ბრძანება N 4308

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.02.2026
№ დოკუმენტი 4308
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4308

25 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ ( ს/ნ ----- ) ( მის:----- )

2025 წლის 22 დეკემბრის და 2026

წლის 17 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 იანვრის და 19 თებერვლის სხდომებზე (ოქმები N 5 და N 16) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 26356/2/2025 და N 100855/1/2026 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 20 ნოემბრის N EL301309, N EL301317, 25 ნოემბრის N EL301699 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 25 ნოემბრის N EL11117/351 (N 006-351), N EL11117/352 (N 006-352), N EL11117/353 (N 006-353) საგადასახადო მოთხოვნებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ ვაგონები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა ----- სასაზღვრო სადგურიდან, ხოლო ტრანსპორტირების საბოლოო დანიშნულებად განისაზღვრა სადგური -----. აღნიშნული საქონელი გადაიტვირთა საბაჟო საწყობში ----- ტერმინალის ტერიტორიაზე და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაფორმდა შესაბამისი საბაჟო დეკლარაციები. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მოქმედებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებისა და წესების სრული დაცვით, საბაჟო ორგანოს მიერ დაკისრებული იქნა ჯარიმები საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევის მოტივით. საბაჟო ორგანოს მიერ სანქციის დაკისრების საფუძვლად მითითებულია საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ვადის დარღვევა გამოწვეულია არა დეკლარანტის ქმედებით ან უმოქმედობით, არამედ საქართველოს რკინიგზის მიერ ტრანსპორტირების პროცესის არასწორი ორგანიზებით, კერძოდ, საქართველოს რკინიგზამ ვერ უზრუნველყო ეშელონის დროულად შეკვრა, რის გამოც ვაგონები პერიოდულად ჩერდებოდა სხვადასხვა შუალედურ სადგურებზე ----- ეშელონის შევსების მოლოდინში. სადგურები არ წარმოადგენდა ვაგონების საბოლოო დანიშნულების ადგილს. შესაბამისად, კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა აღნიშნული საქონლის დეკლარირება/განბაჟება, რაც დასტურდება ტრანსპორტირების დოკუმენტაციით, სადაც საბოლოო დანიშნულების სადგურად მითითებულია -----. საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ვაგონები გამოცხადდა სხვა და სხვა შუალედურ სარკინიგზო ჩიხებში, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საქონლის მიწოდებად საბოლოო დანიშნულების ადგილზე. აღნიშნულ ჩიხებში დროებით შენახვის განაცხადი რეგისტრირდებოდა ფორმალურად და ტრანსპორტირების გაგრძელებისთანავე ავტომატურად უქმდებოდა. ჩიხიდან ვაგონების გამოსვლის შემდეგ, საქონლის ფაქტობრივ დეკლარირებამდე გასული დღეები საბაჟო ორგანოს მიერ ჩაითვალა ვადაგადაცილებად. აღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ შპს „-----“ არ ჰქონდა ინფორმაცია და ობიექტური შესაძლებლობა აღექვა დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტი, ვინაიდან ვადის ათვლა დაკავშირებული იყო საქართველოს რკინიგზის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, რომლებიც არ იყო დამოკიდებული დეკლარანტის ნებაზე და მოქმედებებზე.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და მათ საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი N ID ----- (19.11.2025), N ID ----- (19.11.2025) და N ID ----- (24.11.2025) განცხადებებით შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა დროს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სარკინიგზო ვაგონებით გადაადგილებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, კერძოდ:

– ID ----- (19.11.2025) განცხადებით მოთხოვნილ იქნა ----- შეძენილი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით შემოტანილი და ზოგადი დეკლარირების საფუძველზე რეგისტრირებული N ----- (31.10.2025), N ----- (31.10.2025), N ----- (01.11.2025), N ----- (03.11.2025), N -----(05.11.2025), N ----- (05.11.2025) რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებული, 24 ერთეულ სარკინიგზო ვაგონში განთავსებული საქონლის (ნავთობის მსუბუქი დისტილატი, გადამუშავების სპეციფიური პროცესებისთვის, სეს ესნ-ის კოდი 2710 12 110 00) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა;

– ID ----- (19.11.2025) განცხადებით მოთხოვნილ იქნა ----- შეძენილი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით შემოტანილი და ზოგადი დეკლარირების საფუძველზე რეგისტრირებული N -----, N ----- და N ----- რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებული, 25 ერთეულ სარკინიგზო ვაგონში განთავსებული საქონლის (ნავთობის მსუბუქი დისტილატი, გადამუშავების სპეციფიური პროცესებისათვის, სეს ესნ-ის კოდი 2710 12 110 00) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა;

– N ----- (24.11.2025) განცხადებით მოთხოვნილ იქნა ----- შეძენილი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით შემოტანილი და ზოგადი დეკლარირების საფუძველზე რეგისტრირებული N -----, N ----- და N ----- რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებული, 22 ერთეულ სარკინიგზო ვაგონში განთავსებული საქონლის (ნავთობის მსუბუქი დისტილატი, გადამუშავების სპეციფიური პროცესებისათვის, სეს ესნ-ის კოდი 2710 12 110 00) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოირკვა, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო საქონლის დეკლარირების ვადა, რის გამოც გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა N EL301317 (20.11.2025), N EL301309 (20.11.2025) და N EL301699 (25.11.2025) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და დეკლარანტს – შპს „-----“ (ს/ნ ----- ) თითოეულ სასაქონლო პარტიასთან მიმართებაში დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ჯამში 900 ლარის ოდენობით (N EL301317 ოქმით – 200 ლარი, N EL301309 ოქმით – 200 ლარი, N EL301699 ოქმით – 500 ლარი). ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლის შესაბამისად, 2025 წლის 25 ნოემბერს გამოცემულ იქნა N EL11117-353, N EL11117-352 და N EL11117-351 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც დეკლარანტს დაერიცხა კუთვნილი საურავი: N EL11117-353 მოთხოვნით – 2255.32 ლარი, N EL11117-352 მოთხოვნით – 2348.81 ლარი და N EL11117-35 მოთხოვნით – 5287.32 ლარი.

N ----- (22/11/2025), N ----- (22/11/2025), N ----- (22/11/2025), N ----- (22/11/2025) და N ----- (25/11/2025), N ----- (26/11/2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტის დადგენა და დარღვეული ვადის გამოანგარიშება განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის შესაბამისი დროებით შენახვის ვადების გამოკლებით/გათვალისწინებით.

N -----, N ----- და N ----- რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებული 12 ერთეული სარკინიგზო ვაგონი და მასში განთავსებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილა, რომ საბაჟო ორგანომ საქონლის გაფორმების ადგილების, საბაჟო გამშვები პუნქტებისა და საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილების სამუშაო საათები ისე უნდა დაადგინოს, რომ საბაჟო პროცედურისა და საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის გადაზიდვის სახეობის გათვალისწინებით არ შეფერხდეს ან არ დაირღვეს საერთაშორისო გადაზიდვის ნაკადი. მე-2 ნაწილი კი მიუთითებს, რომ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელების დრო და ადგილი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ - ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების დეკლარირება ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი:

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის პირს ეკისრება საურავი. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული პასუხისმგებლობა და სადავო საგადასახადო მოთხოვნებით იმპორტის გადასახდელებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272 მუხლის შესაბამისად საურავის დარიცხვა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტის დადგენა და დარღვეული ვადის გამოანგარიშება განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის შესაბამისი დროებით შენახვის ვადების გამოკლებით/გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში მომჩივანი პასუხისმგებელი იყო მის მიერ საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევისთვის და არა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადის დარღვევისთვის.

საჩივარში მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტების ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ ( ს/ნ ----- ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და მათ საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

კომპანიამ მოითხოვა საბაჟოზე შემოტანილი ნავთობპროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. შემოწმებისას გამოვლინდა დეკლარირების ვადის დარღვევა, რის გამოც დაეკისრა ჯარიმა და საურავი. შემდგომში, საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში, სამართალდარღვევის წარმოებისას ვადის დარღვევა დადგინდა დროებითი შენახვის ვადების გათვალისწინებით, ასევე გამოიკვეთა, რომ ნაწილის შემთხვევაში საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის გამოცხადება განხორციელდა ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ვადის დარღვევით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 64(2); 165;.