გადაწყვეტილება №24127/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24127/2/2024
18 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 16.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24127/2/2024).
დავის საგანი:
1. ავტომობილის რეალიზაციის შედეგად არსებული დებიტორული დავალიანების (16 500 ლარი), ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემად მიჩნევა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2024 წლის №081-192 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22208 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 39 658,29 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 21 580
დღგ - 6 891
მიწა - არასასოფლო - ( - 684)
მოგების გადასახადი - ( -3 485)
საშემოსავლო გადასახადი - 16 168
ქონების გადასახადი - 2 690
ჯარიმა - 7 454
საურავი - 10 624,29
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2024 წლის №081-192 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22208 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ავტომობილის რეალიზაციის შედეგად არსებული დებიტორული დავალიანების (16 500 ლარი), ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემად მიჩნევა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2021 წლის თებერვალში სასაქონლო ზედნადებით ------- რეალიზებულია ავტომობილი ტოიოტა სექუია 16 500 ლარად, აღნიშნული თანხა ფიქსირდება დებიტორულ დავალიანებაში მისი წარმოშობის მომენტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე განხორციელებული მიწოდება ჩაითვალა ფულადი სახსრების უსასყიდლო გადაცემად (ჩუქებად), ხოლო ნაჩუქარ თანხად განისაზღვრა ზედნადებში დაფიქსირებული ავტომობილის ღირებულება 16 500 ლარი. რაც 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტის მიხედვით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 103-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს არამართლზომიერად მიაჩნია ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება. უთითებს, რომ აღნიშნული თანხა დებიტორულ დავალიანებად ფიქსირდება მისი წარმოშობის მომენტიდან (2021 წლიდან) შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. აცხადებს, რომ კომპანია მუდმივად მუშაობდა და შემოწმებით მოცული პერიოდის შემდგომაც აგრძელებდა მუშაობას მის ამოღებაზე, მყიდველი თავის მხრივ აღიარებდა მას და იძლეოდა შესაბამის დაპირებას მისი დაფარვის თაობაზე, თუმცა მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და ჯანმრთელობის მხრივ შექმნილი მდგომარეობის გამო პრაქტიკულად ვერ ახერხებდა და შესაბამისად აღნიშნული დებიტორული დავალიანების დაფარვაც დროში იწელებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ხსენებული დებიტორული დავალიანება მათ კომპანიას არასდროს არ უღიარებია უიმედო დებიტორული დავალიანებად და მუდმივად ვმუშაობდით მის ამოღებაზე. როგორც აღნიშნავს, ამ ეტაპზე დებიტორული დავალიანება უკვე ამოღებულია, მყიდველის მიერ აღნიშნული თანხა დაბრუნებულია და მყიდველის ------- მიერ შესაბამისი თანხა 16 500 ლარი საზოგადოებაზე დაბრუნებული იქნა 11.09.2024 წლის. აღნიშნული ფაქტის შესაბამისი მტკიცებულება მათ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა საჩივრებთან ერთად დანართი 4 სახით (საზოგადოებს საკასო სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკისა და აღნიშნულიო შემოსავლის კომპანიის სალაროს შემოსავალში აღრიცხვის ორდერის ქსერო ასლები). გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს ჩვეულებრივ რეალიზაციას, გაყიდვა-ყიდვის ოპერაციად და მასზე, შემმოწმებელთა მიერ ფიზიკურ პირ ------- ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ჩუქების კვალიფიკაციის მინიჭება ყოველგვარ ლოგიკურ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, შესაბამისად აღნიშნულის შემმოწმებელთა მიერ აღნიშნული სამეურნეო ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა და საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული საშემოსავლო გადასახადისა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა არამართლზომიერი და არაკანონზომიერია, რომლიდანაც გამომდინარე ითხოვენ მის კორექტირებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მიერ 2021 წლის თებერვალში სასაქონლო ზედნადებით ------- რეალიზებულია ავტომობილი ტოიოტა სექუია 16 500 ლარად, აღნიშნული თანხა ფიქსირდება დებიტორულ დავალიანებაში მისი წარმოშობის მომენტიდან (2021 წლიდან) შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე.
საბჭოს სხდომაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარს დაურთეს კომპანიის ბუღალტრის ხელმოწერით დადასტურებული სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელზეც მეორე მხარის ხელმოწერა არ ფიქსირდება. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად თანხის შეტანა ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდი შემდეგ, 2024 წლის სექტემბერში. ასევე შემოწმების ეტაპზე მოთხოვნილი იქნა ურთიერთშედარების აქტი ორმხრივ დამოწმებული, თუმცა მომჩივანმა ვერ წარმოადგინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 23.08.2024 წლის №081-192 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 39 658,29 ლარი, მათ შორის, გადასახადი 21 580 ლარი, ჯარიმა 7 454 ლარი და საურავი 10 624 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ავტომობილის რეალიზაციის შედეგად არსებული დებიტორული დავალიანების ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემად მიჩნევა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
2021 წლის თებერვალში სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულია ავტომობილი 16 500 ლარად, აღნიშნული თანხა ფიქსირდება დებიტორულ დავალიანებაში მისი წარმოშობის მომენტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე განხორციელებული მიწოდება ჩაითვალა ფულადი სახსრების უსასყიდლო გადაცემად (ჩუქებად), ხოლო ნაჩუქარ თანხად განისაზღვრა ზედნადებში დაფიქსირებული ავტომობილის ღირებულება. რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: ნორმებს: 73(9); 101(2-ი); 103(1); 154(მ); 269(7);