ბრძანება N 20773

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.09.2025
№ დოკუმენტი 20773
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20773

24 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ ------------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------;

იურ. მის.: -----------------------------)

2025 წლის 30 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ------------------) 2025 წლის 30 ივლისის №-------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №006-184 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საკონტროლო-სალარო აპარატსა და საბანკო ტერმინალში დაფიქსირებული მთლიანი თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად განხილვას. განმარტავს, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს რეალიზაციის მომსახურების გაწევა ტანსაცმლისა და აქსესუარებით ვაჭრობის სფეროში. კერძოდ, კომპანიას -------ში, ასევე ---- სავაჭრო ცენტრში იჯარით აღებული აქვს სივრცეები, სადაც მოწყობილია „ქართველი დიზაინერების კუთხე“ და თითოეულ კონტრაგენტთან (დიზაინერ/მკერავთან) გაფორმებული საგნობრივ/ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სხვადასხვა დიზაინერების მიერ შექმნილი საქონლის (ტანსაცმლის და აქსესუარების) რეალიზაციის უზრუნველყოფას. ხელშეკრულებაში მკაცრად განსაზღვრულია: სტენდზე გამოსატანი (სარეალიზაციო) პროდუქციის გადაცემის წესი, საკუთრების უფლების კონტრაგენტზე შენარჩუნების პირობა, პროდუქციის წინასწარ განსაზღვრული სარეალიზაციო ფასი, რომელიც დგინდება უშუალოდ კონტრაგენტის მიერ, მომსახურების საკომისიოს ფიქსირებული ოდენობა, რომელიც წარმოადგენს კომპანიის რეალურ შემოსავალს და ასევე მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები. აცხადებს, რომ პროდუქციაზე საკუთრების უფლება ეკუთვნის კონტრაგენტს, თითოეულ სტენდზე სარეალიზაციოდ გამოსატან პარტიაზე შედგენილია მირება-ჩაბარების აქტი, თითოეულ დიზაინერ/კონტრაგენტთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებით მკაცრად განსაზღვრულია როგორც პროდუქციის ფასი, ისე რეალიზაციის მომსახურების ღირებულების ოდენობა (საკომისიო). კონტრაგენტისთვის პროდუქციის ღირებულების, ასევე კომპანიის მიერ გაწეული რეალიზაციის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ პროდუქციის საბოლოოო მომხმარებელზე რეალიზაციის შემდეგ (შესაბამისი გადარიცხვით უბრუნდება კონტრაგენტს).აღსანიშნავია, რომ სტენდზე გამოტანილ პროდუქციას (როგორც ტანსაცმლის, ისე აქსესუარს) დატანილი აქვს იმ დიზაინერის/კონტრაგენტის ბრენდირებული ნიშანდება ვისი შექმნილიც არის. ამასთან აცხადებს, რომ ყველა კონტრაგენტი/დიზაინერი თავის მხრივ რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და ადეკლარირებენ შესაბამის შემოსავლებს. გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებამ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები და საკონტროლო-სალარო აპარატში და საბანკო ტერმინალში დაფიქსირებული მთლიანი თანხები ჩათვალა შპს „-----ის“ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად. ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნულ სტენდზე სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქცია არ წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და არ ითვლება კომპანიის მიერ შეძენილად - კომპანია ვერ ახორციელებს შესაბამის დღგ-ის ჩათვლებს, მაშინ როცა საგადასახადო შემოწმების მიერ რეალიზაცია სრულად დაიბეგრა დღგ-ით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7872 და 19 ივნისის №13075 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „--------ის“ (ს/ნ ------------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების და ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №13627 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-184 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 244 487 ლარი, მათ შორის, გადასახადი 135 421 ლარი, ჯარიმა 67 747 ლარი და საურავი 41 319 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „--------ის“ (ს/ნ ------------------) საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით სპეციალიზებულ მაღაზიებში. გადამხდელს სავაჭრო ობიექტები განთავსებული აქვს ორ მისამართზე, -------სა და -------- ში . აღნიშნული ფართები, შპს „------ს“ იჯარით აქვს აღებული და ახდენს სხვადასხვა ბრენდის ქვეშ არსებული ნაწარმის რეალიზაციას. მიღებული თანხების ძირითად ნაწილს შეადგენს ქართული ბრენდის „--------“-ს ქვეშ არსებული ტანსაცმელი/აქსესუარების მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის „-------ის“ ინფორმაციით ირკვევა, რომ ბრენდ „------“-ს სასაქონლო ნიშანზე ინტელექტუალურ საკუთრებას ფლობს შპს „-------ის“ დირექტორი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ შპს „------ი“ სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან პერიოდულად იღებს გარკვეული სახის ტანსაცმელს შემდგომში რეალიზაციის მიზნით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად განსხვავდება საწარმოს დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვისაგან. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ შპს „-------ი“ პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხების მხოლოდ ნაწილს მიიჩნევს საკუთარ განკარგვად შემოსავლად, ხოლო დანარჩენს უნაზღაურებს საქონლის მომწოდებლებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები პროდუქციის მომწოდებლებთან (კონტრაგენტებთან). აღნიშნული ხელშეკრულებების საგნად მითითებულია შემდეგი: „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომწოდებელი პერიოდულად აწვდის, ახდენს პროდუქციის მიბარებას (მიღება-ჩაბარების აქტით) მაღაზიისათვის, რომელიც შესაბამისი პროცენტული საკომისიოს (ანაზღაურების) სანაცვლოდ ახდენს მიწოდებული, მიბარებული პროდუქციის რეალიზაციას და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების მომწოდებლისათვის ანაზღაურებას საკომისიოს საფუძველზე“. სწორედ მოცემული გარემოების საფუძველზე მიუთითებს გადამხდელი, რომ მხოლოდ მიღებული შემოსავალის ნაწილია (საკომისიო) დასაბეგრი და არა სრული თანხები.

შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები, საბანკო ამონაწერები) და მიჩნეულ იქნა, რომ შპს „-------სა“ და პროდუქციის მომწოდებლებს შორის ურითიერთობა წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას და შპს „-------ის“ მიერ მიღებული თანხები სრულად დაექვემდებარა დღგ-ის ბრუნვაში ასახვას, ხოლო აღნიშნულ პირებზე გადახდილი/გადასახდელი თანხები წარმოადგენს მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას მგავსად ნასყიდობისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა შპს „----ის“ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საქონლის გადაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიო ანაზღაურება ხორციელდება საქონლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა მოიცავდეს:

ა) გადასახადებს, მოსაკრებლებს, საფასურებს და გადასახდელებს, გარდა დღგ-ისა;

ბ) თანმდევ ხარჯებს, როგორებიცაა, საკომისიო, შეფუთვის, ტრანსპორტირების, დაზღვევის ხარჯები, რომლებსაც მიმწოდებელი აკისრებს შემძენს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „----ი“ სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან პერიოდულად იღებს გარკვეული სახის ტანსაცმელს შემდგომში რეალიზაციის მიზნით. შპს „-----ი“ პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხების მხოლოდ ნაწილს მიიჩნევს საკუთარ განკარგვად შემოსავლად, ხოლო დანარჩენს უნაზღაურებს საქონლის მომწოდებლებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები პროდუქციის მომწოდებლებთან (კონტრაგენტებთან). აღნიშნული ხელშეკრულებების საგნად მითითებულია შემდეგი: „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომწოდებელი პერიოდულად აწვდის, ახდენს პროდუქციის მიბარებას (მიღება-ჩაბარების აქტით) მაღაზიისათვის, რომელიც შესაბამისი პროცენტული საკომისიოს (ანაზღაურების) სანაცვლოდ ახდენს მიწოდებული, მიბარებული პროდუქციის რეალიზაციას და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების მომწოდებლისათვის ანაზღაურებას საკომისიოს საფუძველზე“.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქონლის მიწოდების ცნება, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განხილული ცალკეული ოპერაციები, და ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად, განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლით. ხოლო ამავე კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკუთარი სახელით მოქმედ დასაბეგრ პირზე ანაზღაურების სანაცვლოდ რეალიზაციის მიზნით საქონლის გადაცემა, მიუხედავად იმისა ამ პირზე გადადის თუ არა ამ საქონლის საკუთრების უფლება, განიხილება საქონლის მიწოდებად და არა საქონლის მიმღების მიერ მიმწოდებლისთვის მომსახურების გაწევად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს მიერ მიღებული საქონლის რეალიზაციის მიზნით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს საქონლის მიწოდების ოპერაციას და დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საკონტროლო-სალარო აპარატსა და საბანკო ტერმინალში დაფიქსირებული მთლიანი თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7872 და №13075 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების და ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13627 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №006-184 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 244 487 ლარი, მათ შორის, გადასახადი 135 421 ლარი, ჯარიმა 67 747 ლარი და საურავი 41 319 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ მომჩივანი სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან პერიოდულად იღებს გარკვეული სახის ტანსაცმელს შემდგომში რეალიზაციის მიზნით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად განსხვავდება საწარმოს დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვისაგან. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ მომჩივანი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხების მხოლოდ ნაწილს მიიჩნევს საკუთარ განკარგვად შემოსავლად, ხოლო დანარჩენს უნაზღაურებს საქონლის მომწოდებლებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები პროდუქციის მომწოდებლებთან (კონტრაგენტებთან). აღნიშნული ხელშეკრულებების საგნად მითითებულია შემდეგი: „წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომწოდებელი პერიოდულად აწვდის, ახდენს პროდუქციის მიბარებას (მიღება-ჩაბარების აქტით) მაღაზიისათვის, რომელიც შესაბამისი პროცენტული საკომისიოს (ანაზღაურების) სანაცვლოდ ახდენს მიწოდებული, მიბარებული პროდუქციის რეალიზაციას და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების მომწოდებლისათვის ანაზღაურებას საკომისიოს საფუძველზე“. სწორედ მოცემული გარემოების საფუძველზე მიუთითებს გადამხდელი, რომ მხოლოდ მიღებული შემოსავალის ნაწილია (საკომისიო) დასაბეგრი და არა სრული თანხები.

შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები, საბანკო ამონაწერები) და მიჩნეულ იქნა, რომ მომჩივანსა და პროდუქციის მომწოდებლებს შორის ურითიერთობა წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას და მომჩივანის მიერ მიღებული თანხები სრულად დაექვემდებარა დღგ-ის ბრუნვაში ასახვას, ხოლო აღნიშნულ პირებზე გადახდილი/გადასახდელი თანხები წარმოადგენს მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას მგავსად ნასყიდობისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“); 160(1 „გ“); 163(1.2); 164(1.4); 168(1);