ბრძანება N 21474
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21474
06 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ----) 2025 წლის 4 აგვისტოს
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 4 აგვისტოს №97340/1/2025 და №97328/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივლისის №225-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად მიჩნევას. აცხადებს, რომ სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრებული აქვს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მასზე მიმდინარეობს დავა, შესაბამისად არ არის აღიარებული. განმარტავს, რომ როდესაც შეუმცირდება დანაკლისად მიჩნეული თანხა, აღარ ექნება შესაძლებლობა შეიმციროს აქტით დარიცხული თანხები. აქედან გამომდინარე, ითხოვს დანაკლისი არ იქნეს მიჩნეული რეალიზებულად ვიდრე არ მოხდება მისი აღიარება.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს და მიუთითებს, რომ ის არასწორად არის გაანგარიშებული. განმარტავს, რომ შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაციით შესაძლებელი იყო დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, შემოწმებამ კი არ გამოიყენა არც კომპანიის დოკუმენტური და არც მიმდინარე კონტროლის ღონისძიების დროს გამოვლენილი ფასნამატი. მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთდით განსაზღვრის შესახებ“ დანართი №10-ზე და ითხოვს ფასნამატის განსაზღვრას კომპანიის დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით. ასევე აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციამ მოიცვა წინა პერიოდები, რის გამოც გადასახადები ორჯერ არის დაბეგრილი, კერძოდ ინვენტარიზაციის მონაცემებით და შემდეგ წინა პერიოდებზე ფასნამატის გავრცელებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 აპრილის №7990 და 19 ივნისის №13061 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 ივლისის №14710 ბრძანება და ამავე თარიღის №225-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 250 233 ლარი, მათ შორის, გადასახადი 160 894 ლარი, ჯარიმა 79 093 ლარი, საურავი 10 246 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია 2020 წლის 2 მარტს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2020 წლის 4 მარტს. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა (წყლის ტუმბო და სხვა). გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის №19774 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 459 915 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დანაკლისი არ აქვს დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 , 97-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდება საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და მეწარმის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შეძენილი პროდუქცია დაიყო ორ კატეგორიად წყლის ტუმბო და სხვა, აღნიშნულ კატეგორიებზე გავრცელდა ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასნამატი, წყლის ტუმბო 36.87 %, სხვა 50.97%. შესაბამისად, განისაზღვრა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გაიზარდა დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის №19774 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 459 915 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს კი აღნიშნული დანაკლისი არ ჰქონდა დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციით. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის გასაჩივრებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავა დასრულებულია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატსა და გადასახადების დუბლირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ახდენდა საქონლის ჩამოწერას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, შემოწმება განმარტავს, რომ საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასნამატი. დუბლირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის შეუდარდა ფაქტობრივად აღწერილ სმფ-ების ნაშთს და ამ მონაცემებით განხორციელდა დანაკლისის გაანგარიშება, შესაბამისად არ მომხდარა გადასახადების ორჯერ დაბეგვრა, რადგან ინვენტარიზაციას წინა პერიოდებიც რომ მოეცვა, შემოწმება იგივე შედეგს მიიღებდა და სხვაობას არ გამოიწვევდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად მიჩნევას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს და მიუთითებს, რომ ის არასწორად არის გაანგარიშებული.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა (წყლის ტუმბო და სხვა). გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 459 915 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დანაკლისი არ აქვს დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდება საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შეძენილი პროდუქცია დაიყო ორ კატეგორიად წყლის ტუმბო და სხვა, აღნიშნულ კატეგორიებზე გავრცელდა ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასნამატი, წყლის ტუმბო 36.87 %, სხვა 50.97%. შესაბამისად, განისაზღვრა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გაიზარდა დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 286 (9); 8 (11); 159 (1); 160 (3, თ); 163 (3,დ); 164 (2); 97 (1,გ); 983 (2).