გადაწყვეტილება №18605/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18605/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18605/2/2023

23.02.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 9.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18605/2/2023).

დავის საგანი:

საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 21.11.2022 წლის №011-2022-220745 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;

2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32669 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 21.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 47 493.67 ლარი, ჯარიმა 24 066.50 ლარი, საურავი 25 283.70 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა 21.11.2022 წლის №011-2022-220745 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე გადამხდელს ჩამოეწერა 10.95 ლარი. ვალის მართვის დეპარტამენტის აღნიშნული ბრძანება 21.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.12.2022 წლის №32669 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, მომჩივნის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №007-488 საგადასახადო მოთხოვნასთან და შემოსავლების სამსახურის 29.03.2022 წლის №7802 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №17677/2/2022 გადაწყვეტილებით დარჩა განუხილველი (იმავე საკითხზე მომჩივანმა 1.09.2022 წელს ხელახლა მიმართა საბჭოს).

სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 21.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ სადავო ბრძანება გამოცემულია.

საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიმდინარეობისას (რომელიც დაემთხვა კოვიდ პანდემიის გამო შეზღუდვებს) მოთხოვნილი საბუთები შეძლებისდაგვარად მიწოდებულია აუდიტისათვის, მაგრამ იყო ნაწილი დოკუმენტებისა, მათ შორის კომუნალური გადასახადების ქვითრები, რომლების წარდგენასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა კერძოდ, ვერ წარადგინა კონკრეტული ქვითრები და ენერგო კომპანიისთვის მიმართვაც უშედეგო აღმოჩნდა, ვინაიდან ამ ფართზე არსებული მრიცხველის მეპატრონე გარდაიცვალა ამ პერიოდში (კოვიდისგან) და სანამ მემკვიდრეზე გადაფორმდებოდა ფართი, კომპანიას არ შეეძლო ამ ინფორმაციის მოწოდება, ახლა შეუძლია მრიცხველის ამონაწერი წარმოადგინოს და ისედაც, რთული წარმოსადგენია, რომ მაღაზია სადაც არის რამდენიმე მაცივარი და სხვადასხვა ელექტრო დანადგარი არ იხდიდეს ელექტრო ენერგიის საფასურს, რაც ხარჯში არ ჩაუთვალეს და რაც შეადგენს საერთო ჯამში 11 921 ლარს. შედეგად მთელი შემოსავალი დაფიქსირდა მოგებად და დაეკისრა არარეალური გადასახადი.

რაც შეეხება ფასნამატს, გაუგებარია პროცენტის ასე გაზრდა მის მიერ რეალიზებულ საქონელზე (4%-დან 11%-მდე), რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება. ეს არის პატარა უბნის მაღაზია, სადაც ძირითადი მომხმარებელი არის უბნის მოსახლეობა და უმეტეს შემთხვევაში უწევს ვალად პროდუქციის გაყიდვა და ამ თანხების მომხმარებლებიდან მოგვიანებით მიღება, შესაბამისად მუშაობს ძალიან პატარა ფასნამატით, სხვანაირად არ გამოდის, თან კიდევ ერთხელ აღნიშნავს რა რთულ პერიოდში მოუწია პანდემიის დროს მუშაობა. სარეალიზაციო პროგრამა რაზეც კეთდება აქცენტები და რის გამოც მოხდა ამ მაღაზიის გათანაბრება სხვა სასურსათო მაღაზიებთან არის ძალიან ძვირი და ისედაც გაზრდილი ხარჯების ფონზე ნამდვილ სირთულეს წარმოადგენს მისი შეძენა. ამიტომ შეძენილ და რეალიზებულ საქონლის ბრუნვას ძირითადად ექსელის ფორმატში ასახავს, რომელიც წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტს, ასევე აწარმოებს ნაშთების აღრიცხვას. შემოწმების შედეგები გაეგზავნა წინასწარი შეთანხმების და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. თუმცა გამოგზავნილ საბუთებში წერია, რომ მეწარმესთან მიდიოდა შეთახმებები და საუბარი დარიცხვების და დარიცხული თანხის ოდენობის შესახებ. არც კი დაურეკავს არავის აუდიტის დეპარტამენტიდან და არ უკითხავს ესა თუ ეს ხარვეზი რატომ ჰქონდა ან თუნდაც პროცენტის გაზრდის შემთხვევაში რაიმე ახსნა-განმარტება მოეთხოვა, თვლის რომ ეს არის მეწარმის მიმართ უპატივცემულო მოპყრობა.

შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მაგრამ ჩაითვალა რომ ნაწილობრივ საკმარისი არ არის და შემდგომში გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საიდანაც უარი მიიღო საჩივრის გადახედვაზე. დარიცხული თანხა არ შეესაბამება რეალურ სურათს და შეუძლებელია ამ თანხის გადახდა, მითუმეტეს ახლა, როდესაც ირგვლივ ყოველ ნაბიჯზე იხსნება ქსელური მაღაზიები, არასდროს ჰქონია ასეთი ოდენობით შემოსავალი, რომ შეძლოს დარიცხული თანხის გადახდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ

ამავე კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 21.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

მომჩივანი არგუმენტს სადავო საკითხთან დაკავშირებით არ წარმოადგენს, მხოლოდ მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, არ ეთანხმება მათ და მიაჩნია, რომ არსებობს დარიცხული თანხის შემცირების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტზე აღსანიშნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ შემოწმების შედეგებზე შედგენილი 6.12.2021 წლის აქტი, 16.12.2021 წლის №38972 ბრძანება და 16.12.2021 წლის №007-488 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 29.03.2022 წლის №7802 ბრძანებასთან ერთად 18.04.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.06.2022 წლის №16368/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. იგივე საკითხზე მომჩივანმა 1.09.2022 წელს ხელახლა მიმართა საბჭოს და 7.10.2022 წლის №17677/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველით, დარჩა განუხილველი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს 21.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ ამავე თარიღით საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების გამოცემა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.