ბრძანება N 10714
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10714
15.05.2023
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ.მის.: ---) 2023 წლის 27 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 27 იანვრის №78640/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-275 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება იჯარის ხელშეკრულების თანახმად, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, საწარმოს მიერ იჯარით გაცემული ფართისა და სანაცვლოდ მიღებული კეთილმოწყობის მომსახურების ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად დაკვალიფიცირებას. აღნიშნავს, რომ შპს „---ს“ და შპს „---ს“ შორის 2021 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოიჯარეს გადაეცა შენობა დროებით სარგებლობაში, 5 წლის ვადით. იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის შემდეგ საიჯარო ქირად განისაზღვრა 7080 ლარი დღგ-ის ჩათვლით. შეთანხმების მიხედვით, მოიჯარეს გააჩნდა ვალდებულება 1 წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო საიჯარო ფართის კეთილმოწყობა. მომჩივანი აცხადებს, რომ აღნიშნული სარემონტო სამუშაოების შედეგად არანაირი სარგებელი არ მიუღია. შესაბამისად, მოიჯარის მიერ საშეღავათო პერიოდში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების, ბარტერული ოპერაციის ფარგლებში შპს „--ს“ მიერ მიღებულ სანაცვლო მომსახურებად განხილვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
2. მომჩივანი არ ეთანხმება მის მიერ გადახდილი კომუნალური გადასახადების მიწოდებად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ გადასახადის დარიცხვა მოხდა წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის საფუძველზე, რომლის თანახმადაც კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მოიჯარეს. თუმცა, შპს „---ს“ მიერ ზეპირსიტყვიერად შედგა შეთანხმება მოიჯარეებთან იმის თაობაზე, რომ კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოახდენდა მეიჯარე. შესაბამისად, მომჩივანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფუძვლით განხორციელებული დარიცხვა არასწორია.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 სექტემბრის №22717 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველი აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33709 ბრძანება და ამავე თარიღის №001-275 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 69 368 ლარი, მათ შორის, გადასახადი 42 492 ლარი, ჯარიმა 20 013 ლარი, საურავი 6 863 ლარი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს --- (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 7 ივლისს. დღგ-ს გადამხდელად ფიქსირდება 09.12.2019 წლიდან. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკუთარი არასაცხოვრებელი ფართების გაქირავება. შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იჯარის ხელშეკრულებები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს „---“ ( ს/ნ ---) გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მოიჯარე 12 თვის განმავლობაში სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და სანაცვლოდ, ვალდებულებას იღებს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე. შემოწმების ჯგუფის მიერ გამოთხოვილ იქნა რემონტის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გაშიფრულია სარემონტო სამუშაოების ყოველთვიური დანახარჯი. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული რემონტის ღირებულება შეადგენს 146 267 ლარს. აღნიშნული ოპერაცია შემმოწმებლის მიერ განხილულია ბარტერულ ოპერაციად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიას გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც ეკისრებოდა მოიჯარეს. გადამხდელის მიერ გამიჯნულია პირადი მოხმარების, სასაწყობე ფართების და წარმოებაზე გაცემული ფართის კომუნალური გადასახადები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით და გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით, გამოანგარიშებულ იქნა მისაწოდებელი კომუნალური გადასახადების სიდიდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და ,,ზ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სარემონტო მომსახურება და ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანხამად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/ მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, მოიჯარისთვის საშეღავათო პერიოდის მიცემის სანაცვლოდ სარემონტო მომსახურების მიღების ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შპს „---ს“ (ს/ნ---) ურთიერთდამოკიდებულ პირთან გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მოიჯარე 12 თვის განმავლობაში სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და სანაცვლოდ, ვალდებულებას იღებს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე. შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ბარტერულ ოპერაციად და შესაბამისად განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი. გადამხდელის არგუმენტთან, კომუნალური გადასახადების დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიას გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც ხელშეკრულებით ეკისრებოდა მოიჯარეს.
ამასთან, შემმოწმებლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგრილია მხოლოდ წარმოებისთვის გამოყენებული საიჯარო ქონების კომუნალური გადახდები, რომლის ყოველთვიური ელექტროენერგიის ხარჯი (გადასახდელი თანხა) აჭარბებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ იჯარის თანხას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხების ნაწილში შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება იჯარის ხელშეკრულების თანახმად, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, საწარმოს მიერ იჯარით გაცემული ფართისა და სანაცვლოდ მიღებული კეთილმოწყობის მომსახურების ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად დაკვალიფიცირებას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება მის მიერ გადახდილი კომუნალური გადასახადების მიწოდებად განხილვას.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ პირთან გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მოიჯარე 12 თვის განმავლობაში სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და სანაცვლოდ, ვალდებულებას იღებს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე. აღნიშნული ოპერაცია შემმოწმებლის მიერ განხილულია ბარტერულ ოპერაციად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გამოანგარიშებულ იქნა მისაწოდებელი კომუნალური გადასახადების სიდიდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხების ნაწილში შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302 (2, 6); 136; 73 (9); 159;163;164;168;43;61;14;18