყო თანხობრივად. ამასთან, აღნიშნული პერიოდზე, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენდა 2.8%-ს. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, თითოეულ პროდუქციაზე დადგინდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების საშუალო შეწონილი ფასი, რომელიც გავრცელდა შეძენილი პროდუქციის რაოდენობაზე. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტებში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით გაანგარიშებული შემოსავალი აღემატებოდა მის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, ხოლო წარდგენილი ბუღალტრული პროგრამები არ იძლეოდა რეალიზაციების, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერების დეტალურად შესწავლის საშუალებას, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკმარისი საფუძველი არსებობდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულიყო არაპირდაპირი მეთოდით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან ბუღალტერია ნაწარმოებია საბუღალტრო პროგრამა „ორისში“, სადაც ხდებოდა სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა, არ ხდებოდა შემოსავლების დამალვა, ხშირ შემთხვევებში ხდებოდა საქონლის თვითღირებულებით რეალიზაცია, რაც იძლევა სხვაობას შემმოწმებლის მიერ გამოანგარიშებულ ფასნამატსა და რეალურ შემოსავლებს (ფასნამატს) შორის. ასევე, არ არის გათვალისწინებული ბუნებრივი დანაკარგი, ითხოვს მისი არგუმენტების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.
მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ გაანგარიშებას ან/და მტკიცებულებას, რაც მის არგუმენტს გაამყარებდა და შესაძლებელია შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო. არ წარმოადგენს არგუმენტს, თუ არა შემოწმებით გამოყენებული მეთოდისა, რა გაანგარიშების, კონკრეტულად რა ოდენობის ფასნამატის გამოყენებით და რა მონაცემების საფუძველზე იქნებოდა შესაძლებელი გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია.
აღსანიშნავია, რომ მომჩივნის წარმომადგენელს გარდა იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის გზით (საჩივარში მითითებულ ტელეფონზე) ეცნობა საჩივრის ზეპირი განხილვის დღესა და დროზე, ასევე აღნიშნულზე გაეგზავნა ინფორმაცია მის მიერ საჩივარში მითითებულ მეილზე და ეთხოვა მინდობილობის წარმოდგენა, მაგრამ განხილვის დღეს უარი განაცხადა (ავადმყოფობის საფუძვლით) წარმოდგენილი საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე და არ გამოუთქვამს სურვილი განხილვის გადადებაზე.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით
აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20
კალენდარული დღის ვადაში