გადაწყვეტილება №20613/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 20613/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20613/2/2023

29 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 18.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20613/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 31.05.2023 წლის №EL211391 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18664 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 37 208,55 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 16.12.2021 წლის №18079/15-04-02 (რეგ. №260124/21-10; 17.12.2021 წ.) და 20.12.2021 წლის №18197/15-04-02 (რეგ. №261720/21-10; 20.12.2021 წ.) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 20.12.2021 წლის №39356 და 21.01.2022 წლის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 21.12.2021 წლიდან - 18.05.2023 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ------- მდებარე, მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობების (-------; -------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

საბაჟო საწყობის შემოწმების პროცესში (შემოწმების აქტი №------- 18.05.2023) შპს ------- და საბაჟო საწყობის წარმომადგენლების თანდასწრებით, გამოვლინდა, რომ შპს ------- (ს/ნ -------) კუთვნილი საქონელი (დროებით შენახვის დეკლარაცია №1-------), რომელიც განთავსებული უნდა ყოფილიყო საბაჟო საწყობში (-------), ფიზიკურად აღმოჩნდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) კუთვნილი სხვა საბაჟო საწყობის -------) მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 29.06.2022 წლის №------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დროებით შენახვის დეკლარაციით (№-------) გაცხადებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 61 590,95 აშშ დოლარი.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 31.05.2023 წლის №EL211391 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 37 208,55 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18664 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „უ“ ქვეპუნქტებზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 127-ე მუხლზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 172-ე მუხლზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ზემოაღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა და ისეთი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება №EL211391 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში მოყვანილ ფორმულირებებს. მომჩივანს არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ვინაიდან აღნიშნული საქონელი ინახებოდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) კუთვნილი საბაჟო საწყობის (-------) მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების აქტით (18.05.2023 წლის შემოწმების აქტი №02-WHS-2023).

საბაჟო ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიმდებარე ტერიტორია და საბაჟო საწყობი არის ერთი შენობა, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი და კონტროლდება საბაჟოს მიერ სათვალთვალო კამერების მეშვეობით. არსებითად სახეზეა ერთიანი ობიექტი სამართლებრივი მნიშვნელობით, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით უძრავ ნივთს განეკუთვნება მიწის ნაკვეთი და ასევე შენობა-ნაგებობანი რომლებიც მყარად დგას მიწაზე, ხოლო ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით შენობა-ნაგებობანი მიეკუთვნება მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არსებითად ერთიანი ობიექტი სამართლებრივი თვალსაზრისით.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებზე, 172- ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კანონი ერთი მხრივ განასხვავებს 3 ტიპის დამოუკიდებელ და განსხვავებულ შემადგენლობას და ზღვარს ავლებს განკარგვას, დაკარგვას და განადგურებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, სამართალდარღვევად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მხოლოდ უკანონო ქმედება.

საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №------- საქმეზე) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“.

ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე ცნობილი იყო როგორც ტვირთის არსებობის თაობაზე (შესაბამისად ცნობილი იყო ისიც, რომ ტვირთი ვერ იქნებოდა განკარგული, დაკარგული ან განადგურებული) და ცნობილი იყო ასევე ტვირთის მესაკუთრის თაობაზეც (რადგანაც მიუთითებს როგორც ტვირთმფლობელს, ისე დროებითი შენახვის დეკლარაციას).

სამართალდარღვევის ოქმით არ არის დაკონკრეტებული თუ კონკრეტულად რომელი შედეგი დადგა - განკარგვა, დაკარგვა თუ განადგურება (რაც რეალურად არ მომხდარა და თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს ტვირთის არსებობას) და არც იმას მიუთითებს იყო თუ არა ეს არარსებული ქმედება უკანონო.

როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიიჩნევს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-710-696(კ-14) საქმეზე), „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“ გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის თანახმად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №------- საქმეზე) როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში.

გარდა ამისა, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-1163-1157(2კ-17) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რომელი მტკიცებულებებიც „უტყუარად უნდა ადასტურებდეს“ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. იმ ვითარებაში კი, როდესაც ტვირთის არც განკარგვა, არც დაკარგვა და არც განადგურება მომხდარა იმთავითვე ცხადია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერც არარსებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახეს, საქონლის განკარგვის ფაქტის დროს, ადგილს და ვითარებას ვერ დაადგენდა და ვერც კონკრეტულ უტყუარ მტკიცებულებებს და გარემოებებს დაეყრდნობოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანიის მიმართ გამოცემულ იქნა სრულიად უკანონო სამართალდარღვევის ოქმი.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე“. გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №------- საქმეზე) „საქონლის განკარგვა უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მფლობელისათვის უნდა იყოს ზიანის მომტანი“, ხოლო, „სატვირთოსაბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი.

აღსანიშნავია, რომ საქონლის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „-------“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა. კერძოდ, შპს ------- ადასტურებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე შენახული საქონელი არის მისი საკუთრება. შესაბამისად, შეუძლებელია ვისაუბროთ ტვირთის რაიმე ფორმით დაკარგვაზე, განკარგვაზე ან მის განადგურებაზე.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2013 წლის №31275 ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო არის შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო, რომელიც კოლეგიურად, დახურულ სხდომაზე, განიხილავს შემოსავლების სამსახურში შემოსულ საჩივრებს. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება (მათ შორის დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით) საბჭოს წევრთა უმრავლესობა. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განსახილველ საკითხზე საბჭოს პოზიციას ამტკიცებს/შეიმუშავებს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით.

აღნიშნული ბრძანების №1 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრულია დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 10 პირისაგან შედგება. შეტანილ საჩივართან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომა ჩატარდა 14.07.2023 წელს. აღნიშნულ სხდომაზე საბჭოს წევრების განცხადებით განემარტა, რომ საჭიროდ იყო მიჩნეული საკითხის გადადება სხვა სხდომისათვის, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნებოდნენ საბაჟო ორგანოს წარმომადგენლები და რომ განმეორებითი სხდომის ჩატარების თაობაზე დამატებით აცნობებდნენ მონაწილოების მისაღებად.

მიუხედავად ამისა, მომჩივნისთვის განმეორებითი სხდომის ჩატარების თაობაზე არ უცნობებიათ და არც მიუწვევიათ. გამოთხოვილი იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 14.07.2023 წლის №75 სხდომის ოქმი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლების ესწრებოდნენ და ასევე 27.07.2023 წლის №79 სხდომის ოქმი (რომელ სხდომაზე მონაწილოების მიღება არ იქნა უზრუნველყოფილი). საბჭოს 14 ივლისის №75 სხდომის ოქმში მითითებულია, რომ სხდომას ესწრებოდა საბჭოს 9 წევრი. თუმცა, მითითებულ პირთაგან ორის - ბატონი ------- და ბატონი ------- ყოფნა მომჩივნისთვის ნამდვილად უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ოქმის მიხედვით მათ სხდომაზე აზრიც გამოთქვეს. აღნიშნულ სხდომის ოქმის თანახმად, დავების საბჭომ გადაწყვიტა საჩივრის განხილვის გადადება საბაჟო დეპარტამენტის მიერ საკითხის დამატებითი შესწავლამდე. ზემოაღნიშნული ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით საბჭოს თავმჯდომარის/მოადგილის ინიციატივით ან გადასახადის გადამხდელის თხოვნით, შესაძლებელია საკითხის განხილვა გადაიდოს სხვა დროისათვის. ხოლო, იმავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი წერილობითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია/მტკიცებულებები ან/და საჩივრის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ სხვა ინფორმაცია.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ საკითხის დამატებითი შესწავლის შედეგები მომჩივნისთვის არ გადაუციათ და უცნობია. ამასთანავე, თუკი საბჭომ მნიშვნელოვნად ჩათვალა საკითხის დამატებითი შესწავლა, ბუნებრივია, რომ მისი შედეგების განხილვაში მონაწილეობისა და პოზიციების დაფიქსირების უფლება უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მომდევნო სხდომაზე. განმეორებით სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლები აღარ ყოფილან მიწვეულნი, თუმცა, რაიმე სახის „დამატებით შესწავლილი“ გარემოებების თაობაზე არც საბჭოს 28 ივლისის №79 სხდომის ოქმშია მითითებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის წესი, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის ხსენებული ბრძანების მე-2 მუხლი მოითხოვს, რომ დავების დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელს/მის წარმომადგენელს შეატყობინოს საბჭოს სხდომის გამართვის დრო, ადგილი და კომუნიკაციის ფორმა, რითაც უზრუნველყოფილია სხდომაში მონაწილოების და აზრის გამოთქმის უფლება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211391 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18664 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18664 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, რადგან არ მოუხდენია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობების სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 31.07.2023 წლის №18664 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 77; 127; 163; 172;