ბრძანება N 19041
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19041
03 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ---ის (პ/ნ ---)
( მის.:---) 2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ---) 2023 წლის 24 იანვრის №78461/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №081-325 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს წილის ნასყიდობისას გადახდილი თანხების ერთობლივ შემოსავლად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანომ ფიზიკური პირის მიერ შპს „---ის“ წილის შეძენისას მითითებული ღირებულება უტყუარად მიიჩნია 2019 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავლად, ისე, რომ არ შეუსწავლია და არ დაუდასტურებია აღნიშნული შემოსავლის მიღების პერიოდი, ასევე არ შეუსწავლია შემოსავლის წარმოშობის წყაროები. მიუთითებს, რომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის და პერიოდების დადასტურების მიზნით მტკიცებულებების მოძიება. მიაჩნია, რომ ვალდებულებები განსაზღვრულია არასათანადოდ მოკვლეული გარემოებებით და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით და ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება მიწის გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწებზე გადასახდელი ქონების გადასახადი მნიშვნელოვნად განსხვავდება შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებისგან. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიწაზე ქონების გადასახადის ვალდებულება 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე ფიზიკური პირის მიერ შესრულებულია და წარდგენილია შესაბამისი დეკლარაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 აპრილის №9407 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 27 დეკემბრის №33148 ბრძანება და 28 დეკემბრის №081-325 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 16 828 145 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 416 149 ლარი, ჯარიმა 4 200 000 ლარი და საურავი 4 211 996 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. 2019 წლის 30 დეკემბერს შპს „---ს“ 100%-იანი წილი შეძენილი აქვს ფ/პ ---ს 42 000 000 ლარად ---ის რეზიდენტი კომპანიისგან (90%) და ---ის მოქალაქე ფიზიკური პირისგან (10%). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა, ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია ნაღდი ანგარიშწორებით. ჩვენს ხელთ არსებული (მათ შორის, ---დან მიღებული) ინფორმაციის თანხამად, ფ/პ ---ს არ უფიქსირდება აღნიშნული თანხის მიღება როგორც ბანკში, ასევე ნაღდი ფულის სახით (სალაროდან).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, ასევე მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 42 000 000 ლარი, რომელიც გადახდილია წილის შესაძენად და რომლის დაბეგვრაც საწარმოებში არ ფიქსირდება, ჩაითვალა ამ პერიოდის შემოსავლად. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაირთო ფ/პ ---ს ერთობლივ შემოსავალში და დაექვემდებარა დაბეგვრას. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ --- ფლობს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გადამხდელის დეკლარაციების შესწავლისას დადგინდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილად არ აქვს გადახდილი ქონების გადასახადი. შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა მიწაზე ქონების გადასახადი, რის საფუძველზეც გადამხდელს გადასახადი დაერიცხა შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალდებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ფ/პ ---ს 42 000 000 ლარად შეძენილი აქვს შპს „---ს“ 100%-იანი წილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა, ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია ნაღდი ანგარიშწორებით. ფ/პ ---ს არ უფიქსირდება აღნიშნული თანხის მიღება როგორც ბანკში, ასევე ნაღდი ფულის სახით (სალაროდან). შემოწმებით, 42 000 000 ლარი, რომელიც გადახდილია წილის შესაძენად და რომლის დაბეგვრაც საწარმოებში არ ფიქსირდება, ჩაირთო ფ/პ ---ის 2019 წლის ერთობლივ შემოსავალში და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მითითებულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.
ამასთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილით დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ფ/პ --- ფლობს როგორც სასოფლოსამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
გადამხდელის დეკლარაციების შესწავლისას დადგინდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილად არ აქვს გადახდილი ქონების გადასახადი. შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა მიწაზე ქონების გადასახადი, რის საფუძველზეც გადამხდელს გადასახადი დაერიცხა შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ქონების (მიწის) გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს წილის ნასყიდობისას გადახდილი თანხების ერთობლივ შემოსავლად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება მიწის გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 აპრილის №9407 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 27 დეკემბრის №33148 ბრძანება და 28 დეკემბრის №081-325 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 16 828 145 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 416 149 ლარი, ჯარიმა 4 200 000 ლარი და საურავი 4 211 996 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (1,4); 100; 43; 203; 204; 205.