ბრძანება N 24192
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24192
2 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 26 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს „------------“ (ს/ნ -------------) №82603/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №043-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ არ არის მითითებული არჩეული მეთოდის ადექვატურობის დასაბუთების შესახებ. შემოწმების აქტში ასახულ არაპირდაპირ მეთოდს სანდოობის ხარისხის დასადასტურებლად და არასწორი მონაცემების მიღების თავიდან ასაცილებლად, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 აპრილის N5568 ბრძანების 14.4. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სჭირდებოდა სხვა, თუნდაც ერთი მეთოდით გადამოწმება, რაც არ არის განხორციელებული.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ასევე ფასნამატის ოდენობას. შემოწმებით გამოყენებულ იქნა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით შესაბამის საქონელზე დადგენილი ფასნამატი. აცხადებს, რომ აღნიშნული ფასნამატი არასწორადაა გაანგარიშებული, რადგანაც კომპანიის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი 8%-ს არ აღემატება. შემოწმებით წონიდან ცალობაში არასწორად არის საქონლის თვითღირებულება გადაყვანილი. კომპანიას აქვს 4 სასაქონლო ზედნადებებით გაწერილი სულ 15 800 ლარის საქონელი, რომლის მიხედვითაც შემოწმებას შეეძლო სწორად განესაზღვრა ფასნამატის პროცენტი, რაც სამწუხაროდ განხორციელებული არ არის. რაც შეეხება რპთ-ის გაანგარიშებას, შემმოწმებლებს დაშვებული აქვთ შეცდომა, რადგან რიგ შემთხვევებში საბაჟო ღირებულება განბაჟებისას დადგენილია საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული შეფასებით, როდესაც აღებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ საქონლის საინვოისო ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯები და ა.შ. კომპანიის ფასნამატი საქონლის სახეობების მიხედვით მერყეობს 7-8 პროცენტის ფარგლებში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის განკარგვადი თანხის შემოწმებით გაანგარიშებულ ოდენობას და ამ თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი საინვოისო ღირებულების მხოლოდ 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. შესაბამისად, 25% ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აცხადებს, რომ დამატებით წარმოადგენს შედარების აქტებს, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ კომპანიას არ გააჩნია არარეზიდენტი მომწოდებლისათვის გადასახდელი თანხები და საქონლის შეძენის ღირებულება სრულად არის გადახდილი. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ამ კუთხით ასანაზღაურებულად დარჩენილი 25%-ის ოდენობით თანხის მიკუთვნება დირექტორის ხელფასზე. ამასთან, მიიჩნევს, რომ სალაროში ფულადი ნაშთის გაანგარიშებაში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ: შემოწმებისათვის წარდგენილი საბანკო ამონაწერით დგინდება, რომ კომპანიას არ გააჩნია საბანკო ან სხვა სასესხო ვალდებულება, შესაბამისად, ისმის კითხვა საწარმოში როგორ უნდა მოხვედრილიყო საქონლის შესაძენი თანხები, ამის ორი გზა არსებობს: სესხი, რაც არ ჰქონია კომპანიას და კაპიტალში შენატანი, რომლის მეშვეობითაც კომპანია ახორციელებდა საქონლის მომწოდებელ და ტრანსპორტირების განმახორციელებელ არარეზიდენტ კომპანიებთან შესაბამის ანგარიშწორებას. ამდენად, როდესაც სალაროს ნაშთის გაანგარიშება ხდება არაპირდაპირი მეთოდით, გაანგარიშებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს დღგ-ის სწორად გაანგარიშებულმა ბრუნვის თანხამ, რომელსაც უნდა გამოაკლდეს საქონლის საინვოისო ღირებულება, ტრანსპორტირების ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საბანკო ხარჯები, ხელფასები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. შედეგად მიღებული სალაროს ნაშთი განხილულ უნდა იქნეს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და არა ხელფასად.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიაზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ დამატებით წარმოდგენილი იქნება ცნობა არარეზიდენტი პირის რეზიდენტობის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6166 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 17 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 ივნისის №12241 ბრძანება და ამავე თარიღის №043- 10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 555 682 ლარი, მათ შორის გადასახადი 350 550 ლარი, ჯარიმა 175 275 ლარი და საურავი 29 857 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ ---------- და -------- სახალხო რესპუბლიკიდან იმპორტირებული აქვს ყველა ასაკის ადამიანის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, ჩანთა, ქუდი, ქამარი, პირსახოცი, ადიალა, წინსაფარი, პლედი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები არ არის სრულად დეკლარირებული, ასევე, საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხების მიხედვით არ არის საგადასახადო ვალდებულება შესრულებული.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის N7545 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ვერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რადგან ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან დაკავშირება.
გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს დაბეგვრის ობიექტები. გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სწორად და დროულად არ არის აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ არის აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც შეუძლებელია კონტროლის განხორციელება მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, იმპორტირებული საქონელი სრულად ჩაითვალა რეალიზებულად, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით შესაბამის საქონელზე დადგენილი ფასნამატის - 23.62% - საფუძველზე, მიღებული თანხა თვეებზე გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ჯამური ბრუნვის თანხაში შესაბამისი თვის ბრუნვის ხვედრითი წილის მიხედვით. მიღებული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების (იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების და სატრანსპორტო მომსახურების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის მიხედვით არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად), საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულია განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. აღნიშნული თანხის ნაწილი (275 583.63 ლარი) ჩაითვალა 2022 წლის ივლისის თვეში ყოფილ დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი (530 417.30 ლარი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
3. საბაჟო დეკლარაციებით (№-------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------) და თანდართული ინვოისებით საქონლის მიწოდების პირობა განსაზღვრულია - FCA, არარეზიდენტი საწარმოსთვის - ------------- სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხები დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 97-ე მუხლის მეოთხე პუნქტის, 104-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის, 134-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს დაბეგვრის ობიექტები. გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სწორად და დროულად არ არის აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ არის აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც შეუძლებელია კონტროლის განხორციელება მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური ასევე ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ოთხ პირზე სულ გამოწერილია ოთხი ერთეული სასაქონლო ზედნადები ჯამური თანხით 15 800 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული ინვოისები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა შეძენილი საქონლის რაოდენობა ცალობაში და თვითღირებულება (ანუ შემოწმების დროს გამოყენებულია საინვოისო ღირებულება და არა სატარიფო ღირებულება). შესყიდული საქონელი დაჯგუფდა მსგავსი მახასიათებლების მიხედვით. იმ სასაქონლო ჯგუფებზე, რომლებში შემავალ საქონელზეც ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებით რეალიზაცია, გავრცელდა აღნიშნული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე დადგენილი კონკრეტული ფასნამატი, ხოლო იმ სასაქონლო ჯგუფებზე, რომლებში შემავალ საქონელზეც არ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებით რეალიზაცია, გავრცელდა ყველა სასაქონლო ზედნადების მიხედვით დადგენილი საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი - 23.62%.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ იმპორტირებული საქონლის რეალიზებულად განხილვა, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით შესაბამის საქონელზე დადგენილი ფასნამატის ან საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე და დღგ-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის განკარგვადი თანხა გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების და ხარჯების, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის გათვალისწინებით. ამასთან, ვინაიდან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების და სატრანსპორტო მომსახურების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემოწმებით იმპორტირებული საქონლის მიხედვით არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საწარმოს საბანკო ანგარიშის ამონაწერში ფიქსირდება დამფუძნებლის შენატანის სახით შეტანილი თანხები ჯამში 58 812,50 ლარის ოდენობით, რომელიც გათვალისწინებულ იქნა სალაროს განკარგვადი ნაშთის დაანგარიშების დროს (სალაროს განკარგვადი თანხა შემცირდა 58 812,50 ლარით).
ზემოაღნიშნული სამართლებლივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, მომჩივანის მიერ არც შემოწმების და არც დავის წარმოების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, შემოწმებით მიღებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა არის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება:
ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით მდებარე პუნქტებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტი საწარმოსთვის სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.ასევე ფასნამატის ოდენობას.
2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის განკარგვადი თანხის შემოწმებით გაანგარიშებულ ოდენობას და ამ თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიაზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებული აქვს საქონელი რიმლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები არ არის სრულად დეკლარირებული.ასევე, საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხების მიხედვით არ არის საგადასახადო ვალდებულება შესრულებული.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი.შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების (იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების და სატრანსპორტო მომსახურების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
იმპორტირებული საქონლის მიხედვით არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.აღნიშნული თანხის ნაწილი ჩაითვალა ყოფილ დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.
3.არარეზიდენტი საწარმოსთვის,სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხები დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.ასევე, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის გადამხდელი დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(3);61(3);73(5ა,9ბ)'159(1ა);163(1,2);164(1);101(1);154(1ა,გ);104(1ჟ);8(25);134(1ბ);