წერილობითი განმარტება სსკ 46-ე მუხლის თანახმად N 21-11/8335 - საცხოვრებელი ფართის გაქირავების დროს წინსწრებით გადახდილი ბოლო თვის ქირის თანხის დაბეგვრა
📄 სრული ტექსტი
N 21-11/8335
09 თებერვალი 2026
მომსახურების დეპარტამენტი
წერილი წარმოდგენილია კომუნიკატორის სერვისით
წარმოდგენილი წერილის მიხედვით, ფიზიკური პირი 2025 წლის მაისიდან აქირავებს საცხოვრებელ ფართს (იგი რეგისტრირებულია გამქირავებელ პირთა რეესტრში).
დამქირავებელმა წინასწარ ჩარიცხა 2 თვის ქირა (პირველი და ბოლო თვის: 2025 წ. მაისი/ 2026 წ. აპრილი).
ამასთან, დამქირავებელმა დამატებით ჩარიცხა ასევე საგარანტიო თანხა (შეთანხმებით გაწერილი შემთხვევებისთვის). ეს თანხა შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ დარჩეს გამქირავებელს; ან დაუბრუნდება დამქირავებელს.
განსახილველი საკითხია: როდის უნდა დაიბეგროს წინსწრებით გადახდილი ბოლო თვის ქირის თანხა, (რომელი წლის დეკლარაციაში უნდა აისახოს).
დაიბეგრება თუ არა და რომელ საანგარიშო პერიოდში გარანტიის თანხა.
საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია შემდეგი სამართლებრივი ნორმები:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება.
სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე და ამავე ვადაში იხდის კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს.
იხ. ბმულები: https://www.rs.ge/PersonsTaxes?cat=1&tab=1 https://www.rs.ge/PersonsPreferentialTax?cat=5&tab=1
სსკ-ის 136-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელმა აღრიცხვა უნდა აწარმოოს საგადასახადო მიზნებისათვის აღრიცხვის საკასო ან დარიცხვის მეთოდით, იმ პირობით, რომ იგი საგადასახადო წლის განმავლობაში ერთ მეთოდს გამოიყენებს.
სსკ-ის 138-ე მუხლის მიხედვით, აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს, ჩარიცხვის მომენტი.
სსკ-ის 140-ე მუხლის მიხედვით, დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად, გარდა ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამდენად, თუ ფიზიკური პირი შემოსავლებს აღრიცხავს საკასო მეთოდით, შესაბამის საანგარიშო წელს (2025 წ.) ჩარიცხული მომსახურების საკომპენსაციო თანხა განეკუთვნება იმავე წელს მიღებულ შემოსავლებს და აღნიშნულ პერიოდზე დეკლარაციის წარდგენა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე კარის დებულებების გათვალისწინებით, კერძო ხასიათის ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები, მათ შორის, გარანტია.
ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია და მკაფიოდ გამიჯნულია ძირითადი მომსახურების საკომპენსაციო და სადეპოზიტო თანხა, რომელიც ემსახურება, საცხოვრებელი ფართის დაზიანების ხარჯის დაფარვას, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით, ან/და სამართალდარღვევისთვის დადგენილი შესაბამისი ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში დამქირავებლის მიერ დეპოზიტზე განთავსებული თანხა შესაძლებელია ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად - საგარანტიო თანხად.
შესაბამისად, თუ აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლო ანაზღაურებას ან გამქირავებლის მიერ სხვა რაიმე ფორმით მიღებულ სარგებელს, იგი პირის ერთობლივ შემოსავალში არ აისახება.
ხოლო შესაბამისი შემთხვევის დადგომისას, თუ სადეპოზიტო თანხა ემსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯების (მ.შ. საცხოვრებელი ფართის დაზიანების და სხვა ხარჯების) დაფარვას, იგი ექვემდებარება გამქირვებლის ერთობლივ შემოსავალში ჩართვას (შემოსავლების აღრიცხვის მეთოდების გამოყენების წესების გათვალისწინებით) და საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, კანონდმებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
წარმოდგენილი წერილის მიხედვით განსახილველი საკითხია:
2025 წლის მაისიდან აქირავებს საცხოვრებელ ფართს (იგი რეგისტრირებულია გამქირავებელ პირთა რეესტრში). დამქირავებელმა წინასწარ ჩარიცხა 2 თვის ქირა (პირველი და ბოლო თვის: 2025 წ. მაისი/ 2026 წ. აპრილი). ამასთან, დამქირავებელმა დამატებით ჩარიცხა ასევე საგარანტიო თანხა (შეთანხმებით გაწერილი შემთხვევებისთვის). ეს თანხა შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ დარჩეს გამქირავებელს; ან დაუბრუნდება დამქირავებელს.
როდის უნდა დაიბეგროს წინსწრებით გადახდილი ბოლო თვის ქირის თანხა, (რომელი წლის დეკლარაციაში უნდა აისახოს). დაიბეგრება თუ არა და რომელ საანგარიშო პერიოდში გარანტიის თანხა.