გადაწყვეტილება №22536/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22536/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 11.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22536/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა;
3. მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
4. სალაროს ნაშთის ოდენობა; 5. დღგ-ის ჩათვლა;
6. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №024-107 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 254 731 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 122 262
დღგ - 87 673
მოგების გადასახადი - 2 385
საშემოსავლო გადასახადი - 32 204
ჯარიმა - 107 865
საურავი - 24 604
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე სამშენებლო მასალების შეძენა და რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის №18184, 17.10.2023 წლის №25702, 2.11.2023 წლის №27113, 27.11.2023 წლის №29084 და 13.12.2023 წლის №31330 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 22 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33079 ბრძანება და №024-107 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 254 731 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზა, რომლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება როგორც დოკუმენტურად (დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან ბრუნვაში შეადგენს 54%-ს), ისე საცალოდ. შემოწმების პროცესში მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყვანა, რომელმაც შეადგინა საშუალოდ 29% (2020 წელს - 33%, 2021 წელს - 32%, 2022 წელს - 29%, 2023 წელს - 30%). გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველის ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, 2020-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი (29%). აღნიშული ფასნამატი, ჯგუფების მიხედვით, გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შედეგად, გაიზარდა 2020-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 309-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ხოლო გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 54%-ს, მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და არადოკუმენტურად რეალიზებულ საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებას. ასევე, მართლზომიერია არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, არ ფიქსირდება მონაცემები ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და დაუძლეველის ძალის შედეგად (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) განადგურებული საქონლის ჩამოწერის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანებით №22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ (დანართი 10) მონაცემებით ხელმძღვანელობასთან და საცალო რეალიზაციისას მიღებული შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, მის მიერ გაანგარიშებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატის გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება შესაბამისობაშია აღნიშნულ მეთოდურ მითითებასთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარდგენილ პოზიციაზე, რომლითაც მომჩივანი გაცემულ ხელფასებზე ითხოვს საგადასახადო კოდექსი 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. კომპანია არ არის დაჯარიმებული საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად. არ არის სრულყოფილად შესწავლილი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების პრინციპები და საფუძვლები, არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №10 „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“. შემოსავლის გაანგარიშებისას, როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული, გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა საშუალოდ 29%. მომჩივნის მიერ შედგენილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დოკუმენტური საშუალო ფასნამატი არსებითად ნაკლებია შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატზე. შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შედეგად გაიზარდა 2020-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. არ ეთანხმება აღნიშნულ მიდგომას და ითხოვს მათ მიერ გაანგარიშებული ფასნამატისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატის გავრცელებას (ინვენტარიზაციის ფასნამატმა შეადგინა 23%). დოკუმენტური რეალიზაცია არ მოიცავს კომპანიის საქონლის ყველა ასორტიმენტს და შედეგად ფასნამატის მაჩვენებელიც არასწორ სურათს და შედეგს იძლევა შემოსავლის გაანგარიშებისას. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატში კი, იქიდან გამომდინარე, რომ მოხვედრილია ყველა საქონელი, რომლის რეალიზაციასაც ახდენს და რომელი ფასნამატითაც რეალურად მუშაობს, უფრო რეალურ და სამართლიან შედეგს მოგვცემს შემოსავლის გაანგარიშებისას თუ გამოვიყენებთ. აღნიშნული მიდგომით შემოსავლის გადაანგარიშება გავლენას ახდენს როგორც დამატებული ღირებულების, ასევე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზე და გამოიწვევს შემოწმების აქტით დარიცხული თანხის შემცირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული თანხების სრულად შემცირებას. იმ შემთხვევაში თუ არაპირდაპირი მეთოდით უნდა განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №10-ის „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მონაცემებით, საცალო რეალიზაციაზე გავრცელდეს მომჩივნის მიერ გაანგარიშებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატი, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საკითხის დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი, რადგან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს არანაირი სახის ბუღალტრულ ჩანაწერებს და შეუძლებელია დასაბეგრი ობიექტის დადგენა. კომპანია შემოწმების პროცესში დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული ბაზები. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება როგორც დოკუმენტურად (დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან ბრუნვაში შეადგენს 54%-ს), ისე საცალოდ. შემოწმების პროცესში მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყვანა, რომელიც შეადგენს საშუალოდ 29%-ს. აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შემოწმებისას ვერ მოხდა ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენება, რადგან ცხრილი დამუშავებულია გადასახადის გადამხდელის მიერ და როგორც საბაზრო ფასები, ასევე თვითღირებულებები მიწერილია მის მიერ და ვერ ხდება შეფასება რამდენად სწორად არის მიწერილი ღირებულებები. მაგალითად, ინვენტარიზაციის ცხრილში ფაქტობრივად აღწერილია კარის სახელური (ჩამონათვალში არის 4-ჯერ) ყოველგვარი მახასიათებლის გარეშე და ვერ ხდება მომჩივნის მიერ მიწერილი ფასების გადამოწმება. არ არის იდენტიფიცირებული შეძენის დოკუმენტი, ხოლო დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ყოველი პროდუქციის შეძენის დოკუმენტი, მახასიათებელი და შეძენის პერიოდი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილია 0 ლარი, ხოლო დაბრუნებულია 43 937 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს №20696 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლითაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. შედეგად, შემოწმებით გამოვლინდა 93 412 ლარის (საბაზრო ღირებულება) აღურიცხველი საქონელი. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის საბაზრო ღირებულება და მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 145-ე, მე-8, 72-ე, 269-ე, 286-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტთან, აღურიცხველად მიჩნეული საქონლის შეძენის დოკუმენტებთან დაკავშირების შესაძლებლობასთან მიმართებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის პროცესში, შემმოწმებელთან ერთად მონაწილეობდა გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი პირი. შემოწმების პროცესში, აღნიშნული საკითხი გავლილია და გადამხდელის მიერ წარდგენილია ხელმოწერით დადასტურებული მტკიცებულებები.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელთან განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილ იქნა საქონელი, რომლის დაკავშირება ვერ მოხდა შეძენის დოკუმენტებთან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მართლზომიერია შემოწმებით საქონლის აღურიცხველად მიჩნევა და შესაბამისი ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ აღურიცხველად გამოვლენილ საქონელზე ჯარიმის შეფარდება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს №20696 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგებიც გამოყვანილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რომლის დროსაც ვერ მოხერხდა ფაქტობრივად არსებული სმფ-ების ნაშთის იდენტიფიცირება (დაკავშირება შეძენის დოკუმენტებთან/ზედნადებებთან), რის გამოც არსებული სმფ-ები განხილულია, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად და დარიცხულია საბაზრო ღირებულების 50%.
ფაქტობრივად არსებული ყველა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა შეძენილია დოკუმენტურად, არსებობს მათი შეძენის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (ზედნადებები), იდენტიფიცირდება შეძენის ზედნადებების დასახელებებით, რის გამოც არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაკისრებულ ჯარიმას. აღნიშნულ სადავო საკითხს კავშირი აქვს აქტის №1 და №4 საკითხებთან, ვინაიდან თუ შემცირდება (განულდება) აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად მიჩნეული საქონლის რაოდენობა/ღირებულება, პირდაპირ პროპორციულად შემცირდება რეალიზებული პროდუქციის ღირებულება და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, შემცირდება დღგ-ით დასაბეგრი ბაზა და ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები. მომჩივნის მიერ შედგენილია აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად მიჩნეული საქონლის შეძენის დოკუმენტებთან (ზედნადებებთან) იდენტიფიცირების (დაკავშირების) ცხრილი. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა - იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის №25578-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა კომპანიის უფლებამოსილი პირი. შემოწმების პროცესში აღნიშნული საკითხი გავლილია და დოკუმენტური მტკიცებულებაც ხელმოწერილი და დადასტურებულია გადასახადის გადამხდელის მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს გადახდილი აქვს თანხები აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში, ასევე გადახდილია პირადი მოხმარების იპოთეკური სესხი, რომლებზეც არ არის წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი). შედეგად, საწარმოს, საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე, დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 97-ე, 982 , 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს ხარჯი, რომლზეც შემოწმებას არ წარუდგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, შესაბამისად, ვერ დადასტურდა მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, მართლზომიერად მიიჩნევს გაწეულ ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და მასზე შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას. ხარჯი გაწეულია ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე, რის გამოც ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს გადახდილი აქვს თანხები აფთიაქებში და მარკეტებში, ასევე გადახდილია პირადი მოხმარების იპოთეკური სესხი, რომელიც შემოწმების პროცესში დაკვალიფიცირდა როგორც არაეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ხარჯი გაწეულია ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე და ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და განახორციელოს დარიცხული თანხების შემცირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
4. სალაროს ნაშთის ოდენობა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ, შემოწმების მიერ დამატებით დათვლილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა 161 027 ლარი (აგროსილი), რომელიც შესამოწმებელი წლების ბოლოს დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მე-4 სადავო საკითხი გამომდინარეობს პირველი სადავო საკითხიდან. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაბეგრილია ხელფასად, რასაც არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: მომჩივნის მიერ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოყვანილი არგუმენტაციით უნდა განხორციელდეს არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლის ხელფასად დარიცხული თანხების კორექტირება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოქმედებდა საგადასახადო შეღავათი საშემოსავლო გადასახადში (კოვიდის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში), კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილი. აღნიშნული ნორმის მოქმედების პერიოდში კომპანიის მიერ გაცემულია ხელფასი, რაც შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული. შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №9 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“. არ არის გათვალისწინებული ყველა ხარჯი. კერძოდ, საბანკო ტერმინალების საკომისიოს თანხა. სრულად არ არის გათვალისწინებული შესყიდვის აქტების ღირებულება. წარდგენილი ანგარიშგებებით გაანგარიშდეს სალაროს ნაშთი, შენატანის თანხით შემცირდეს სალაროს თანხა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხული თანხების შემცირებას (პირველი სადავო საკითხიდან გამომდინარე), საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით საგადასახადო შეღავათის (კოვიდის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში) გათვალისწინებას, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №9 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საკითხის დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის შესაბამისად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმებით შემოსავლის გაანგარიშება მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის თანხა მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ხელფასის სახით განაცემები შემოწმებით არ დაკორექტირებულა და დარჩა დეკლარირებული მონაცემი, რადგან საბანკო ამონაწერის მიხედვით არ დგინდება ბანკიდან ხელფასის გაცემა და მიჩნეულ იქნა, რომ ხელფასი გაცემულია სალაროდან.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. დღგ-ის ჩათვლა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2, 173-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე და 180- ე მუხლებზე.
წარდგენილ საჩივარში გადამხდელი ითხოვს შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის ჩათვლას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში აქვს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შეძენილ მასალებზე. მომჩივანი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის საკითხი და განახორციელოს შესაბამისი კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის საკითხი და განახორციელოს შესაბამისი კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №024-107 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 254 731 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 122 262 ლარი, ჯარიმა - 107 865 ლარი და საურავი - 24 604 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 275-ე, 286-ე, 272-ე, 269-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და ითხოვს გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანება;
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს: 1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი; 2. აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა; 3. მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება; 4. სალაროს ნაშთის ოდენობა; 5. დღგ-ის ჩათვლა; 6. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზა, რომლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება როგორც დოკუმენტურად, ისე საცალოდ. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლითაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის საბაზრო ღირებულება და მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს გადახდილი აქვს თანხები აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში, ასევე გადახდილია პირადი მოხმარების იპოთეკური სესხი, რომლებზეც არ არის წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. საწარმოს, საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ, შემოწმების მიერ დამატებით დათვლილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომელიც შესამოწმებელი წლების ბოლოს დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
წარდგენილ საჩივარში გადამხდელი ითხოვს შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის ჩათვლას.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მესამე საადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დანაჩენ ნაწილში, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1); 101; 154; 159; 175; 286(4); 309(112); 269(7); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161; 173; 174;