გადაწყვეტილება №23697/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.10.2024
№ დოკუმენტი 23697/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23697/2/2024

31 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------------ა (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------ას 9.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23697/2/2024).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6308 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 51 031,13 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 26 902

ჯარიმა - 13 451

საურავი - 10 678,13

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13166 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კამერალური საგადასახდო შემოწმება 2020 – 2022 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის ერთიანი მონაცემთა ბაზის ანალიზით დადგინდა, რომ 2020-2022 წლებში მომჩივანს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც, საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დაუდგინდა 2020-2022 წლებში ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ შემოსავლად დაფიქსირებულია 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალი და განაკვეთად განსაზღვრულია 0,2%. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით კი დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სამივე საანგარიშო წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი.

2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში გაანგარიშება არ არის წარდგენილი და დეკლარირებულია 0 ლარი. 2022 წლის დეკლარაცია არ არის წარდგენილი. შესამოწმებელ პერიოდში (2020-2022 წლებში) მომჩივანს საკუთრებაში უფიქსირდება 15 ერთეული უძრავი ქონება (მ.შ ავტოსადგომი, ბინა, სარდაფი მდებარე ქ. ----ა და -------ი. ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები (BMW ----, ნისსან -----, ჰიუნდაი----, ----). საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება ძირითადად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ. გადასახადის გადამხდელის განმარტებით ---------- მიწის საკადასტრო კოდზე აშენებული კორპუსის ბინები გადაეცა შავი კარკასის მდგომარეობით. ამასთან, ---------- საკადასტრო კოდზე არსებული საოფისე ფართის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 11.10.2018 წლის ხელშეკრულებით აღნიშნული ფართის მომავალ მესაკუთრეებად დარეგისტრირდა 2 ფიზიკური პირი, რადგან ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 200 000 ლარად და მყიდველებს დარჩენილი ჰქონდათ მის მიმართ დავალიანება 30 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი განმარტავდა, რომ ვინაიდან აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ მომავალ მესაკუთრეებს, აღნიშნულ ქონებაზე არ ეკუთვნოდა ქონების გადასახადის გადახდა. ---------- საკადასტრო კოდზე არსებულ საოფისე ფართზეც იმავეს აცხადებს გადასახადის გადამხდელი, თუმცა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტებიდან მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. აღნიშნული ფართი 5.11.2019 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცემა შპს „----“-ს (ს/ნ ---------). შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ვალდებულება ჰქონდა 2019 წელს საკუთრებაში არსებობის პროპორციის მიხედვით დაედეკლარირებინა ქონების გადასახადი. აღნიშნული საოფისე ფართების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელმა ახსნა-განმარტებაში არ დააფიქსირა საბაზრო ღირებულებები. შესაბამისად, შემოწმების მიერ საბაზრო ღირებულებები აღებული იქნა ამავე ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან.

შემმოწმებელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და 202-ე მუხლის მე-5 და მე-12 ნაწილებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6308 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-6 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ.ა“, „დ.ბ“, „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-9 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილებზე და მე-4 მუხლის პირველ, მე-5 და მე-6 ნაწილებზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები, ხოლო 2022 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი და საკუთრებაში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების სისწორე, შესაბამისად აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს. ასევე, მიღებული შემოსავლები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის შემდგომ ელოდებოდა განხილვას. განხილვაზე არ დაუბარებიათ, არ მიუღია არც სატელეფონო და არც საფოსტო შეტყობინება, ხოლო მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ვალის მართვის დეპარტამენტიდან გაიგო, რომ გასაჩივრებული თანხა გადატანილ იქნა აღიარებულ თანხებში და მათგან ჩაიბარა შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6308 ბრძანება, რასაც არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრძანებაში საერთოდ არაფერია ნათქვამი განცხადებაში მითითებულ ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების საფუძველზე ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებზე.

ბრძანებაში მითითებულია, რომ 2020-2022 წლებში უფიქსირდება 15 ერთეული ქონება (ავტომობილი, ბინა, სარდაფი და ა.შ), მაგრამ 17.01.2021 წლიდან მის სახელზე აღნიშნული ქონება საერთოდ აღარ ირიცხებოდა.

რაც შეეხება იმას, რომ 11.10.2018 წელს ამხანაგობის ფართის მომავალ მესაკუთრედ დარეგისტრირდა 2 ფიზიკური პირი ეს ნამდვილად წარმოდგენს სიმართლეს, რაც შეეხება შპს „-----“-ს, აღნიშნული ფართი გასხვისდა 5.11.2019 წელს, ამასთან გენერალური განშლა და აღნიშნული ფართის მის საკუთრებაში გადასვლა განხორციელდა 31.10.2019 წელს. მის მიერ კი წარდგენილ იქნა და ბიუჯეტში შეტანილ იქნა მთელი წლის გადასახადი.

ვინაიდან გასულია რამდენიმე წელი, უჭირს გაიხსენოს დეტალები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა განცხადებაში ვრცლად ჰქონდა განმარტებული აღნიშნული საქმის ხანდაზმულობის შესახებ, რაზეც ბრძანებაში არაფერია ნათქვამი.

ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ზემოაღნიშნული და გაუქმდეს აუდიტს დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6308 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:

10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 13.08.2024 წლის №78767-21-02 და 14.08.2024 წლის №79076-21-04 წერილებზე, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6308 ბრძანებას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში მომჩივანი არ გასცნობია. ამასთან 2-ჯერ გაეგზავნა წერილობითი ფორმით (22.04.2024 წელს და 28.05.2024 წელს) და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, 22.04.2024 წელს მისამართზე - თბილისი, ------- №-- ბინა №---, გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს („მისამართზე არავინ იყო (აღნიშნულ კორპუსში ბინის ნომრები არეულია. შეტყობინობა დავტოვე სადარბაზოს კარზე)“) და 28.05.2024 წელს მისამართზე - თბილისი, ----- №62, ბინა №-- ტელ: ----- („მისამართზე არავინ იყო, სახლში არავინ იყო, კოდირებული სადარბაზოს კარი“). შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 22.03.2024 წლის №6308 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 18.06.2024 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6308 ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 29.07.2024 წელი. ხოლო, საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 9.08.2024 წელს.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის შემდგომ ელოდებოდა განხილვას. განხილვაზე არ დაუბარებიათ, არ მიუღია არც სატელეფონო და არც საფოსტო შეტყობინება, ხოლო მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ვალის მართვის დეპარტამენტიდან გაიგო, რომ გასაჩივრებული თანხა გადატანილ იქნა აღიარებულ თანხებში და მათგან ჩაიბარა შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6308 ბრძანება.

სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, ამდენად გასაჩივრების ვადა უნდა აღდგეს და საჩივარი განხილულ უნდა იქნას არსებითად.

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:

ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

გ) დარიცხული ხელფასი;

დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:

დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;

დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს;

ე) ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირისათვის:

ე.ა) ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 15%;

ე.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემოსავალს.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6308 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №13166 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კამერალური საგადასახდო შემოწმება 2020 – 2022 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის ერთიანი მონაცემთა ბაზის ანალიზით დადგინდა, რომ 2020-2022 წლებში მომჩივანს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც, საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დაუდგინდა 2020-2022 წლებში ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ შემოსავლად დაფიქსირებულია 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალი და განაკვეთად განსაზღვრულია 0,2%. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით კი დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სამივე საანგარიშო წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი.

2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში გაანგარიშება არ არის წარდგენილი და დეკლარირებულია 0 ლარი. 2022 წლის დეკლარაცია არ არის წარდგენილი. შესამოწმებელ პერიოდში (2020-2022 წლებში) მომჩივანს საკუთრებაში უფიქსირდება 15 ერთეული უძრავი ქონება .

შემმოწმებელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და 202-ე მუხლის მე-5 და მე-12 ნაწილებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №6308 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(10.11) ; 201(1 „გ.ა“); 202(5.6); 205(12);