გადაწყვეტილება №26801/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.03.2026
№ დოკუმენტი 26801/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26801/2/2026

18 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 2.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26801/2/2026).

 

დავის საგანი:

პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანება და მამკვიდრებლის საგადასახადო ბარათზე რიცხული ზედმეტობის გადატანა მემკვიდრის ბარათზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 31 დეკემბრის №21-11/93075 გადაწყვეტილება;

2. მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 21 იანვრის №21-11/2981 გადაწყვეტილება;

3. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3843 ბრძანება.

 

სადავო თანხა: 12 024.62 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და ითხოვა გარდაცვლილი პირის და მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანება და მამკვიდრებლის საგადასახადო ბარათზე რიცხული ზედმეტობის გადატანა მემკვიდრის ბარათზე.

2022-2024 წლებში გადახდილი თანხები ჯამურად 36 300 ლარი გადატანილია "-------"-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე 30.12.2025 წლის სავადო თარიღით, რის შესახებ მემკვიდრეს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 31 დეკემბრის №21-11/93075 და 2026 წლის 21 იანვრის №21- 11/2981 წერილებით. ამასთან, გარდაცვლილი პირის სახელით 2021 წელს გადახდილი თანხა (12 100 ლარი), როგორც არარეალური ზედმეტობა, არ დაექვემდებარა გადატანას მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე და გაუქმებულ იქნა გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

მომსახურების დეპარტამენტის წერილები 2026 წლის 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 19 თებერვლის №3843 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე19 მუხლზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გარდაცვლილი "-------"-ის საგადასახადო აღრიცხვის ბარათზე 2025 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 48 405.62 ლარის ოდენობით. "-------"-მა, როგორც მემკვიდრემ, მოითხოვა საგადასახადო ბარათების გაერთიანება და მამკვიდრებლის საგადასახადო ბარათზე რიცხული ზედმეტობის გადმოტანა მის ბარათზე.

პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანების პროცესში, ვინაიდან არ ჰქონდა შესრულებული ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება სამკვიდროთი მიღებულ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, მოხდა 2022-2024 წლების ქონების გადასახადის დარიცხვა და შესაბამისი ზედმეტად გადახდილი თანხების გადმოტანა მამკვიდრებლის ბარათიდან.

ბარათების გაერთიანებისას ჯამში მემკვიდრის ბარათზე გადმოვიდა 36 381 ლარი. მამკვიდრებლის ბარათზე დარჩა ზედმეტად გადახდილი თანხა 12 024.62 ლარი, რომლის გადმოტანასაც ითხოვს მომჩივანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-19 მუხლის (ბარათის დახურვის წესი) მე-7 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირის გარდაცვალების, სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მის ბარათზე რაიმე სახის გადასახადის ან გადასახდელის დარიცხვა აღარ ხორციელდება (გარდა დღგ-ისა, კერძოდ, საქონლის ნაშთს, რომელზედაც გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა და რომლის მიხედვითაც მიღებული ჩათვლების გაუქმება უნდა აისახოს ბარათზე, ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომი პერიოდების მიხედვით დარიცხული თანხები (მათ შორის – საურავი) ექვემდებარება გაუქმებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გრძელდება გარდაცვლილი პირის ეკონომიკური საქმიანობა).

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე არ აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას საგადასახადო ორგანო მემკვიდრის და მამკვიდრებლის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ახორციელებს შემდეგ ოპერაციებს: გ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შედეგების და შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზების გათვალისწინებით და მემკვიდრე ითხოვს მისთვის დაბრუნებას ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გარდაცვლილის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხა გაანულოს უკუოპერაცით და მემკვიდრეობის მიღების თარიღით გადაიტანოს იმავე სახით მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, მემკვიდრის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა შესაძლებელია შეჩერებულ იქნეს ბარათების შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებამდე.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 4.03.2026 წლის №------ წერილი თანდართულ მასალებთან ერთად, საიდანაც დგინდება, რომ გარდაცვლილი "-------"-ის (გარდაცვალების თარიღი - 17.03.2021 წელი) ელექტრონული გვერდიდან კომუნიკატორის სერვისით 16.12.2025 წელს გადაგზავნილია განცხადება №644575, რომლითაც წარდგენილია 19.05.2022 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით "-------"-ის მემკვიდრეებს თანაბარ წილში წარმოადგენენ მეუღლე "-------" (პ/ნ "-------") და შვილი "-------" (პ/ნ "-------"). "-------" ითხოვს 17.03.2021 წელს გარდაცვლილი "-------"-ის ზედმეტობის გადატანას მემკვიდრეზე. განცხადებას თან ერთვის "-------"-ის თანხმობა "-------"-ის სასარგებლოდ. აღნიშნული საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ 17.03.2021 წელს გარდაცვლილ "-------"-ს გარდაცვალების თარიღისთვის ერიცხება ზედმეტად გადახდილი 5.62 ლარი. პირის მიმართ დარიცხულია 2020 წლის ჩათვლით მიწის გადასახადი (სასოფლო და არასასოფლო) საკადასტრო კოდებით: "-------" ჰა, "-------" - 30ჰა, "-------" - 12081კვ.მ, "-------" - 2000კვ.მ, "-------" - 901კვ.მ. აღნიშნული მიწის ნაკვეთები მემკვიდრეების მიერ მიღებულია მემკვიდრეობით. "-------"-ის მიერ აღნიშნულ მიწებზე დარიცხულია 2025 წლის გადასახადი, ხოლო 2022-2024 წლების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო ორგანოს მიერ 30.12.2025 წელს თითოეულ წელზე 12 127 ლარი. 2021-2024 წლებში გარდაცვლილი პირის სახელით გადახდილია თითოეულ წელს 12 100 ლარი, ჯამურად 48 400 ლარი. 2022-2024 წლებში გადახდილი თანხები ჯამურად 36 300 ლარი გადატანილია "-------"-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე 30.12.2025 წლის სავადო თარიღით, რის შესახებ მემკვიდრეს ეცნობა 31.12.2025 წლის № "-------" წერილით. "-------"-ის მიერ 2021 წლის გადასახადი დარიცხული არ არის. 2025 წლისთვის 2021 წლის საანგარიშო პერიოდი განეკუთვნებოდა საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს და შესაბამისად, ვერ განხორციელდა 2021 წლის მიწის გადასახადის დარიცხვა. ვინაიდან არ ფიქსირდება შესაბამისი დარიცხვა, გარდაცვლილი პირის სახელით 2021 წელს გადახდილი თანხა (12 100 ლარი) არ დაექვემდებარა გადატანას მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რის შესახებ ასევე ეცნობა კომუნიკატორის სერვისით 2026 წლის 21 იანვრის № "-------" წერილით."-------"-ს 28.01.2026 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი 0.06 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე: გარდაცვლილი "-------"-ის (გარდაცვალების თარიღი - 17.03.2021 წელი) სახელით 12.11.2021 წელს გადახდილია ჯამურად 12 100 ლარი, ხოლო შესაბამისი დარიცხვა არ ფიქსირდება. მემკვიდრის - "-------" მიერ 2021 წელს გადასახადი დარიცხული არ არის. შესაბამისად, გააჩნია შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება. 2021 წლის საანგარიშო პერიოდი განეკუთვნება საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს და შესაბამისად, ვერ განხორციელდება 2021 წლის მიწის გადასახადის დარიცხვა. ვინაიდან არ ფიქსირდება შესაბამისი დარიცხვა, გარდაცვლილი პირის სახელით 2021 წელს გადახდილი თანხა (12 100 ლარი), როგორც არარეალური ზედმეტობა, არ დაექვემდებარა გადატანას მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე და გაუქმებული იქნა გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითოხვს მამკვიდრებლის ბარათზე დარჩენილი ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა ითხოვა გარდაცვლილი პირის და მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანება და მამკვიდრებლის საგადასახადო ბარათზე რიცხული ზედმეტობის გადატანა მემკვიდრის ბარათზე.

2022-2024 წლებში გადახდილი თანხები ჯამურად 36 300 ლარი გადატანილია მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათზე 30.12.2025 წლის სავადო თარიღით, რის შესახებ მემკვიდრეს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის წერილებით. ამასთან, გარდაცვლილი პირის სახელით 2021 წელს გადახდილი თანხა,როგორც არარეალური ზედმეტობა, არ დაექვემდებარა გადატანას მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე და გაუქმებულ იქნა გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-19 მუხლს.