ბრძანება N27536
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27536
08 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 1 ივნისის და 1 სექტემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 1 სექტემბრის №83352/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №002-195 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ოქტომბრის №20208/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული 2023 წლის 1 ივნისის №81404/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №002-66 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან გატანილი თანხების დივიდენდად დაკვალიფიცირების შედეგად შემოწმებით დარიცხულ მოგების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №2604 და 22 მარტის №5687 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 1 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 მაისის №9740 ბრძანება და ამავე თარიღის №002–66 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 555 317 ლარი, მათ შორის გადასახადი 303 898 ლარი, ჯარიმა 161 426 ლარი და საურავი 89 993 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №002–66 საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14324 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14324 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 8 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ გადაანგარიშდა.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 აგვისტოს №002-195 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14324 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 6 ოქტომბრის №20208/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14324 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 2.04.2018 წლიდან. საზოგადოების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი შესამოწმებელ პერიოდში არ იყო საქართველოს რეზიდენტი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ ჰყავს არც დასაქმებული პირი, არც ქვეკონტრაქტორი პირი და საქმიანობას დამფუძნებელი თვითონ ახორციელებს. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მომსახურების მიღება-მიწოდების ინვოისები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტებები. კომპანიის დამფუძნებელს სხვადასხვა პერიოდში საბანკო ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის მიზნობრიობაც არ ირკვევა და რომლებიც არ არის დაბეგრილი. შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდის სახით დეკლარირებულია 1 208 940 ლარი საშემოსავლო გადასახადში. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „---“ (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 28 მარტს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კომპიუტერული დაპროგრამება. მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 2018 წლის 2 აპრილიდან. საწარმოს დირექტორი და 100% წილის მფლობელი შესამოწმებელ პერიოდში არ იყო საქართველოს რეზიდენტი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ ჰყავს არც დასაქმებული პირი, არც ქვეკონტრაქტორი პირი და დამფუძნებელი თავად ახორციელებს საქმიანობას. შპს „---მა“ შემოწმებას წარუდგინა საქმიანობასთან დაკავშირებული დოუკმენტაცია, როგორიცაა: მომსახურების მიღება-მიწოდების ინვოისები, საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტებები. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ კომპანიის დამფუძნებელს სხვადასხვა პერიოდში საბანკო ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის მიზნობრიობაც შემოწმების მონაცემებით არ ირკვევა და რომლებიც არ არის დაბეგრილი გადასახადებით.
შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდის სახით დეკლარირებულია 1 208 940 ლარი საშემოსავლო გადასახადში. ვინაიდან, შპს „---ს“ არ ჰყავს დაქირავებული პირი, არც ქვეკონტრაქტორი და ამასთანავე, დამფუძნებელი პირი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი საქართველოში შექმნილად ვერ ჩაითვლება და, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოგების გადასახადისგან გათავისუფლება არ შეეხება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „---ის“ დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან თანხების გატანა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დივიდენდად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 99-ე და 130-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით (საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული დივიდენდის გათვალისწინებით). პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ:
შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ ჰყავს არც დასაქმებული პირი, არც ქვეკონტრაქტორი პირი და დამფუძნებელი თავად ახორციელებს საქმიანობას. საწარმოს დირექტორი და 100% წილის მფლობელი შესამოწმებელ პერიოდში არ იყო საქართველოს რეზიდენტი. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში შპს „---ს“ არ უფიქსირდება სახელფასო განაცემი. ვინაიდან, შპს „---ს“ არ ჰყავს დაქირავებული პირი, არც ქვეკონტრაქტორი და, ამასთანავე, დამფუძნებელი პირი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი საქართველოში შექმნილად ვერ ჩაითვლება და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოგების გადასახადისგან გათავისუფლება არ შეეხება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
ამავე კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის №89 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უქმდება, თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებულ იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებაზე და განმარტავს შემდეგს:
- თუ ადგილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დაქირავებით მუშაობას და ხორციელდება სახელფასო განაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა რეზიდენტია თუ არა დაქირავებული;
- თუ დამფუძნებელი რეზიდენტია, არის სპეციალისტი და შემოსავალი მიღებული აქვს დივიდენდის სახით, რომელიც დაბეგრილია წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შექმნილი პროგრამული პროდუქტი უნდა ჩაითვალოს საქართველოში შექმნილად და შესაბამისად, ასევე სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმებისას ან ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდება საგადასახადო ანგარიშგებაში ცვლილება ან/და დამატების შეტანა იმდაგვარად, რომ დაკმაყოფილდება ზემოთაღნიშნული პირობები, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილი ნორმები ჩაითვლება შესრულებულად.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან გატანილი თანხების დივიდენდად დაკვალიფიცირების შედეგად შემოწმებით დარიცხულ მოგების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 1 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 მაისის №9740 ბრძანება და ამავე თარიღის №002–66 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 555 317 ლარი, მათ შორის გადასახადი 303 898 ლარი, ჯარიმა 161 426 ლარი და საურავი 89 993 ლარი.აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №002–66 საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14324 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 6 ოქტომბრის №20208/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14324 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 99; 12; 101;154; 43.