ბრძანება N 23351
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23351
22 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.:---) 2025 წლის 23 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 23 სექტემბრის №98101/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს №136-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, განმარტავს, რომ ყოველ განხორციელებულ რეისზე არსებობს შესაბამისი დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებულია როგორც მძღოლის ასევე სადგურის დისპეჩერის ხელმოწერები. დოკუმენტში ასევე მითითებულია გაყიდული ბილეთების ფასი, რაოდენობა და სადგურის საკომისიო. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აცხადებს, რომ შემოწმება დაეყრდნო ქრონომეტრაჟის მონაცემებს, რომელიც თავის მხრივ ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ, ქრონომეტრაჟი ჩატარდა ივლისში, როდესაც მგზავრთა აქტივობა წლის განმავლობაში არის ყველაზე მაღალი. აღნიშნული მონაცემები კი გავრცელდა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე, რაც არ არის მართებული მიდგომა და არ ასახავს რეალობას. მიუთითებს, რომ შემოწმებამ ასევე არ გაითვალისწინა პანდემიის შემდგომი პერიოდი.
ამასთან განმარტავს, რომ ერთ-ერთი ფართი შემოწმებამ მიიჩნია მთელი წლით იჯარით გაცემულად, რეალურად კი მხოლოდ სეზონურად ხდებოდა მისი იჯარით გაცემა. ერთ-ერთ ფართთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ ქვეიჯარით იყო გაცემული, შესაბამისად ხელშეკრულების საფასურის გადახდა ხდებოდა მოიჯარის და არა უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიმართ. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. განმარტავს, რომ დღგ-ში არასწორად განსაზღვრულმა საგადასახადო ვალდებულებებმა ასევე გავლენა იქონია ფულის ნაშთზე.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ქონების ღირებულების შეფასებისას შემოწმება დაეყრდნო ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც შენობის ფართობად მითითებულია 1850 კვ.მ, ღირებულება კი 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრულია 748 000 ლარი, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 787 000 ლარი. განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონების ფართობის შეფასებისას დაშვებულია მნიშვნელოვანი შეცდომები, კერძოდ, შენობის ფართობი განისაზღვრა ელექტრონული რუკის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ მიწის ფართობის დადგენისთვის არის რელევანტური. მიუთითებს, რომ ქონების რეალური ფართობი შეადგენს, 1010 კვ.მს, რაც საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება, ღირებულება კი 2025 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულია 484 944 ლარად. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 მარტის №3706 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 აგვისტოს №18941 ბრძანება და ამავე თარიღის №136-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 160 346 ლარი, მათ შორის გადასახადი 102 817 ლარი, ჯარიმა 40 196 ლარი და საურავი 17 333 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,---ის“ საქმიანობას წარმოადგენს ფართების იჯარა და ავტოსადგურის მომსახურება, კერძოდ საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანა ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეუბნო რეისები. ვინაიდან საწარმოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები არ გააჩნია, ოპერირება ხორციელდება მძღოლების საშუალებით, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მის შემოსავალს კი წარმოადგენს რეალიზებული ბილეთების ღირებულების 20%. შემოსავლის დაანგარიშება განხორციელდა 2025 წლის 30 ივნისის №14299 ბრძანებით ჩატარებული ქრონომეტრაჟით წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, კერძოდ, განისაზღვრა საწარმოს საშუალო დღიური შემოსავალი, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდზე. ასევე, დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 2022 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით გადააჭარბა 100 000 ლარს და შეადგინა 100 326 ლარი, შესაბამისად პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება და დაიბეგრა 18%-იანი განაკვეთით (საწარმო დღგ-ის გადამხდელად ფიქსირდება 2023 წლის 24 ივნისიდან). შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე და 166-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების მიხედვით.
შემოწმებით დაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ რეალიზებული ბილეთების საფასურის 20%, იჯარის ქირა და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები, ხოლო გადახდილ თანხებში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. სხვაობა ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალიწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალება (შენობა/ნაგებობა საკ. კოდი ---), რომლის ღირებულება წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციაში არის დაბალი. საბაზრო ფასი განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა №61525/05/25-ის საფუძველზე. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად, დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის ზეპირ განხილვაზე დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც საწარმოს საქმიანობა შესამოწმებელი პერიოდის გარკვეულ ნაწილზე ჰქონდა შეჩერებული, რაც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ შეჩერებული საქმიანობის პეროდზე, მესამე პირებისგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია აღნიშნული პერიოდში გადახდილ კომუნარულ გადასახადებთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.
ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას ქონების გადასახადში და აცხადებს, რომ ქონების ღირებულების შეფასებისას შემოწმება დაეყრდნო ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც შენობის ფართობად მითითებულია 1850 კვ.მ ღირებულება კი 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრულია 748 000 ლარი, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 787 000 ლარი. განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონების შეფასებისას დაშვებულია მნიშვნელოვანი შეცდომები, კერძოდ, შენობის ფართობი განისაზღვრა ელექტრონული რუკის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ მიწის ფართობის დადგენისთვის არის რელევანტური. მიუთითებს, რომ ქონების რეალურ ფართობს შეადგენს, 1010 კვ.მ, რაც საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერითაც მტკიცდება, ღირებულება კი 2025 წლის მდგომარეობით ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულია 484 944 ლარად. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ შეჩერებული საქმიანობის პეროდზე, მესამე პირებისგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია აღნიშნული პერიოდში გადახდილ კომუნარულ გადასახადებთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგნილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ფართების იჯარა და ავტოსადგურის მომსახურება, კერძოდ საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანა ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეუბნო რეისები. ვინაიდან საწარმოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები არ გააჩნია, ოპერირება ხორციელდება მძღოლების საშუალებით, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მის შემოსავალს კი წარმოადგენს რეალიზებული ბილეთების ღირებულების 20%. შემოსავლის დაანგარიშება განხორციელდა ჩატარებული ქრონომეტრაჟით წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, კერძოდ, განისაზღვრა საწარმოს საშუალო დღიური შემოსავალი, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდზე. ასევე, დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 2022 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით გადააჭარბა 100 000 ლარს და შეადგინა 100 326 ლარი, შესაბამისად პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება და დაიბეგრა 18%-იანი განაკვეთით.
შემოწმებით დაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ რეალიზებული ბილეთების საფასურის 20%, იჯარის ქირა და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები, ხოლო გადახდილ თანხებში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. სხვაობა ჩათვლილ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალება, რომლის ღირებულება წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციაში არის დაბალი. საბაზრო ფასი განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა .
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ შეჩერებული საქმიანობის პეროდზე, მესამე პირებისგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია აღნიშნული პერიოდში გადახდილ კომუნარულ გადასახადებთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგნილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 12 (1); 154 (1); 201 (1); 202 (1); 205 (2).