უცხოურ ვალუტაში შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება N 1726

1726 უცხოურ ვალუტაში შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება 28.10.2015
№ დოკუმენტი 1726
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

უცხოურ ვალუტაში შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება N 1726

ფაქტობრივი გარემოებები

· გადასახადის გადამხდელის მიერ 2014 წლის 20 იანვარს, შემდგომი გადახდის პირობით, საზღვარგარეთ შეძენილ იქნა (საკუთრების უფლება გადავიდა) 10 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. შეძენის მომენტისათვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2.0-ს

· შეძენილი საქონლის იმპორტი განხორციელდა 2014 წლის მარტის თვეში, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული კურსით (1$=2,1ლ)

· საქონელი რეალიზებულია იმავე საანგარიშო წელს. გადასახადის გადამხდელმა 2014 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში ჩართო საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი. გამოსაქვით (შეძენილ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში აღნიშნული საქონელი ასახა 21 000 ლარად (იმპორტის დღისათვის არსებული კურსით)

შეფასება

· სსკ-ის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

· საქონელი შეძენილად ითვლება მასზე საკუთრების უფლების მოპოვების მომენტიდან. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქონლის შეძენა განხორციელდა შემდგომი გადახდის პირობით, უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული საქონლის ღირებულება მყიდველის მიერ უნდა აღირიცხოს საქონლის შეძენის (საკუთრების უფლების გადასვლის) მომენტისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით.

· გადასახადის გადამხდელის მიერ გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი 1 000 ლარით (21 000 - 20 000), საქონლის იმპორტისა და შეძენის (საკუთრების უფლების გადასვლის) მომენტებისათვის (დღისათვის) არსებული კურსთა შორის სხვაობით.

ღონისძიებები

· უნდა გადაანგარიშდეს გამოსაქვითი ხარჯები და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება. დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს დაეკისრება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა

სიტუაციურ სახელმძღვანელოში მითითებული ვალუტის კურსები პირობითია და არ შეესაბამება სინამდვილეს

სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს საქონლის შეძენასა და იმპორტთან დაკავშირებული სხვა ხარჯების (საქონლის თვითღირებულების) აღრიცხვის წესს