ბრძანება N 24632
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 24632
06/09/2018
ფ/პ -----------------------------
(მის: ---------------------------- )
2018 წლის 14 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 31 აგვისტოს (ოქმი N73) გამართულ სხდომებზე განიხილა ფ/პ ----- ს 2018 წლის 14 აგვისტოს საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს N178915 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ფ/პ ----- ს დაეკისრა სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - 500 ლარის ოდენობით.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. -------, გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ----- , რა დროსაც დადგინდა, რომ ხდებოდა ფ/პ ----- ს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება. აღნიშნული კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ ფ/პ ----- ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. აღნიშნული დარღვევის გამო, მას შეუდგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N-178915, რომლითაც იგი სსკ-ის 273-ე მუხლით დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 2018 წლის 9 აგვისტოდან -------რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:
ა) ინდივიდუალური მეწარმე - ფიზიკური პირი, თუ ის ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ,,სამეწარმეო“ საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.“ ფ/პ ----- ს საქმიანობა ატარებს აღნიშნული ნაწილით გათვალისწინებულ ხასიათს, რომელიც დასტურდება, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემების მიხედვით შესაბამისად, მას ეკისრება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან დაკავშირებით კი, გასათვალისწინებელია ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლი, რომლის თანახმადაც ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის (მათ შორისაა ინდივიდუალური მეწარმე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
ფ/პ ----- წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ასევე უთითებს, რომ მისთვის უცნობი იყო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები ხოლო დღეის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 31 აგვისტოს (ოქმი N73) გამართულ სხდომაზე განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლზე, რომლის თანახმად: პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა - უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; გამოავლინოს ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას.
სსკ-ის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.”
დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საქმე Nბს-222-219 (კ-14)) განჩინებაზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვით იმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ ----- ახდენდა თავისივე სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას, კერძოდ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, თუმცა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით ირკვევა, რომ -------- 2018 წლის 13 აგვისტოს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ. აღნიშნულის გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რადგან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს შეცდომით/არცოდნით განპირობებულ ქმედებას, ამდენად მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს 2018 წლის 8 აგვისტოს N178915 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ----- ს 2018 წლის 14 აგვისტოს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ფ/პ ----- ს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2018 წლის 8 აგვისტოს N178915 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხისაგან;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფ/პ აღნიშნავს, რომ ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ასევე უთითებს, რომ მისთვის უცნობი იყო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ ქ. ----------, გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ ფ/პ ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას. აღნიშნული კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ ფ/პ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. აღნიშნული დარღვევის გამო, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც იგი სსკ-ის 273-ე მუხლით დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მგადაწყვეტილებით მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 66(1); 269(7); 273